ენმ: საარჩევნო უბანზე, ნარმანიას დედა პირადად აკონტროლებდა ამომრჩევლის ნებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა ნორა თოდუა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვს. 

ენმ-ის ინფორმაციით, ვიდეომასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე უბანზეა გადაღებული, სადაც ნორა თოდუა საარჩევნო კომისიის წევრი იყო და "პირადად აკონტროლებდა, რომელ ნომერს ხაზავდა უბანზე მისული ამომრჩეველი".

"ამ საარჩევნო უბანზე მრავლად ჰქონდა ადგილი. დავით ნარმანიას დედა, ქალბატონი ნორა ამ მეთოდით აკონტროლებდა ამ უბანზე მოსულ ამომრჩეველს, რომ მათ მიეცა ხმა ქართული ოცნებისთვის. ეს წარმოადგენს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რომელიც მისთვის - საუბნო კომისიის წევრისთვის, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, მინიმუმ ჯარიმას ითვალისწინებს. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი დარღვევა დავაფიქსირეთ. არ დარჩენილა ოლქი, სადაც არ დაგვიფიქსირებია დარღვევა, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ვფიქრობთ, რომ ცესკო ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად იმსჯელებს" - განაცხადა პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები