ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია დარღვევებზე საჩივრებს განიხილავს

ვაკის N 2 საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს განიხილავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 38 უბნისგან შექმნილი ოლქიდან, 36 უბნის შედეგების გადათვლას ითხოვს. პარტიის წარმომადგენელი დავით ჯინჯოლავა 3 328 ბიულეტენს სადავოდ ხდის. აქედან, მისი ინფორმაციით, 333 ბიულეტენი დაკლებულია, 253 დადგენილ რაოდენობას აღემატება, ხოლო 2742 ბიულეტენი კი, ბათილად არის ცნობილი. ჯინჯოლავას განცხადებით, მაშინ, როდესაც ვაკის N2 ოლქში მიცემული ხმების რაოდენობა დაახლოებით 20 000-ს შეადგენს, მათ შორის 3 000 სადავო ბიულეტენი ხმების ხელახლა გადათვლის საფუძველს იძლევა. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დარჩენილი ორი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. ჯინჯოლავას ინფორმაციით, ხმების დათვლის პროცესში ამ ორ უბანზე ელექტრონერგია გაითიშა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მთავარია არა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა, არამედ თითოეულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

ვაკის N2 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 13 საჩივარია შესული, აქედან ერთია ნაციონალური მოძრაობის, დანარჩენი კი, სხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების.

კომენტარები