რუსეთი

რუსული ომის ახალი მეთოდები და მათი გავლენა საქართველოზე

თანამედროვე რუსეთი დასავლეთის ქვეყნებზე სუსტია. მიუხედავად ამისა, ის ახალი თაობის ომის მეთოდებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. ეს მეთოდები შორს დგას ომის ტრადიციული გაგებისგან და მოიცავს მტერზე ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას. იმის გამო, რომ ამერიკას ამის საპასუხო სტრატეგია არ გააჩნია, ომის გაგების ეს ახლებური მიდგომა საფრთხის შემცველია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის – საქართველოსთვისაც.

ძალის ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებები სამხედრო და ეკონომიკური ძალაა. სამხედრო თვალსაზრისით აშშ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. 2013 წლის მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო ხარჯი 640 $ მილიარდია, რაც მშპ-ის 3.1%-ს შეადგენს. იმავე წლის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის ხარჯი იყო 87.8 $ მილიარდი – მშპ-ის 4.1%. რაც შეეხება ეკონომიკურ ძლიერებას, აშშ-ის წილი მსოფლიო მშპ-ში 19.31%-ს შეადგენს, რუსეთისა კი – 2.94%-ს.

ამ მონაცემების მიუხედავად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, არცთუ უსაფუძვლოდ ჩნდება კითხვა, არის თუ არა დღეს ღმერთი კვლავინდებურად დიდი ბატალიონების მხარეს, როგორც ამას თავის დროზე კლაუზევიცი ამტკიცებდა.

ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში დივერსიული საქმიანობა – ამ პროცესებზე დასავლეთის ქვეყნების საპასუხო რეაქციებისა და რუსეთის თანამედროვე სამხედრო ლიტერატურის შესწავლით, ლატვიელი ანალიტიკოსი იან ბერზინში მიდის იმ დასკვნამდე, რომ დღეს კრემლი ომის კონვენციური ფორმების პარალელურად ახალ მეთოდებს ითვისებს.

რუსეთის უახლესი სტრატეგია გონებას უმნიშვნელოვანეს ბრძოლის ველად მიიჩნევს. მტრის დასუსტება უნდა მოხდეს ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომებით, მორალური ზეწოლით, რის შედეგადაც მცირდება მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენების საჭიროება. ამ პოლიტიკით, ფიზიკური კონფრონტაციისგან თავის არიდებით, მტერზე გამარჯვება ხდება არაპირდაპირი, ასიმეტრიული მეთოდებით.
ომის ტრადიციული გაგებით, სახეზე უნდა გვქონდეს ომის ოფიციალური გამოცხადება, ფრონტის ხაზის გახსნა, სამხედრო შეტაკებები, რომელიმე მხარის დამარცხება, სამშვიდობო მოლაპარაკებები, რეპარაციები. რუსეთის 21-ე საუკუნის ომს არ გააჩნია ფრონტის ხაზი. მოწინააღმდეგის ლიდერების გონება იმდენად დასუსტებულია, რომ მტრისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა არც განიხილება.
რუსეთის მოკლევადიანი მიზნები ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დასავლეთისკენ სწრაფვის ხელის შეშლა და ძველი გავლენის აღდგენაა. საბოლოო მიზანი კი არსებული წესრიგის დამხობაა. იმის გამო, რომ რუსეთს, როგორც რევიზიონისტულ სახელმწიფოს, ამერიკასთან პირდაპირი კონფრონტაცია არ შეუძლია, ამ მიზნების მისაღწევად ის მიმართავს მცირე პროვოკაციებს პერიფერიებზე და ცდის, თუ რამდენად არის მზად აშშ, დაიცვას და შეინარჩუნოს არსებული წესრიგი. რადგანაც სუსტ პერიფერიებზე გამოყენებული ხისტი ძალა გლობალური მიზნების მისაღწევად საკმარისი არ არის, რუსეთი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს „რბილ ძალას".

