უკრაინა

უკრაინა და ბირთვული პეპლის ეფექტი

უკრაინაში პუტინის აგრესიაზე ამერიკის სუსტმა პასუხმა, შესაძლოა, ბირთვულ გაუვრცელებლობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას და აგრესიული მეზობლების სამიზნე სახელმწიფოებს ატომური იარაღის შექმნისკენ უბიძგოს. საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, თურქეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში სულ უფრო ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი სახელმწიფოების მიერ ამ ქვეყნის ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებები არ შეასრულეს. ძლიერდება მოსაზრება, რომ მსგავსი საფრთხე მათაც შეიძლება დაემუქროთ და მხოლოდ ამერიკის იმედად ყოფნა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია არაა.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაშინ როდესაც პუტინი აქტიურად დაადგა „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის" შედეგების აღმოფხვრის გზას, ჯერი აშშ-ზე მიდგა. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე მიერთებით უკრაინამ დათმო ატომური იარაღის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალი. ეს იარაღი მის ტერიტორიაზე სსრკ-ის დაშლის შემდეგ დარჩა. სანაცვლოდ, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ მისი სუვერენიტეტის გარანტები. თუმცა, ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინაში გაძლიერდა მოსაზრება, რომ ატომური იარაღის დათმობა შეცდომა იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მოკავშირეები მიიჩნევდნენ, რომ ევროპის სტაბილურობისთვის აუცილებელი იყო, რუსეთი საბჭოთა კავშირის ერთადერთი ბირთვული მემკვიდრე გამხდარიყო. არსებობდა განსხვავებული პოზიციაც, რომლის მიხედვით, ბირთვული უკრაინა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის შესანარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი ჯონ მერშაიმერი 1993 წელს Foreign Affairs-ში წერდა, რომ უკრაინის არაბირთვულ სახელმწიფოდ გარდაქმნა „რუსეთს უფრო გაბედულს, უკრაინას უფრო მოშიშარს, ამერიკას კი ნაკლებ უნარიანს გახდიდა მათ შორის შესაძლო კრიზისის განსამუხტად".

ბარაკ ობამას ვიზიტი სამხრეთ კორეაში. 2014
ფოტო: AFP
ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერიდან 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გამართლდა ბისმარკის სიტყვები – რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც ის არის დაწერილი. სწორი აღმოჩნდა მერშაიმერიც – რუსეთი დღეს უფრო გაბედულია, უკრაინა კი მეტად შეშინებული. ახლა ჯერი აშშ-ზეა მიმდგარი. ექნება მას უნარი, რომ განტვირთოს კონფლიქტი და მნიშვნელობა შეუნარჩუნოს ბუდაპეშტის მემორანდუმს? ვინაიდან მსგავსი ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება, ყირიმის კრიზისი ბევრისთვის გაკვეთილად შეიძლება იქცეს – არასდროს უნდა დათმო ბირთვული იარაღი, მით უმეტეს, „ქაღალდის" სანაცვლოდ.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს უკრაინის მიერ ატომური იარაღის შექმნის. მათი აზრით, ქვეყანას ამისთვის ბირთვული პოტენციალი არ გააჩნია. საბჭოთა პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ელექტროსადგური შეიქმნა, რომლებიც დღეს ქვეყნის ელექტროენერგიის ნახევარს გამოიმუშავებენ. ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მოძველებულია და, შესაბამისად, ბირთვული ენერგიის სექტორი განუვითარებელი გახლავთ. ამიტომ, უკრაინის მიერ ბირთვული პროგრამის წამოწყება საკმაოდ დიდ თანხებთან და სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.

მაგრამ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ უკრაინამ მხოლოდ 2012 წლის მარტში გადასცა მაღალგამდიდრებული ურანის უკანასკნელი პარტია, დაახლოებით 90 კგ, რუსეთს. ორ წელიწადში კი არსებული სამეცნიერო გამოცდილება ვერ დაიკარგებოდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინას გააჩნია ინტელექტუალური ბაზა, რათა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში წარმოქმნილი ტექნიკური დაბრკოლებები შედარებით სწრაფად გადალახოს.

თუმცა უკრაინას მართლაც რომ არ გააჩნდეს ბირთვული იარაღის შექმნის უნარი, შეიძლება ამან გვაფიქრებინოს, რომ ყირიმის კრიზისი საფრთხეს არ უქმნის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას?

ცხადია, არა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ლოკალურ პრობლემას არ წარმოადგენს, შესაბამისად, მისი შედეგებიც არ შეიძლება მხოლოდ რეგიონული ხასიათის იყოს. ისტორია გვაჩვენებს, რომ პასუხგაუცემელ არალეგიტიმურ აგრესიას უფრო სახიფათო კონფლიქტი მოჰყვება ხოლმე. პუტინი დაჟინებით ესწრაფვის, რომ დაარღვიოს ცივი ომის შემდგომი წესრიგი და კვლავ დომინანტი გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ეს ტენდენცია აშკარაა სახელმწიფოთათვის, რომლებიც რუსეთის ამბიციების მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. დღეს იქმნება სურათი, რომ შეერთებულმა შტატებმა არაეფექტური პასუხი გასცა რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის მითვისებას და გააუფასურა ბუდაპეშტის მემორანდუმი. როდესაც უძლიერესი სახელმწიფოების პირობები და გარანტიები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მსოფლიო გაცილებით უფრო სახიფათო ადგილად იქცევა, რადგან ეს მეტყველებს, რომ მას, ვისაც მსოფლიოში წესრიგი უნდა უზრუნველეყო, აღარ გააჩნია ამისი ძალა.

