ინვესტიციები

ფინანსთა სამინისტრო: KfW ბანკი საქართველოს 465 მილიონი ევროს გამოუყოფს

ფრანკფურტის KFW ბანკის ოფისი ერთერთი ყველაზე ენერგოეფექტური შენობაა მთელ მსოფლიოში
campus.kfw.de

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროექტების დაფინანსებით დაინტერესდა. KfW სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული განვითარების ბანკია. 

KfW-ის ვიცე-პრეზიდენტი, ევა ვიტი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, შეხვდა. შეხვედრას გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წარმომადგენელი, კლაუს ტანცბერგერიც, ესწრებოდა. 

სექტორები, რომელიც სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იყო ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კომუნალური ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და საფინანსო სექტორი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  გერმანიის მხრიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 465 მილიონი ევრო გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით.

თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 8 პროექტი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში და მთლიანი ინვესტიციის თანხა 188 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხით ხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერი ღონისძიებების ხელშეწყობაც - უთხრეს ტაბულას ფინანსთა სამინისტროში.

ირაკლი ღარიბაშვილის facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციის თანახმად, გერმანიის მეშვეობით ფინანსდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი, ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე იწყება ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც ქუთაისის გარდა ხუთ მიმდებარე რაიონს მოემსახურება.

საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს სახაზინო სამსახური, რომელსაც შემდეგ თანხას პროექტისთვის KfW უნაზღაურებს. პროექტის მიმდინარეობისას თანხის ხარჯვის პრინციპს კი თავად KfW-სთან გაფორმებული ხელშეკრულება არეგულირებს. 

თბილისში ვიზიტის ფარგლებში KfW-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბანკი 200 000 ევროთი დააფინანსებს კვლევას აგროდაზღვევის პოტენციალის შესახებ საქართველოში. ეს თანხა იმ არსებული და პოტენციური ინვესტიციებისთვის გათვალისწინებული 465 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდების ნაწილია, რომელსაც KfW ეტაპობრივად განახორციელებს ქართულ ბაზარზე. 

საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ  KFW-ის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც, შეხვდნენ. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ ეტაპზე KfW-ს გარდა თანამშრომლობს ისეთ საფინანსო ინსტიტუციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკი, სამეზობლო საინვესტიციო ინსტიტუტი. 

კომენტარები