რუსეთის პოლიტიკური ელიტა მიხვდა, რომ გლობალიზებულ სამყაროში წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ძლიერი იმიჯის და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. ამიტომაც, ეს ამერიკული კონცეფცია რუსეთის საგარეო პოლიტიკაშიც დამკვიდრდა.

საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისთვის რუსეთს სჭირდება მუდმივი „გოლდშტეინის აგენტები" (ემანუელ გოლდშტეინი – ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის „1984" პერსონაჟი, რომელიც ოკეანიის სახელმწიფოს მთავარი მტერია), რომლის სახეც დღეს ამერიკაა. აშშ არის საფრთხე, რომელიც იწვევს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისებს, გაეროს მანდატის გარეშე ერევა რეგიონულ კრიზისებში და დემოკრატიის დაცვის ლოზუნგს ამოფარებული არღვევს სუვერენიტეტის პრინციპს. მუდმივი მტრის ხატის არსებობის კარგი გამოვლინებაა ვლადიკავკაზში „ამერიკისა და NATO-ს დანაშაულების მუზეუმის" გახსნა.

რუსული „რბილი ძალის" მთავარი ფრონტი პროპაგანდაა, რაშიც ის უამრავ ფულს ხარჯავს. მეთოდი გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს მედიაზე და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის წვდომას რუსულ სატელევიზიო არხებთან. ინფორმაციული ომის მიზანია, თითოეული მოსახლის აზროვნებაში შეიცვალოს რეალობის აღქმა ისე, რომ მას არ შეეძლოს საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის დაცვის ინტერესით მოქმედება. ამ ინფორმაციული ომის შედეგად იქმნება სასურველი ეკონომიკური, დიპლომატიური თუ სამხედრო ფონი.

რუსული ტაქტიკა ძალის მთელ სპექტრს მოიცავს. სხვადასხვა ტიპის ზეწოლითა და დეზინფორმაციით ხდება ისედაც სუსტი მოწინააღმდეგის ლიდერების დაბნევა, რის შედეგადაც მათ გადაწყვეტილების მიღების უნარი ეკარგებათ. ამას მოჰყვება დაშინება და მოსყიდვა, რათა ამ ლიდერებმა უარი თქვან საკუთარ პოზიციებზე. შემდეგი სამიზნე მოსახლეობაა. პროპაგანდისა და გაწვრთნილი პროვოკატორების მეშვეობით მოსახლეობის ნაწილში რუსეთის სასარგებლოდ იცვლება განწყობები.

ამ ფაზების შემდეგ მეთოდები უფრო ხისტდება. სამთავრობო შენობებისა და სამხედრო ბაზების ბლოკადას მოჰყვება კიბერშეტევები და საერთაშორისო ასპარეზზე მიმართული პროპაგანდა. ამ ფაზების წარმატების შემდეგ უკვე მზა ნიადაგია სამხედრო შეტაკებების დასაწყებად. საბოლოოდ, დარჩენილი მტერი, რომელიც ისედაც მცირერიცხოვანი იყო ინფორმაციული ომის შედეგად, ხისტი ძალის გამოყენებით ნადგურდება.

აშშ-ის თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორის სებასტიან გორკას მიხედვით, რუსული სტრატეგიის ეს ახალი ტაქტიკა „ტოტალური ომის" ფორმაა, რომელსაც „შეხების წერტილი" არ გააჩნია. საინტერესოა, რომ ძველი ჩინელი სტრატეგოსი სუნ ძი საბოლოო გამარჯვებად ბრძოლის გარეშე მოგებას მოიაზრებს.

„მწვანე კაცუნები" რუსული ოკუპაციის ახალი ფორმაა. ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა ანონიმური არმია, რომელიც ნახევარკუნძულზე „უსაფრთხოებას იცავს". სამხედროები თავაზიანები არიან, ბავშვებთან ერთად მოცინარი სახით სურათებს იღებენ, არ არბევენ სახლებს და არ იპარავენ პროდუქტებს. „მწვანე კაცუნები" შეიქმნა იმისთვის, რომ ერთდროულად ერთმანეთის საწინააღმდეგო მიზანს ემსახურებოდეს – იყოს ანონიმური, თან იდენტიფიცირებადი, იყოს თავაზიანი, მაგრამ საშიში, ჰგავდეს რუსულ არმიას, მაგრამ განსხვავებული იყოს რუსული არმიისგან.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, წლების განმავლობაში ამზადებდა ნაყოფიერ ნიადაგს „მწვანე კაცუნებისთვის". ანაფორიანი „შავი კაცუნები" ქადაგებდნენ ერთმორწმუნე ზნეობრივი რუსეთის შესახებ, რომელსაც გარყვნილი და ამორალური ევროპა უპირისპირდება.

„მწვანე კაცუნები" არის ახალი პროექტი ოკუპაციისა ისე, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მათი არსებობა ოკუპაციად ვერ განიხილება. ყირიმი ოკუპირების გარეშე იქნა ოკუპირებული. ეს ახალი პოსტიმპერიული ტაქტიკა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, სადაც დიდია ეთნიკურად რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვი.

საფრთხეები საქართველოსთვის

ანონიმური ჯარისკაცების გამოყენება რეგიონზე გავლენის გასავრცელებლად, რუსული პოლიტიკისთვის უცხო არ არის. 1990-იან წლებში აფხაზეთის ომის შემდეგ აქ გამოჩნდნენ ანონიმური სამხედრო ძალები. ყირიმის „მწვანე კაცუნებისგან" განსხვავებით, მათი არსებობა „მშვიდობიანი" არ ყოფილა. ამ ჯარისკაცების იდენტიფიცირება რუსულ არმიასთან ოფიციალურად შეუძლებელი იყო, რის გამოც დასავლეთს მკაცრი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ომის დამთავრების შემდეგ რუსეთმა ადვილად მოახერხა აფხაზეთზე კონტროლის დამყარება.

2008 წლის აგვისტოს ომი კარგი გაკვეთილი იყო რუსული საგარეო პოლიტიკისთვის. უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთმა აქ უფრო ხისტი ძალები გამოიყენა. საქართველოს მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის.

აქართველოსთან ომში ნასწავლი გაკვეთილის შემდეგ რუსეთი ყირიმს რბილი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. ანონიმური ჯარისკაცებიც უფრო თავაზიანი გახადა და მოიგონა კონტროლის დამყარების ისეთი მექანიზმი, რომელსაც ოფიციალურად ჯერჯერობით ქმედითი ვერაფერი უპირისპირდება.

საქართველოს მსგავსად, უკრაინასაც ევროპასთან დაახლოებისა და დემოკრატიული რეფორმების გეზი ჰქონდა არჩეული, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. რუსეთის მიზანია კავკასიაში, აღმოსავლეთ უკრაინასა და ცენტრალურ აზიაში ძველი გავლენის აღდგენა, რის მისაღწევადაც მას ევრაზიული კავშირის შექმნა სჭირდება. ევრაზიული კავშირი კი უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია.

საქართველოსა და უკრაინას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. უკრაინელების აზრი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით იყოფა. რუსული პროპაგანდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ევროპა გეიფაშიზმის ბუდეა. ირონიაა, მაგრამ თითქმის ყველა ევროპული ნეოფაშისტური პარტია პრორუსულია. ეთნო-ლინგვისტური მსგავსება და საერთო ისტორია ამძაფრებს აღმოსავლეთ უკრაინელებში რუსულ იდენტობას.

საქართველოში საგარეო კურსზე საზოგადოებრივი აზრი ერთიანია. 2008 წელს ჩატარებული პლებისციტის თანახმად, გამოკითხულთა 77% ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას უჭერს მხარს. რუსეთს სჭირდება დაარწმუნოს ქართველები, რომ საერთო მართლმადიდებლურმა რწმენამ, საერთო ისტორიულმა გამოცდილებამ და რუსულმა მესიანიზმმა საქართველო განადგურებას გადაარჩინა.

რუსული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საყრდენი მართლმადიდებლური ეკლესიაა. ერთმორწმუნეობის ლოზუნგს ამოფარებული რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში ეკლესიური მრავალფეროვნებაა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარია.

უკრაინაში რამდენიმე დომინანტური ეკლესიაა – უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევის საპატრიარქოს იურისდიქციით და ბერძნულ-კათოლიკური უნიატური ეკლესია. მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია გმობდა საპროტესტო გამოსვლებს ევრომაიდანზე და წყევლიდა მასში მონაწილე სტუდენტებს. პატრიარქი ფილარეტი კი თავად ჩადიოდა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებში და აქტიურად მუშაობდა და მუშაობს უკრაინის პროდასავლური ორიენტაციის განმტკიცებისთვის.

საქართველოში ეკლესია ერთიანია. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და დღითი დღე ზრდის საოკუპაციო ზოლს მავთულხლართების გადმოწევით. ამის ფონზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველ შესაძლო მომენტში გვახსენებს რუსეთთან რწმენით ნათესაობას.

2011 წელს ილია II რუსეთის პატრიარქს შეხვდა, რომელიც რუსეთის აგრესიულ და იმპერიალისტურ ინტერესებს ემსახურება. 2013 წელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ პუტინი საქართველოსა და რუსეთს შორის ძმობისთვის ყველაფერს გააკეთებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ინფორმაციული ომით საზოგადოებაში ქმნის ანტიდასავლურ განწყობას. ისეთი საკითხების წინ წამოწევა, როგორიცაა უმცირესობათა უფლებები, ქართველების დიდ ნაწილს ერთმორწმუნე რუსეთის მიმართ დადებითად განაწყობს.

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში ეკლესიას რუსული დაზვერვა აკონტროლებდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ეკლესიის რუსული აგენტურისგან განწმენდის მიზნით, თითქმის ყველა ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი მიიღეს. საქართველოში ლუსტრაცია არცერთ სექტორში არ განხორციელებულა. ეს ბადებს ეჭვებს, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კვლავ რჩებიან რუსული გავლენის აგენტები. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს რუსული წარმოშობის ფული, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საპატრიარქოს თუ მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებული სხვადასხვა ორგანიზაციების ბიუჯეტში.

საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა ძალიან დიდია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ეკლესიიდან წამოსული ნებისმიერი სიტყვა ქართველთა ნაწილისთვის ლამის კანონმდებლობაზე მაღლა დგას, რომც არ ეფუძნებოდეს ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას. რადგანაც საქართველოს საპატრიარქო ნდობის მაჩვენებლის მწვერვალებს იპყრობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა მოსახლეობის საგრძნობ ნაწილში გარკვეულ წარმატებას აღწევს.

გარდა ეკლესიისა, პრორუსული პოლიტიკის გატარებაში სამოქალაქო სექტორიცაა ჩართული. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვას. მუზეუმი მეხსიერების ადგილია, ოკუპაციის მუზეუმის დახურვით კი თითქოს უნდა წაშლილიყო საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი. რუსეთს კარგად აქვს გააზრებული, რომ ხალხის განადგურების ყველაზე ეფექტური მეთოდი ხალხის აზროვნებაში ისტორიული მეხსიერების მოშლაა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გარკვეული ჯგუფები NATO-ს საწინააღმდეგო აქციებს აწყობდნენ, უჩვენებდნენ იუგოსლავიაში საჰაერო დაბომბვების შედეგებს, მართავდნენ რუსეთის მხარდასაჭერ მსვლელობებს.

ახალი სტრატეგიის კიდევ ერთი ტაქტიკა რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვაა. სწორედ ამ მოტივით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2008 წელს და იმავე სცენარით მოქმედებს დღეს უკრაინაშიც. აპრილში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

ამ მხრივ, საქართველოში ყველაზე მოწყვლადი სამცხე-ჯავახეთის რეგიონია. აქ ქართულენოვან მოსახლეობასთან ერთად რუსულ და სომხურენოვანი მოსახლეობაცაა წარმოდგენილი. დეზინფორმაციის, მოსყიდვისა და დაშინების მეთოდით აქ ძალიან იოლია ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება და „მწვანე კაცუნებისთვის" ნიადაგის მომზადება.

ამერიკის საპასუხო სტრატეგია

ცივი ომის პერიოდში კომუნიზმთან ბრძოლის ამერიკული სტრატეგია ძალის ყველა განზომილებას მოიცავდა. პროდასავლური პროპაგანდისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ძალის კულტურული განზომილება. პროპაგანდის მთავარი სამიზნე ის ქვეყნები იყო, რომლებშიც ინფორმაციის შემოდინებას სახელმწიფო ცენზურა აკონტროლებდა.

ანტიკომუნისტური პროპაგანდა იყენებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგებს: მხატვრობას, ოპერას, ბალეტს, ჯაზს. აქტიურად ხდებოდა საბაზრო ეკონომიკის, ლიბერალური ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეების გავრცელება, რომლებსაც სსრკ მაქსიმალურად ბლოკავდა.

ამერიკის ანტიკომუნისტური სტრატეგია ძალის ეკონომიკურ და სამხედრო განზომილებებსაც მოიცავდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული, რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საგარეო პოლიტიკა იყო. რეიგანს მტკიცედ სწამდა, რომ ამერიკის შემცვლელი ძალა საგარეო ასპარეზზე ვერ იარსებებდა და ამ იდეით შეიარაღებულმა შეძლო კომუნიზმის გავრცელების შეჩერება.

რეიგანის მმართველობის დროს ორჯერ გაიზარდა ამერიკის თავდაცვის ხარჯები, მოხდა ამერიკის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მოდერნიზება. მისი პრეზიდენტობის დროს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საბჭოთა რაკეტების საწინააღმდეგოდ ევროპაში ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები განალაგა. საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების შედეგად ნავთობის ფასების დაცემით გაიზარდა ზეწოლა სსრკ-ზე. ამას მოჰყვა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ეკონომიკური და საფინანსო ურთიერთობების გაწყვეტა.

ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის ის, რომ აშშ დღეს არ ავლენს მზაობასა და ნებას, იბრძოლოს საკუთარი პირველობისთვის. ამერიკის სწრაფვა აბსოლუტური ძალაუფლებისკენ შეაჩერებს აგრესორებისგან წამოსულ რისკებს. მტრის შეკავების საუკეთესო მექანიზმი კი თავდაცვის გაძლიერებაა. ამის პრაქტიკა უკვე არსებობს. ამერიკას ამ სტრატეგიის გახსენება და თანამედროვე გარემოებებთან ადაპტირება სჭირდება.

საუკეთესო მექანიზმი რუსული აგრესიის შეკავებისა დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაა. პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის განმტკიცება ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება რუსეთისთვის. მის მეზობლად ძლიერი დემოკრატიები საფრთხეს რუსეთის შიგნით არსებულ რეჟიმსაც შეუქმნის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ის ქვეყნები, რომლებიც რუსული რევიზიონიზმის პირდაპირი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. საჭიროა, რომ მათ მიმართ შემუშავდეს ინსტიტუციონალიზებული მექანიზმი, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთის ახალი ტაქტიკას. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები საქართველო, მოლდოვა და ლატვიაა. დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, ამ სამი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემები მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან არაპირდაპირ ინტერვენციასთან გასამკლავებლად.

კომენტარები