პრემიერი: მარნეულის პროვოკაცია იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრ სიკეთესთან ერთად მოიტანა ის სიკეთე, რომ არჩევნების გაყალბებას ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ დაუსვა წერტილი". როგორც ღარიბაშვილმა ქართული ოცნების გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, ხელისუფლებამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და გარკვეული ხარვეზები დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. საქართველოს პრემიერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სააერჩევნო ყუთში გამზადებულ ბიულეტენებს ყრიან.

"ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება. სამ რაიონში, სადაც დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ დააკავა 10 ადამიანი, რომელთა წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ასევე 4 ადამიანი - ადმინისტრაციული წესით. სამწუხარო იყო ის, რაც ვიხილეთ გუშინ, მარნეულის პროვოკაცია, ეს იყო მორიგი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრ სიკეთესთან ერთად მოიტანა ის სიკეთე, რომ არჩევნების გაყალბებას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა საბოლოოდ წერტილი. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ არჩევნებზე უნდა ყოფილიყო დასურათებული სიები", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა 60 000 ადამიანის სიაში ჩასმაზე, რადგან მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

"ამ ფონზე, ბრალდება, რომ ჩვენ ვცდილობდით გაყალბებას რომელიღაც ოლქში, რომელიღაც უბანზე, რომელიც აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, იმ ოლქში, სადაც ჩვენი კანდიდატი გვყავდა მოხსნილი და ამის რჩევა მიცემული გვქონდა, არის აბსურდი და კიდევ ერთხელ მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, საარჩევნო უბანზე როგორ ყრიან ყუთში საარჩევნო ბიულეტენებს. ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განმარტებით, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე უბანზე ბიულეტენებს "ქართული ოცნების ადგილობრივი დეპუტატის ნათესავი" ნაზიმ ალიევი ყრის. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს მარნეულის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ჯაბრაილ იუსუბოვის ცოლისძმა ნაზიმ ალიევი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იუსუბოვის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან ის არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია ქართული ოცნებიდან, როცა კოალიციის მტკიცებით, ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია. 

მარნეულში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება

კომენტარები