ბურჯანაძე: არჩევნებში გაიმარჯვეს ნაციონალებმა და ოცნების ნაციონალურმა ფრთამ

წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართული ოცნების ნაციონალურმა ფრთამ ბატონი კახი კალაძის მეთაურობით. ეს არის ფაქტი და ეს სამწუხარო ფაქტი ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც მმართველი გუნდი და ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებულ ქმედებაში დაადანაშაულა. 

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა იმისათვის, რომ მისთვის და მისი თანამებრძოლებისათვის არ მიეცა ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა. ბურჯანაძის აზრით, მათი მთავარი ამოცანა იყო მის გუნდს არ დაეფიქსირებინა სერიოზული შედეგები და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. 

"როგორც ჩანს კარგად ვერ გათვალა ფეხბურთელმა კალაძემ, დადგა მეორე ტური და ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ საავადმყოფოდან გამოვიდა, არამედ ძალიან მყარად დააყენა ქართულმა ოცნებამ ფეხზე." - ნათქვამია ბურჯანაძის განცხადებაში. 

ბურჯანაძე მოუწოდებს ღარიბაშვილს სერიოზულად გადახედოს საკუთარ გუნდში არსებულ რეალობას, რადგან მისი თქმით საარჩევნო შტაბმა, ხელოვნური მანიპულირებებით ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დამდგარიყო ის შედეგები, რაც დადგა. 

ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას გარიგებაში ადანაშაულებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც. 

კომენტარები