მსოფლიოში ბირთვულ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სერიოზული პრობლემა და ისეთი არაპროგნოზირებადი სახელმწიფოები, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და ირანია, არ აპირებენ უარი თქვან ბირთვულ პროგრამებზე. ამ ფონზე, ყირიმის კრიზისმა პეპლის ეფექტი შეიძლება იქონიოს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე. ეს გულისხმობს იმას, რომ სისტემაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო გავლენამაც კი, სხვა დროს და სხვა ადგილას, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება გამოიღოს. თუ ამერიკის, როგორც მათი უსაფრთხოების გარანტის, ავტორიტეტი დაკნინებული იქნება, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, თურქეთმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატომური იარაღის შექმნაზე შეიძლება დაიწყონ ფიქრი.

უკრაინის მოვლენებმა კიდევ უფრო გამბედავი შეიძლება გახადოს ისეთი რევიზიონისტი სახელმწიფოები, როგორიც ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაა. ამ შემთხვევაში, აშშ-ის აღმოსავლეთაზიელი მოკავშირეები, იაპონია და სამხრეთ კორეა, პირდაპირი საფრთხის წინაშე დადგებიან.
ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს იაპონიის მიერ კონტროლირებად სენკაკუს კუნძულებზე. 23 აპრილს, თავისი აზიური ტურის ფარგლებში ტოკიოში ვიზიტისას, ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სადავო ტერიტორიაზე ვრცელდება ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს აშშ-ს, დაიცვას იაპონია ჩინეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, აქ აშშ-მა უკანასკნელ პერიოდში ჩრდილო კორეიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ ბირთვული ქოლგის გასაძლიერებლად დამატებით რვაასი ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა გაგზავნა. მარტში ფხენიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის ახალ გამოცდაზე უარის თქმას. 23 აპრილს გადაღებულმა სატელიტურმა სურათებმა კი აჩვენეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტზე მართლაც შეინიშნებოდა გაზრდილი აქტივობა.

ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. 1994
ამის საპასუხოდ, 25 აპრილს სეულში ვიზიტისას ობამამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ და კორეა მხარდამხარ დგანან ფხენიანის პროვოკაციების წინაშე და არ აპირებენ შეეგუონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას. იაპონიაც და სამხრეთ კორეაც აცხადებენ, რომ ისინი ენდობიან აშშ-ის პირობებს, თუმცა ითხოვენ დაზუსტებას, თუ რა შემთხვევაში იქნება აშშ მზად, რომ იმოქმედოს.

ყირიმის კრიზისის შემდეგ, ლოგიკურია გაჩნდეს ახალი კითხვა – რატომ იმოქმედებს აშშ სამხრეთ კორეისა და იაპონიის დასაცავად, თუ მან ეს უკრაინის შემთხვევაში ვერ შეძლო? როგორც იაპონიას, ისე სამხრეთ კორეას, აქვთ ტექნოლოგია და ნედლეული, რათა საკმაოდ სწრაფად, დაახლოებით ერთ წელიწადში შეძლონ ბირთვული იარაღის შექმნა. მათთვის ეს ყველაზე იაფი გზა იქნებოდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად. თუ ამ სახელმწიფოთა თვალში აშშ-ს აღარ ექნება მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალა, ცხადია, გამოსავალს საკუთარი რესურსებით თავდაცვაზე კონცენტრირებაში დაინახავენ.

რაც შეეხება ისეთ დაძაბულ რეგიონს, როგორიც ახლო აღმოსავლეთია, ძნელი წარმოსადგენია, სახელმწიფოები შეეგუონ მეზობლის მიერ მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობის მოპოვებას და ამან მათზე დომინოს ეფექტი არ იქონიოს. შეერთებული შტატების მოკავშირეები – საუდის არაბეთი, თურქეთი და ეგვიპტე, რეგიონში შიიტური ირანის სუნიტ მეტოქეებს წარმოადგენენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ბირთვული იარაღის გარეშე, ირანის მიერ მათი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ საპასუხოდ რაიმე მოიმოქმედონ.
საუდის არაბეთი, ირანის მსგავსად, პრეტენზიას აცხადებს ახლო აღმოსავლეთში ლიდერობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას წარმატებით დაასრულებს, საუდის არაბეთი აუცილებლად დაადგება იმავე გზას. მას არ ექნება იმედი, რომ აშშ შეძლებს მის დაცვას. ამიტომ, ბირთვული იარაღი გახდება ერთადერთი შანსი რეგიონული ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის ბირთვული პროგრამა საკმაოდ ადრეულ სტადიაშია, ხელი მოეწერა ჩინეთთან ტექნოლოგიური თანამშრომლობის შეთანხმებას და იგეგმება 16 ახალი რეაქტორის შექმნა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საუდის არაბეთი ავითარებდა სამეცნიერო ცოდნის ბაზას, რათა მომავალში მზად ყოფილიყო ბირთვული იარაღის შესაქმნელად. მას აქვს ფული, როგორც მეცნიერების, ისე ტექნოლოგიის შესაძენად, ამიტომ მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს. გარდა ამისა, ვინაიდან სამეფომ დიდი თანხები ჩადო პაკისტანის ბირთვულ პროგრამაში, შესაძლოა, მისგან ბირთვული ტექნოლოგიის ან თავად შეიარაღების ყიდვა შეძლოს.

თურქეთი შემდეგია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ირანის საპასუხოდ ატომური იარაღის შექმნის გზას შეიძლება დაადგნენ. როგორც NATO-ს წევრ ქვეყანას, მას ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე განთავსებული 90-მდე B61 ტიპის ამერიკული ბირთვული იარაღი იცავს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ვრცელდება, აშშ-ის გარანტიების გაუფასურების შემთხვევაში ის ვერ შეძლებს ბირთვულ ირანთან მეტოქეობას და რეგიონში დაწინაურებას.

მეორე მხრივ, ანკარა აცნობიერებს, რომ თუ ბირთვული სახელმწიფო გახდება, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს და სტრატეგიულ დინამიკას არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, შავი ზღვის აუზსა და კავკასიაშიც. ეს იქნებოდა პანთურქული მისიის ისტორიული ამბიციის ქვაკუთხედი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ბირთვული ენერგიის სექტორი საკმაოდ განუვითარებელია, 2040 წლისთვის იგეგმება ახალი ბირთვული რეაქტორების შექმნა, რომელთაც ქვეყნის ელექტროენერგიის მეოთხედი უნდა გამოიმუშაონ. პარალელურად, იაპონიასა და თურქეთს შორის დაიდო ბირთვული ენერგიის პაქტი. იაპონია თურქეთს ბირთვული ტექნოლოგიით მოამარაგებს. თუმცა, შეთანხმებას თურქეთის მოთხოვნით დაემატა პუნქტი, რომ მომავალში, თურქეთს შესაძლოა მიეცეს ურანის თავად გამდიდრების შესაძლებლობა.

რაც შეეხება ეგვიპტეს, მისი სამოცწლიანი ბირთვული პროგრამა სიდიდით მესამეა რეგიონში. ეგვიპტე ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს ბირთვული ენერგიის რეაქტორის შექმნას. არსებობს მოსაზრება, რომ თუ გაგრძელდება აშშ-ისა და ეგვიპტის სამხედრო თანამშრომლობა, ამან შეიძლება ეგვიპტეს ხელი ააღებინოს ბირთვული პროგრამის წამოწყებაზე. თუმცა ისრაელის ბირთვულ არსენალს და ირანის პროგრამას ისიც თუ დაემატება, რომ ეგვიპტეს აშშ-ის სანდო პარტნიორობაში ეჭვი შეეპარა, შესაძლოა მან განაახლოს თავისი ბირთვული ამბიციები.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტესა და აშშ-ს შორის ტრადიციულად ახლო ურთიერთობა შედარებით დაიძაბა 2013 წელს, ფართომასშტაბიანი გამოსვლების შედეგად ახლადარჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის გადაყენების შემდეგ. ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ბირთვული ენერგიის ამბიციური პროგრამის შესასრულებლად, რისთვისაც საერთაშორისო კომპანიების შემოთავაზებებს ელის.

ამ ბირთვულ გაწამაწიას ფონად ერთი ჭეშმარიტება გასდევს: ბირთვული იარაღის გავრცელება ზრდის ბირთვულ ღილაკზე თითის დამჭერთა რაოდენობას. შესაბამისად, იზრდება როგორც უბედური შემთხვევის საფრთხე, ისე იმის ალბათობაც, რომ იარაღი ტერორისტულ ძალებს ან ისეთ სახელმწიფოს ჩაუვარდება ხელში, რომელსაც ირაციონალურად სჩვევია გადაწყვეტილების მიღება. მართლაც, შეიძლება ყირიმში პეპლის ფრთის დაქნევამ ქარიშხალი გამოიწვიოს დანარჩენ მსოფლიოში? დღეს მზერა იმაზეა მიმართული, ექნება თუ არა შეერთებულ შტატებს საკმარისი ნება, ძალაუფლება და მორალური სტიმული, რათა მსოფლიოს თავიდან აარიდოს საკმაოდ სახიფათო ესკალაციის ჯაჭვი, რომელიც რუსეთის აგრესიისადმი მისმა არაეფექტურმა პასუხმა შეიძლება გამოიწვიოს.

კომენტარები