პრემიები

შიხიაშვილი: ბოლო ხელფასს ბერი ანდრიას ფონდში გადავრიცხავთ

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში არასდროს გაცემულა დაუმსახურებელი პრემია. როგორც შიხიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, საკრებულო თავის მოვალეობას სრული დატვირთვით ასრულებს და ღირსეულადაც ართმევს თავს.

"სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს, 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს. მიმაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო - ბიურო. ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მიღებული პრემიებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად გაცემული ყველა თანამშრომელზე - როგორც დეპუტატზე, ისე აპარატის თანამშრომელზე", - აღნიშნა შიხიაშვილმა და დასძინა, რომ "საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, უმრავლესობის დიდი ნაწილი, გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიორები იყვნენ თამთა დემურიშვილი და "ბერი ანდრიას ფონდი". ეს არის სოლიდური, სიმსივნით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები. ჩვენი ეს თანამშრომლობა 4 თვეა, გრძელდება. ერთი კვირის წინ ქალბატონ თამთასთან მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100%, კერძოდ, ბოლო ხელფასი მთლიანად გადავრიცხოთ "ბერი ანდრიას ფონდში" და კიდევ იმ ფონდში, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სოლიდარობა და თანადგომა. თუ ვინმეს აინტერესებდა, რას აკეთებს საკრებულო, ჯობდა საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი თავიდან ბოლომდე წაეკითხა".

მისივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულო დოკუმენტური ფილმისთვის 150 000 ლარს გამოყოფს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ფილმი იქნება თბილისის თვითმმართველობის ისტორიაზე, დაიწყება ვახტანგ გორგასლის ხანიდან და გრძელდება თბილელი ბერების მოღვაწეობით. 

"ამ ფილმის მიზანი ის არის, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მივცეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში თვითმმართველობის ხანა არ დაწყებულა გუშინ და მინიმუმ 1000 წელზე მეტი ისტორია აქვს. მიმაჩნია, რომ ამის შესახებ ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემაც არ იცის და კარგი იქნება, რომ საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდეს", - განაცხადა შიხიაშვილმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი ნახევარ საათს გაგრძელდება.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ხელფასის 300%-ის, ხოლო აპარატის თანამშრომლებმა 200%-ის ოდენობის შემაჯამებელი პრემიები მიიღეს. 800-დან 8 496-მდე ლარის ოდენობის პრემია 243 ადამიანზე გაიცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები