ქართული ოცნების განცხადება

ქართული ოცნება: ენმ შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის

„გავრცელებული ინფორმაციით,  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს. ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე“, - ამის შესახებ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობა  შავი ფულით და უკანონო მეთოდებით   ბრძოლას არ იშლის  და საკუთარი მიზნების მიღწევას არალეგალური გზებით ცდილობს. 

განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება  არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც აზარალებს.

„ფაქტია, ნაციონალურ მოძრაობას დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება უჭირს. ვიმედოვნებთ, მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება“, - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტომ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესბის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. 

აღნიშნულ ინფორმაციაზე ირმა ნადირაშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა.

”მე და ზურა ჯაფარიძე ამ წუთებში ვიმყოფებით ბაქოში, ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9-საათიან რეისსს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდებით ამ მთავრობისგან და იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც, როგორც აქ მომწერეს, ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, თუ უნდათ, დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, - აღნიშნავს რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართისას, ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები