ხელოვნება

პუბლიკა და კრიტიკა

„მშვენიერებას ვერ ვეზიარებით მხატვრულ ქმნილებათა პასიური აღქმის გზით, არამედ ჩვენი გონის აქტიური თანამონაწილეობით, რომელიც უფლებამოსილია შეისმინოს, ან არ შეისმინოს მშვენიერის მოთხოვნა".
ე. კასირერი

თუ ხელოვნება ხალხისთვის იქმნება: ანუ პოეზია მკითხველისთვის, მხატვრობა დამთვალიერებლისთვის, მუსიკა მსმენელისთვის და ა.შ., მაშინ მისი შემფასებელიც მისივე აუდიტორიაა. როგორც წესი, სცენა და პუბლიკა ერთმანეთის სარკეა. რა ხარისხის მუსიკაც სრულდება სცენაზე, იმ ხარისხისაა პუბლიკაც. მაგალითად, თუ ორკესტრი ცუდად უკრავს და მისი შესრულების ხარისხით პუბლიკა კმაყოფილია, ესე იგი პუბლიკაც ვერ დაიკვეხნის შეფასების მაღალი კულტურით. ან კიდევ, როგორ იქნება პუბლიკა მაღალ დონეზე განვითარებული და, ამავდროულად, ცუდად შესრულებული ნაწარმოებით კმაყოფილი?

ასეთი პუბლიკა, რა თქმა უნდა, ხელოვანს აზარმაცებს, რადგანაც აუდიტორია მისით მუდამ კმაყოფილია. ანდა როგორ უნდა მოითხოვოს პუბლიკამ უკეთესი ხარისხი, თუ ის მუდამ ცუდ შესრულებას არის მიჩვეული და ამ „უკეთესის" არსებობა მხოლოდ გადმოცემით იცის? შესაბამისად, ამ „უკეთესის" არმცოდნე საზოგადოების „მოტყუებაც" და მათთან უხარისხო შესრულების გასაღებაც არ წარმოადგენს სირთულეს.

როგორც წესი, მათი შეფასება მოგონებებს და სენტიმენტებს ეფუძნება. თავისთავად ეს სულაც არ არის ცუდი. მაგრამ გამუდმებით ყველაფრის წარსულთან შედარება ახლის არმიღებას და მის ვერშეფასებას ნიშნავს. შესაბამისად, არსებობს რიგი „ნიჭიერი" ხელოვანებისა, მორგებული ასეთ პუბლიკაზე, რომლისთვისაც ამ სენტიმენტებით თამაში უფრო ადვილია, ვიდრე მაღალი ხარისხის პროდუქტის ხალხისთვის მიწოდება.
ასეთი პუბლიკა ადვილად ექცევა ხალხში დამკვიდრებული და გავრცელებული აზრების გავლენის ქვეშ. მაგალითად, თუ პუბლიკა თვლის რომელიმე მუსიკოსს გენიალურ შემსრულებელად, მაშინ მის ნებისმიერ შესრულებას თვალდახუჭული ენდობა, ან მუსიკოსი თუ უინტერესო და შორს მდგომია მისი იდეალებისგან, მაშინ ის უმალ იქნება პუბლიკის ფავორიტთან შედარებული და დაკნინებული. თანაც, ამ დროს თუ გამოერია ვინმე ისეთი, ვინც საერთო აზრს ეწინააღმდეგება, ის უმალ აღიქმება, როგორც უცოდინარი.

ეს ყველაფერი კი ჩაკეტილ საზოგადოებას წააგავს, სადაც ადამიანებს თავიანთი აზრის დაფიქსირება ერიდებათ, რადგანაც არ იციან, თუ როგორ მიიღებენ მას სხვები. ანუ ადამიანის თავისუფალი აზრის გამოთქმა იზღუდება საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მიერ.
მეორე მხრივ კი, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იაზროვნოს და აღიქვას ხელოვნება ისე, როგორც სურს. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, რთულია ის გადაარწმუნო და შეფასების სხვა კრიტერიუმებიდან დაანახო ესა თუ ის მოვლენა.
მაგრამ რამდენად სწორი იქნება პუბლიკის მიერ შეფასებული ხელოვნება და მისი კრიტიკა?

ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უნდა კარგად ვერკვეოდეთ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში, ჩვენი შეფასების რაღაც ნაწილი მაინც სუბიექტური და მიკერძოებული იქნება. ეს განპირობებულია ჩვენი განწყობით და გრძნობით, რაც ნაწარმოების, კომპოზიტორის ან შემსრულებლისადმი გაგვაჩნია.

დროთა განმავლობაში, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასთან ერთად, შეფასების კრიტერიუმებიც შეიცვალა. მაგრამ არსებობს შესრულების ხარისხის განმსაზღვრელი რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ობიექტურ შეფასებაში დაეხმარება მსმენელს და კითხვაზე, თუ რატომ მოგვწონს ან არ მოგვწონს, პასუხი ვეღარ იქნება – „რატომ და იმიტომ".

რადგანაც საშემსრულებლო ხელოვნებას და ინსტრუმენტალიზმს ვეხებით, ალბათ, პირველი შეფასების კრიტერიუმი სწორედ ოსტატობა და ინსტრუმენტის ფლობაა. მას შემდეგ, რაც კლასიკური მუსიკის შესრულება, როგორც პროფესია, ისე დამკვიდრდა, ინსტრუმენტის ოსტატური ფლობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწებოდა.

თუ ადრე ლისტის გარდა მის შექმნილ ნაწარმოებებს ტექნიკური სირთულის გამო ვერავინ უკრავდა, დღეს მას უკვე სკოლის მოწაფეები ასრულებენ. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მე-19 საუკუნეში ფორტეპიანოს კლავიშები მსუბუქი და ოდნავ ვიწროც კი იყო.

ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს შესრულების ტექნიკური მხარის უზარმაზარ განვითარებაზე. ინსტრუმენტის ოსტატური ფლობა არ გულისხმობს მხოლოდ სწრაფ და ვირტუოზულ შესრულებას, ის მოიცავს ბგერის კონტროლს, მისი დინამიკის სრულ ფლობას და დისციპლინას.

თანამედროვე მუსიკოსისთვის კი დღეს ნაწარმოების ტექნიკურ სრულყოფამდე მიყვანა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

ინსტრუმენტალისტის ოსტატობის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ნაწარმოების სტილისტიკის შესწავლა. მოგეხსენებათ, გარდა კომპოზიტორის დამახასიათებელი სტილისა, ყველა პერიოდს კლასიკურ მუსიკაში, თავისი ენა აქვს. ამ ენიდან გამომდინარე კი, კომპოზიტორი ქმნის ნამუშევრებს, ან თვითონვე ცვლის მას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სტილისტიკის შესწავლა ევროპული კლასიკური მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ხელოვნების ყველა დარგს (მუსიკას, არქიტექტურას, მხატვრობას, მწერლობას და ა.შ.) თავისი დამახასიათებელი ენა აქვს. სწორედ ამ ენების შესწავლა იგულისხმება სტილისტიკის ცოდნაში. ის არა მხოლოდ ნაწარმოების ნოტების სწავლას მოიცავს, არამედ მასთან რაციონალურ მიდგომას და მის ისტორიულ ჭრილში განხილვას.

მაგალითად, არ იქნება მართებული შოსტაკოვიჩის, ვივალდის ან ჩაიკოვსკის ენით მოცარტის შესრულება. ყველა ამ კომპოზიტორს თავისი სტილი და ენა აქვს, რომელთა ერთმანეთში არევით უგემოვნობას ვერ ავცდებით. თანამედროვე განათლება კი იძლევა ამ ყველაფრის შესწავლის შესაძლებლობას და შემსრულებელს აძლევს საშუალებას, რომ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით არ ასრულებდეს სხვადასხვა კომპოზიტორის ნამუშევრებს.

ინსტრუმენტის ოსტატური ფლობისა და სტილისტიკის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ, ჯერი შემსრულებლის ნიჭზეა. ალბათ, კრეატიულობა უწყობს ხელს მუსიკოსს, სხვებისგან განსხვავებული გახდეს და საშუალებას აძლევს, კომპოზიტორის სათქმელი თავისი ინტერპრეტაციით გადასცეს მსმენელს.

ცალკე აღებული ნიჭი, ზემოხსენებული ორი კომპონენტის გარეშე, არაფერს წარმოადგენს. მხოლოდ ოსტატობა და ნიჭი, ხშირ შემთხვევაში, ველური ვირტუოზულობით გამოიხატება, სადაც კომპოზიტორის ნამუშევარი სულ უკანა პლანზეა გადაწეული და მუსიკოსი ცდილობს პუბლიკა თავისი ვირტუოზულობით მოხიბლოს. ასევე, მხოლოდ ნაწარმოების სტილისტიკის ცოდნით, ძნელია მსმენელს კოპოზიტორის სათქმელი გადასცე, რადგანაც ოსტატობა და ნიჭი ხელს უწყობს მუსიკოსს მისი ცოდნის გადმოცემაში.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებიც შემსრულებლის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ხელოვანისთვის „რაციო" ანუ ტვინი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გული და ეგრეთ წოდებული ნიჭიერება ან მუსიკალურობა.

გარდა ზემოხსენებული პრობლემებისა, რომლებიც საქრთველოში არცთუ ისე იშვიათია, ასევე პრობლემას წარმოადგენს პროფესიონალი კრიტიკოსების ნაკლებობა. როგორი განვითარებულიც უნდა იყოს მსმენელი, მუსიკის კრიტიკოსი მაინც საჭიროა.

მუსიკის კრიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ შემსრულებლის დაწუნებას ან შესრულების დროს შეცდომების დათვლას. ის მოიცავს ნაწარმოების, კომპოზიტორის და შემსრულებლის პროფესიულ ანალიზს თუ გარჩევას, რომელიც მუსიკის მოყვარულთათვის არის დაწერილი. ამით კრიტიკოსი დაინტერესებულ მსმენელს ეხმარება მუსიკის კიდევ უფრო უკეთესად შეცნობაში. ხშირად სწორედ ისინი გაუთქვამენ ხოლმე სახელს მუსიკოსს ანდა პირიქით, კრიტიკის ქარცეცხლში მოაყოლებენ მას.

მუსიკის კრიტიკოსსაც ალბათ სამი ძირითადი რამ უნდა ახასიათებდეს. ის, ისევე როგორც შემსრულებელი, უნდა ერკვეოდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში, განსაკუთრებით კი სტილისტიკაში. ასევე უნდა გამოირჩეოდეს სიმამაცით და თავმდაბლობით. სიმამაცე, პუბლიკის გამოღვიძებაში და მოძველებული შეფასების კრიტერიუმების შეცვლაში დაეხმარება. სტილისტიკის ცოდნა – აზრის კარგად დასაბუთებასა და ობიექტურ ანალიზში, თავმდაბლობა კი, თავისი სათქმელის პუბლიკისთვის მოკრძალებულად მიწოდებაში.

მუსიკის არაპროფესიონალი კრიტიკოსის (მაგალითად, კარგი მწერლის ან ხელოვნებათმცოდნის) მიერ დაწერილი შესრულების ან შემსრულებლის ანალიზი, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, ხშირად მუსიკაზე შეყვარებული ერთ-ერთი მსმენელის შთაბეჭდილებას უფრო წააგავს, ვიდრე ღრმა მუსიკალურ და სტილისტიკურ-ჰარმონიულ ანალიზს.

საბოლოო ჯამში კი, ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა ახალგაზრდა თაობის სწორი და თანამედროვე განათლებით არის შესაძლებელი. მაღალი დონის მუსიკის სასწავლებელი გამოირჩევა არა მოცარტის დროინდელი სწავლების შენარჩუნებით, არამედ მასზე დაყრდნობით ახლის შექმნით.

კომენტარები