ვირტუალური პოლიტიკა

ციფრები და სიურრეალიზმი

0 კომენტარი

პოსტსაბჭოთა პოლიტიკა რისკისა და მანიპულაციის ზღვარზე მიმდინარე თამაშია. ენდრიუ უილსონი (ვირტუალური პოლიტიკა: დემოკრატიის გაყალბება პოსტსაბჭოთა სივრცეში: 2005) ამტკიცებს, რომ საზოგადოებით, ამომრჩევლით მანიპულაცია ახალი იდეოლოგიით აღჭურვილი ძველი ელიტის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. მართალია, მანიპულაცია, სიმბოლოებით თამაში და სხვადასხვა ტიპის სპექტაკლები არც დასავლეთის კონსოლიდირებული დემოკრატიებისთვისაა უცხო – მაგალითად, აშშ-ის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია სატელევიზიო შოუების სერიაა, რომლებშიც კანდიდატები საზოგადოებას შემდგომი სატელევიზიო შოუს დაფინანსებას სთხოვენ – მაგრამ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში (რამდენიმე იღბლიანი გამონაკლისის გარდა) მანიპულაციამ განსაკუთრებულად ცინიკური ფორმა მიიღო.

როგორც ზემოხსენებული წიგნის ავტორი შესავალშივე აღნიშნავს: „სიმბოლურია, რომ მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტტექნოლოგიების სააგენტოს სახელია „ნიკოლო-მ", ნიკოლო მაკიაველის პატივსაცემად და მის პორტრეტს საკუთარ ემბლემად იყენებს". ნიკოლო მაკიაველი კი მე-15 საუკუნის ჰუმანისტია, რომელსაც არცთუ ისე „ჰუმანური" შეხედულება ჰქონდა ადამიანის ბუნებაზე და თავის მთავარ ნაშრომში, რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც „მთავარი", პოლიტიკურ ლიდერებს ლიდერობის შესანარჩუნებლად ასეთ რჩევებს აძლევს: „სიყვარული და პატივისცემა ერთდროულად იშვიათად გვხვდება, ამიტომ უმჯობესია ხალხს შენი [ლიდერის] ეშინოდეს, ვიდრე უყვარდე" და მეორე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მსჯელობისათვის: „სჯობს ღირსეული პიროვნების სახელი გქონდეს, ვიდრე მართლა ღირსეული იყო, მაგრამ ამას არავინ გიფასებდეს".

უილსონის ეს წიგნი 2005 წელსაა გამოცემული. მისი მთავარი ფოკუსი რუსეთია, სადაც, ისტორიულად, თვითმარქვიას (Самозванец) პერსონაჟი დიდი პოპულარობის მქონე კულტურული ფენომენია, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობა – „დიდი კომბინატორი" – დიდი აღფრთოვანების ობიექტი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე კი აღნიშნავს, რომ ისინი ეკონომიკურად ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ ხელისუფლებამ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე მედიაპროექტები წამოიწყოს. შესაძლოა, ეს შეფასება 2005 წლის საქართველოს შეეფერებოდა, მაგრამ მას შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა მოთამაშე, რომლის მთავარი კოზირიც სწორედ „დიდი ფულია".

მანიპულაცია ორლესული სამართებელია, რომელიც თუ დააკელი ან ზედმეტი მოგივიდა, მთელი შრომა წყალში ჩაგეყრება. აქ მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რამდენი შეიძლება „გაგივიდეს" და ზუსტად იმდენი უნდა გააკეთო, რამდენიც გაგივა – არც მეტი, არც ნაკლები. მესიჯებს, რომლებიც საზოგადოებაში იგზავნება, შესაძლოა იმის სრულიად საპირისპირო შედეგი ჰქონდეს, ვიდრე განზრახული იყო. საზოგადოება არაა ობიექტი, რომელიც ინფორმაციას პასიურად იღებს. პოზიტიური მესიჯი შეიძლება შეტრიალდეს, უიმედობისა და აპათიის მიზეზი გახდეს. ამის მაგალითებია პრორუსული საზოგადოებების გააქტიურება ბოლო ხანებში, მაშინ როცა წლების განმავლობაში ხელისუფლება ჯიუტად გვარწმუნებდა, რომ ევროპელებზე არანაკლები ევროპელები ვართ. არ შეიძლება საზოგადოებას გამუდმებით ერთი და იგივე უჩიჩინო, თუნდაც ეს აბსოლუტური ფასეულობა იყოს, თორემ 2008 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსენებაზეც კი კამერების მოურიდებლად ახითხითდებიან ივანიშვილი და ნორლანდი – ორი ადამიანი, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო.

საბჭოთა პერიოდში საზოგადოება და ხელისუფლება ერთმანეთთან მუდმივი ადაპტაციის პირობებში არსებობდნენ: ხელისუფლების გამოგონილ ინსტრუმენტებს (პროპაგანდა/აგიტაცია) საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ცნობიერად თუ არაცნობიერად შიფრავდა და ეს ინსტრუმენტები ხელისუფლებისათვის კონტრპროდუქტიული ხდებოდა. მაგრამ შემდეგ ხელისუფლება ახდენდა ადაპტაციას საზოგადოების ამ წინწასულ ცნობიერებასთან, გმობდა ყავლგასულ წარსულს (Оттепель, Гласность) და ახალ მიზნებს სახავდა (Косыгинская реформа, Перестройка). ფრანგი ისტორიკოსი ალენ ბეზანსონი ამტკიცებს, რომ სწორედ გლასნოსტის პოლიტიკამ დაანგრია საბჭოთა კავშირი, რადგანაც პირობებში, როდესაც წარსულის შავბნელ ეპიზოდებზე მსჯელობა დაუშვეს, შეუძლებელი გახდა საზოგადოებაში სიურრეალისტური განცდის შენარჩუნება. შედეგად: აღარ იყო სიურრეალიზმი – აღარ იყო საბჭოთა კავშირი.

დღეს, ჩვენს „ერთგვარ დემოკრატიაში" გაირკვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანია და პოლიტიკურ სცენაზეც სხვადასხვა ძალები კონკურირებენ. ამიტომ, თუ საბჭოთა პერიოდში საზოგადოებრივ თამაშს ორი მონაწილე და ერთი კონფლიქტური ნარატივი ჰქონდა, დღეს, უხეშად რომ ვთქვათ, ოთხი მონაწილე და ორი კონფლიქტური ნარატივი გვაქვს. ამიტომ, შესაძლოა, საბჭოთა მაკიაველურ-ცინიკური მეთოდები შენარჩუნებულია, მაგრამ მათი გაშიფვრა ორჯერ უფრო რთული გახდა.

ამ სტატიის აქცენტი წინასაარჩევნო დაპირებებში გამოყენებული ციფრებია, რომლებიც ახალი პოსტსაბჭოთა სიურრეალიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. ერთ-ერთი დაპირების ანალიზით მინდა დავიწყო, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და, გარკვეული აზრით, ქართული პოლიტიკური კულტურისათვის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს:

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი – დავით გამყრელიძე – ყველაზე უფრო თანმიმდევრულად და აქტიურად იყენებდა რელიგიურ თემას თავის წინასაარჩევნო კამპანიაში. მისი სლოგანი იყო „ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა" და „ღვთის რწმენით ვაშენოთ საქართველო". გამყრელიძე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰპირდებოდა ბოლშევიზმის მიერ მიყენებული ზარალის 33 მილიონი ლარით კომპენსაციას. რა თქმა უნდა, ბოლშევიკური იდეოლოგიისა და პარტიის მიერ მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება მნიშვნელოვანი საკითხია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, მაგრამ რატომ 33 მილიონი? ვინ დაითვალა? როგორ და რა მოდელის მიხედვით დაითვალა? როგორ საბუთდება, რომ ეს ზარალი 33 მილიონია და არა 35 ან 50 მილიონი? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ეს უბრალოდ რიცხვია. რიცხვი, რომელიც ითქვა.

გამყრელიძემ ხმათა 4% მიიღო. ნამდვილად არაა ის შედეგი, რომელიც მისი კამპანიის ექვსი წლის შემდეგ გახსენების მიზეზს მოგვცემდა, მაგრამ აქ მინდა რიცხვ 33-ზე გავამახვილო ყურადღება. ეს რიცხვი უბრალოდ არ ითქვა, მასში გარკვეული აზრი ჩაიდო. 33 მილიონი უნდა გადაეცეს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქ მთელი აზრი რიცხვ 33-შია:

იესო ქრისტემ 33 სასწაული მოახდინა.
იესო ქრისტე 33 წლის იყო, როცა ჯვარს აცვეს.
Amen-ის რიცხვული ჯამი 33-ია (1+13+5+14=33).

ამით არ სრულდება 33-ის სიმბოლიკა ქრისტიანულ რელიგიაში. დანარჩენისათვის შეგიძლიათ Wikipedia-ს მიმართოთ. მაგრამ რატომ გახდა ეს რიცხვი წინასაარჩევნო დაპირების საგანი? ზარალის ანაზღაურება ხომ რაციონალურ გათვლას უნდა ეფუძნებოდეს? რა თქმა უნდა, ზარალის სიმბოლური ანაზღაურებაც არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში სიმბოლურად მცირე თანხებთან გვაქვს საქმე, მაგალითად, სიმბოლურად 1 ლარით ანაზღაურება. შეუძლებელია ზარალის სიმბოლურ ანაზღაურებაზე ვილაპარაკოთ, როცა საქმე 33 მილიონთან გვაქვს. 33 მილიონს სიმბოლურად არ ხარჯავენ. 33 მილიონს გათვლა-გაანგარიშება სჭირდება.

გამყრელიძემ ვერ გათვალა. ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ უარყოფითი ქრისტიანული სიმბოლოებია ქმედითი მასობრივი მობილიზაციის თვალსაზრისით: არა ქრისტეს სასწაულები, რომლებიც ექსკლუზიურად ჰუმანური იყო (განკურნება, მკვდრეთით აღდგომა და ა.შ.), არამედ სოდომისა და გომორის განადგურების სადამსჯელო აქტი; არა Amen-ის 33, არამედ მხეცის 666.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ეს მაგალითი ერთგვარ სიბრალულით სავსე პატივისცემას იწვევს იმის ფონზე, რაც დღეს ხდება რიცხვებთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, 33 მილიონი არც ისეთი დიდი რიცხვია, რომ ამ დაპირების შესრულება შეუძლებელი იყოს, თან სიმბოლურია. დღეს კი რიცხვები აწყვეტილი ჰიპერბოლიზაციის საგანი გახდა, რომელიც ის კი არა, რომ ლოგიკას აღარ ემორჩილება, არამედ უკუღმართ ლოგიკას მისდევს და სწორედაც სიურრეალიზმის კანონებში ჯდება.

საბჭოთა პერიოდში შემუშავებული სახალხო სიბრძნე ამბობს, რომ უნდა მოითხოვო ბევრი იმისთვის, რომ ცოტა მაინც მიიღო. იმავე ლოგიკაზეა აწყობილი მოსაზრება, რომელიც ჰერცოგ ფრანს ფერდინანდს მიეწერება, თითქოს 100 ქალს რომ სთხოვო შენთან სექსი იქონიოს, აქედან ერთი მაინც დაგთანხმდება. ეს უკანასკნელი დაკვირვება არ ამართლებს (იხ. youtub.com-ზე). მგონი არც პირველი ამართლებს. თუმცა კი ძლიერაა გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში. სწორედ საქმისადმი მსგავსი მიდგომით აიხსნება საპროტესტო აქციებზე „გამწარებული" სუბიექტების 200%-ით გამოხატული აღშფოთება, რომლის შედეგიც ხმაჩახლეჩილი და გულწასული ქალბატონებია ხოლმე. და რაც მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა ამ ლოგიკასთან ადაპტაცია მოახდინეს: დაჰპირდი რაც შეიძლება ბევრს, და მისცემ იმედს, რომ ცოტას მაინც შეასრულებ.

აბა, სხვა რით უნდა აიხსნას:

1 ლარით ბენზინის გაიაფება?
100 საწარმოს გახსნა?
1 000 000 ხის დარგვა თბილისში?

ამ სამ მაგალითში აბსურდი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მაგრამ გარდამტეხი ეტაპი სწორედ 100 საწარმოს გახსნის დაპირება იყო, რომელიც თავდაპირველად ჟღერდა, როგორც 60 საწარმოს გახსნის პირობა. როგორც კი შეუძლებელი გახდა იმის დამალვა, რომ 60 საწარმოს გახსნა არარეალური ამოცანა იყო, ლოგიკურად ეს ციფრი უნდა შეემცირებინათ და ეთქვათ, რომ 60-ის ნაცვლად 30-ს ან 10 საწარმოს გახსნიდნენ. ამის ნაცვლად კი 60 ქარხნის არარეალური ამოცანა 100 ქარხნის ამოცანით ჩანაცვლდა. ეს კი უკვე სიურრეალიზმის ჟანრს ეკუთვნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები