ენმ: მარნეულის მოვლენებს არ აქვს საერთო გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს მარნეულის მოვლენებს არ აქვს საერთო გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებთან. პარტიის წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ასახული ციფრები არ გამოხატავს მარნეულის ამომრჩევლის ნებას.

"მიმდინარე წლის 15 ივნისს მარნეულში განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან და მით უფრო - გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებთან. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ასახული ციფრები არანაირად არ გამოხატავს მარნეულის ამომრჩევლის ნებას, როგორც ამის წარმოჩინებას ცდილობს ხელისუფლება და პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების - პოლიციისა და სუსი-ს, აგრეთვე, ადგილობრივი ავტორიტეტების ნება-სურვილი.

გუშინ მარნეულის საოლქო კომისიაში გამართულმა ე.წ. საჩივრების განხილვის სხდომამ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. საოლქო კომისიას არ აინტერესებს უბნის შედეგების გადამოწმება (რომ არაფერი ვთქვათ გაბათილებაზე), იმ შემთხვევებში, როდესაც ყუთიდან 84 ბიულეტენით მეტია ამოსული (მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და არც იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნებში მონაწილე 663 ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა თითქოს არ მიიღო (თან წაიღო ბიულეტენი). ისინი ყველაფერი ამის გამართლებას ცდილობენ სრულიად გაუგებარი და უკანონო ე.წ. ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არჩევნების დღიდან 2 დღის შემდეგაა შედგენილი", - თქვა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ცესკო უნდა ცდილობდეს, სათანადოდ განიხილოს ყველა საჩივარი, თუმცა, ისინი პირიქით, "სტიმულირებას აკეთებენ", საჩივრები განუხილველი დარჩეს.

"ყველაზე სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედების ინსტრუქციას ისინი იღებენ ცესკო-დან. იმის ნაცვლად, რომ ცესკო ცდილობდეს სათანადოდ მოხდეს ყველა საჩივრის განხილვა, ისინი პირიქით, სტიმულირებას აკეთებენ ყველა საჩივარი დარჩეს განუხილველი და იმის მიუხედავად გადათვლის ან გაბათილების მოთხოვნა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მოდის, საოლქო კომისია კენჭისყრით უარს აცხადებს. მხოლოდ გუშინ მარნეულის საოლქო კომისიამ 43 განკარგულება მიიღო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ. ანალოგიური მდგომარეობაა ყველა სხვა საოლქო კომისიაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს, არა რეალური შედეგები მიაწოდოს საზოგადოებას, არამედ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს საარჩევნო პროცედურები", - აღნიშნავს გოგორიშვილი.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და დაიცავს იმ ხმებს, რომლებიც პარტიის მაჟორიტარობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებმა და საარჩევნო ბლოკმა მიიღეს.

კომენტარები