რუსეთი

პარაზიტიზმი ანუ, რას ეყრდნობა რუსული პოლიტიკა საქართველოში

პარაზიტიზმის თემას იმიტომ მოვუბრუნდი (იხილეთ ჩემი სტატია „პარაზიტიზაცია" ჟურნალ ტაბულას 2012 წლის ოქტომბრის ნომერში), რომ ვაჩვენო, სინამდვილეში რა დგას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დაახლოების იდეის უკან.

„ნაჩალნიკური" აზროვნება, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა სხვა ხალხების მიმართ, არ ქმნიდა თანამშრომლობისა და პატივისცემის ატმოსფეროს. ამის პარალელურად ხდებოდა ელიტის მოსყიდვა და მოქრთამვა სხვადასხვა ხერხებით, რუსეთის განსაკუთრებული როლის და მის ხარჯზე ცხოვრების სარგებლიანობის პროპაგანდის სანაცვლოდ.

პოლიტიკური პროპაგანდა და საბჭოთა სკოლა კი გვიყიჟინებდა რუსი ერის განსაკუთრებულ როლს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო. ის, რაც ნამდვილად გვაერთიანებდა – რუსული ენა – უბრალოდ სავალდებულოც იყო და იძულებით პრაქტიკულიც, რადგან საბჭოეთა ბოროტების იმპერიაში უცხოეთში წასვლა საერთოდ აკრძალული გვქონდა. ახლა უკვე ადვილად ვეჩვევით რუსებთან და სხვა მეზობლებთან სხვა ენებზე ურთიერთობასაც.

საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში და დამოუკიდებლობის დასაწყისში ვიხილეთ ზოგიერთი პროფესიის ადამიანების პატრონყმური დამოკიდებულება. ზოგი დღემდეც გვიყიჟინებს რუსეთთან ჩვენს განსაკუთრებულ მენტალურ და სულიერ ერთობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომელიც ამას მთლად არ ადასტურებს. პირიქით, ბევრი რამ, რაც ქართველების მენტალიტეტს ბრალდებოდათ, ახლა სხვანაირად დავინახეთ. მაგალითად, კორუფცია ქართული მენტალიტეტის ნაწილად მიგვაჩნდა – იმავე რუსული პროპაგანდის გამო. ახლა ბევრი სისულელე უნდა ჩავიდინოთ, კორუფციის იმავე დონეზე რომ დავბრუნდეთ, რაც სულ რაღაც 10 წლის წინ გვქონდა – ხალხს აღარ სჯერა კორუფციის სარგებლიანობის.

დამოუკიდებლობამ და, განსაკუთრებით, სწორმა პოლიტიკამ ბევრ რამეზე შეაცვლევინა ხალხს აზრი, მათ შორის – სხვის ხარჯზე ცხოვრებაზეც. მაგალითად, მნიშვნელოვანია მკითხველმა კარგად გაიაზროს ერთი ფაქტი, რომელიც 2008 წლის მაისში მოხდა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისი თბილისში დაიხურა, რადგან ქვეყანას აღარ სჭირდებოდა მისი მხარდაჭერა (სხვათა შორის, ამავე წელიწადს ფონდმა ისევ აღადგინა თავისი საქმიანობა საქართველოში, რისი ძირითადი მიზეზი პოლიტიკური იყო. მეტიც, ერთი გავრცელებული „ხმის" მიხედვით, სსფ-ში ამ გადაწყვეტილებას რუსეთის წარმომადგენელი განსაკუთრებით დაჟინებით უჭერდა მხარს).

ეს ფაქტი (სსფ-ის მიერ ქვეყნის დატოვება) მნიშვნელოვანი იყო ორი რამის გამო: 1. ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა წარმატებული იყო (აქ არ მოვიყვან ამის მრავალ დასტურს), 2. ქვეყანამ შეძლო ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა, რომ თითქოს სსფ-ის და დონორების გარეშე ვერ გადარჩებოდა. საქართველომ გადაწყვიტა საკუთარ პარაზიტულ წარსულს დამშვიდობებოდა (აბა, როგორ არ გააღიზიანებდა ეს რუსეთის ხელმძღვანელობას?).

ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რაც ახლა ჩვენი ერის მომავალს განსაზღვრავს. ჩემი აზრით, პარაზიტიზმია, რაც გარკვეულ ადამიანებს რუსეთს ლამაზ ფერებში აჩვენებს. მათ ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ შეიძლება დიდ რუსეთში ისევ ჩახვიდე ჭაჭით დატენილი ჩემოდნებით და წამოიღო მილიონები საქართველოში კარგი საქმეების საკეთებლად. რეალურად, ეს ადამიანები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ამ პირობებში მათ ექნებათ ელიტის ფუნქციები, რომლებიც მოაწესრიგებენ რუსულ ინტელიგენციასთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს. აღარ დაგვჭირდება, მაგალითად, საერთაშორისო ბანკებთანაც ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე მუშაობა – რუსები ყველაფერს გვაჩუქებენ, ოღონდ ჩვენ მოვინდომოთ.

პარაზიტული მოვლენები ევროკავშირმაც შექმნა. ამის მკაფიო მაგალითი საბერძნეთის კრიზისი და მისი მომდევნო მოვლენებია სხვა ქვეყნებში. სხვის ხარჯზე ცხოვრება იმდენად მიმზიდველი გახდა, რომ ახალი წევრების ლიდერები არც კი მალავენ – სწორედ ამისთვის მიიჩქარიან ევროპაში.

თვითონ ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულია. მათ მიერ აღებული სახელმწიფო ვალები უკვე აღემატება ქვეყნის სიმძლავრეებს, მთავრობის დაუფინანსებელი ვალდებულებების ზომა ბევრგან მრავალჯერ(!) აღემატება ეკონომიკის (აბა, მთავრობას საიდან აქვს ფული) შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი სხვის ხარჯზე ცხოვრების სიამტკბილობიდან მოდის, რომელსაც „მოფერებით" welfare state შეარქვეს. აშშ-ში მოსახლეობის 50% მეორე ნახევრის ხარჯზე ცხოვრობს, ევროპაში – უმრავლესობა უმცირესობის ხარჯზე, სხვადასხვა პროპორციით, ვალები კი რეაქტიული სისწრაფით იზრდება.

ასეთმა მოვლენებმა სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია ევროკავშირის შიგნით. მაგალითად, ზოგმა საკუთარ მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა, სხვა ქვეყნების დახმარების არაკონსტიტუციურობის მტკიცებით. ზოგმა პარტიაც კი შექმნა ევროსკეპტიკოსების, რამაც მრავალსაუკუნოვანი პარტიები შეაშფოთა. ზოგ ქვეყანაში კი ბრიუსელის პოლიტიკისადმი უკმაყოფილებას მთავრობის გადადგომა მოჰყვა.
ამ მოვლენებამდე გაცილებით ადრე სულ მიკვირდა, როგორ მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიც გამოირჩევა ინდივიდუალისტური და ოფიციალური კანონებისადმი არასერიოზული დამოკიდებულებებით, რომ კომუნისტები არა მარტო მთავრობაში იყვნენ, არამედ ხანდახან მეთაურობდნენ კიდეც მას. დაუჯერებელია, მაგალითად, იტალიელების მიდრეკილება კომუნიზმისკენ – მათი კოლექტივისტური მიდრეკილებები არ აღემატება ბრიტანულს, სადაც კომუნისტებს არასდროს მოუგიათ არჩევნები.

როდესაც ამ კითხვას ვსვამ, ცხადია, საბჭოთა საქართველოც მახსენდება – რამდენად არ სჯეროდათ ადამიანებს კომუნიზმის. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქართველებს სერიოზული კოლექტივისტური მიდრეკილება ჰქონოდათ. სინამდვილეში ეს ალბათ სხვის ხარჯზე ცხოვრების ბედნიერების პროპაგანდის შედეგი იყო (მარქსისტული კომუნიზმი სწორედ ასეთ სამოთხეს გვპირდებოდა).
როგორც კი ასეთი პროპაგანდა შეჩერდა ამ რამდენიმე წლის წინ, მაშინვე გაქრა ეს მიდრეკილებაც. კორუფციაც შემცირდა, ბიზნესებს შესთავაზეს ღია და ადვილი წესები, მეტი კონკურენცია, მაგრამ ნაკლები დახმარებები, პრივილეგიები და შეღავათები (ცალკეულ გადახრებს გამოვტოვებ, თორემ მაშინ უსამართლობა იქნება, სხვა ქვეყნებში რა გადახრები ხდება, ის არ აღვწერო: საგადასახადო-პოლიტიკური თავგადასავლები, ცნობილი ფეხბურთელების, ფორმულა-1-ის, ბანკირების დევნა და სხვა). და შედეგად მეწარმეობის ნამდვილი ბუმი მივიღეთ, ინდივიდუალური საწარმოების შექმნის მკვეთრი ტენდენციით.

ამიტომ, ახლა უკვე ნაკლებად მჯერა ამ პრობლემის მენტალიტეტთან კავშირის. სწორი ინსტიტუტების გაცილებით მეტად მწამს, ასევე, მცირე მთავრობის და ეკონომიკაში მისი ჩაურევლობის. ადამიანის თავისუფლებას კი ალტერნატივა არ აქვს.

ახლახან ათენში სერიოზული ხალხი მეკითხებოდა, რამდენად საშიშია რუსეთის მთავრობასთან ეკონომიკური პროექტები და მე შევეცადე მკაფიოდ ამეხსნა ასეთი პროექტების პარაზიტული ხასიათი.

საქართველოში, როდესაც დღევანდელ რუსეთთან დაახლოების მომხრეებს პარაზიტებს და მოღალატეებს დაუძახებენ, ზოგს ალბათ ეჩვენება, რომ ეს გადაჭარბებულია. ასე ვინც ფიქრობს, შორს გახედვა მაინცდამაინც არ უყვარს. უმეტესობა მათგანი ჩვეულებრივი ადამიანია (აგენტურას არ ვგულისხმობ), სხვის ხარჯზე ცხოვრების სურვილიც არ წარმოადგენს დიდ საოცრებას (როგორც ზემოთ აღვწერე, ამაში არ ვართ ორიგინალური). მაგრამ შორს გახედვა თუ ეზარებათ, შეუძლიათ უკან გაიხედონ და გაიხსენონ, რამდენად ცუდი და უსარგებლოა მონობის და პარაზიტობის პოლიტიკის პროპაგანდა.

კოლექტივისტურ პარაზიტიზმს სხვადასხვა გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს. მისი საყრდენი ყოველთვის პოლიტიკური პროცესის ის ნეგატიური ხასიათია, რომელიც პოლიტიკოსებს მოკლევადიანი პრიორიტეტებისკენ უბიძგებს. ამიტომ, თუ მთავრობა კანონით არ იქნება შეზღუდული, რათა სხვის ხარჯზე ცხოვრების და რესურსების გადანაწილების პოლიტიკა არ დანერგოს, პოლიტიკოსები ყოველთვის დაჰპირდებიან ხალხს უფასო სამოთხეს დედამიწაზე.

გამონაკლისიც შეიძლება ხდებოდეს – გამოჩნდეს ისეთი ლიდერი, რომელიც საკუთარი პოპულარობით დააჯერებს ხალხს, რომ სხვის ხარჯზე პარაზიტულ ცხოვრებას სჯობს საკუთარი პრესტიჟით, ღირსებით, ინიციატივით და შრომით ცხოვრება. მაგრამ ასეთი რამ აღარ ხდება, ან თითქმის აღარ ხდება. წესი უკვე ისაა, რომ პოლიტიკოსები ჰპირდებიან და ყველა ღონეს ხმარობენ დაპირებების შესრულებისთვის, თუნდაც ეს მრავალმილიარდიანი ვალების დაგროვებად დაუჯდეთ მომავალი თაობებისათვის გადასახდელად. სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამას ისინი მაინც გააკეთებენ მიუხედავად იმისა, კანონით აკრძალულია თუ არა, როგორც ეს ახლა აშშ-ში ხდება (სახელმწიფო ვალის ჭერის მუდმივი ამაღლებით).

პოლიტიკოსების „ახლომხედველობის" გარდა, პოლიტიკურ პროცესს სხვა უარყოფითი მოვლენებიც ახასიათებს, რომელიც პარაზიტულ პოპულიზმს უწყობს ხელს. მაგალითად, კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელიც, ფაქტობრივად, უპასუხისმგებლობას ნიშნავს. ამის შესახებ ადრეც დამიწერია, როდესაც დემოკრატიას ვაკრიტიკებდი. სარგებელი კონცენტრირებულია, ხოლო დანახარჯი გაფანტული. ანუ ის, ვინც ლობირებს პარაზიტულ ინსტიტუტებს, კარგად ერკვევა იმაში, ვისი სარგებელი ჩნდება და ვის ხარჯზე.

პარაზიტული დახმარებების პროგრამები, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტებში და სხვა, სინამდვილეში ილუზიას შექმნის, რომ მთავრობა ხალხზე ზრუნავს და მოგებული მხოლოდ კონკრეტული მთავრობა იქნება, ხოლო ადამიანებს შესაძლებლობა დაეკარგებათ, თვითონ იზრუნონ ნორმალურ ჯანდაცვაზე და განათლებაზე, რადგანაც გადასახადებმა მათი თავისუფალი რესურსები „შეჭამეს".

მომავალში, პარაზიტული პროექტების მიერ დაგროვილ ვალებს ახალი თაობები გადაიხდიან და ამიტომ, მათაც არ ექნებათ ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება. თუმცა, ამაზე ხალხი რამდენიც უნდა გააფრთხილო, გამოვლენ უპასუხისმგებლო (ანუ კოლექტიურად პასუხისმგებელი) პოლიტიკოსები და ისევ დააჯერებენ, რომ ვალებს მათზე ზრუნვის გამო იღებენ და სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა ასეთი (პარაზიტული) პროექტების დაფინანსება.

რუსეთი დაგვპირდება მის ხარჯზე ცხოვრებას, თუმცა ამაში ძვირი უნდა გადავიხადოთ. რუსეთთან მეგობრობა სარგებლიანი იქნება გარკვეული პოლიტიკური ელიტისთვის, დანახარჯი კი ექნება ხალხს – მათი ცხოვრების კონდიციები კი არ გაუმჯობესდება, არამედ მხოლოდ ვიწრო ჯგუფის. მეორე მხრივ, პარაზიტული ურთიერთობები კარგი შესაძლებლობაა რუსეთისთვის, ადვილად მართოს საქართველო სარგებლის მიმღები ელიტის საშუალებით, ისე, როგორც ამას საკუთარი ფედერაციის წევრების შემთხვევაში ახერხებს. ამიტომაა, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს არაპარაზიტული ცხოვრების წესი – აბა, მაშინ როგორ მართავ?

ღვინის გაყიდვა გინდა რუსეთში? ღვინის მეტი რა არის მსოფლიოში, რაღა ქართული იყიდონ რუსებმა. თუ მაინც გვინდა რუსეთში ღვინის გაყიდვა, მაშინ საქართველომ გარკვეული დათმობები უნდა გააკეთოს. ვის ხარჯზე? ხალხის ხარჯზე, მომავალი თაობების ხარჯზე.

რუსეთთან „ნორმალიზებული" და სპეციალური სავაჭრო ურთიერთობის ნაცვლად, საქართველოს აუცილებლად მეგობრული პოლიტიკა და თავისუფალი ვაჭრობა უნდა ჰქონდეს ყველა ერთან. რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა ქმნიდეს რაიმე ახალ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ვალდებულებას. იგი პრინციპულად და მკაფიოდ უნდა შეესაბამებოდეს ოკუპანტთან ურთიერთობას.

კომენტარები