კომიქსები

Marvel vs. DC - პური და სანახაობა

მაშინ, როდესაც ჩვენი ბავშვობის მთავარი დილემა იყო „სტალონე მოერევა თუ შვარცენეგერი", ათასობით კილომეტრის დაშორებით, იქ, სადაც ჩვენთვის საყვარელ „ბოევიკებს" იღებდნენ, ჩვენი თანატოლები სულ სხვა საკითხის გარშემო იყვნენ ორ ბანაკად დაყოფილები. ვინ უშვებს უკეთეს კომიქსებს, Marvel-ი თუ DC?

ვიდეოთამაშების შემდეგ კომიქსები ყველაზე ახალგაზრდა ხელოვნების ფორმად შეიძლება ჩაითვალოს, მისი არსებობა საუკუნესაც არ ითვლის. ეს, რა თქმა უნდა, მის თანამედროვე ფორმას ეხება, თორემ ზოგიერთი ენთუზიასტი ქვის ხანის დროს გამოქვაბულებში პირველი ადამიანების მიერ დახატულ სურათებსაც კომიქსებად მიიჩნევს.

კომიქსების ინდუსტრია ერთი შეხედვით უაღრესად პოლარიზებულია. დამკვირვებელმა შეიძლება იფიქროს, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემის მსგავსად, აქ მხოლოდ ორი მხარეა (თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება – როგორც ამერიკულ პოლიტიკაში არსებობენ დამოუკიდებელი მოთამაშეები, ასევეა კომიქსებშიც. მათ შორის ჩემს განსაკუთრებულ სიმპათიას Dark Horse იმსახურებს, რომლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ასაკოვან კომიქსს Hellboy-ს რამდენიმე კვირის წინ ოცი წელი შეუსრულდა). შესაძლოა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ კომიქსებსა და პოლიტიკურ სისტემას შორის პარალელების გავლება, მაგრამ კომიქსები ისეთივე ამერიკული მოვლენაა, როგორც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის მუდმივი კინკლაობა, ან ვარსკვლავ-ზოლებიანი, მოფრიალე დროშის ფონზე დგომა და სამშობლოს სიყვარულით გამოწვეული ცრემლების ღვრა.

2013 წლის მონაცემებით, კომიქსების ამერიკულ ბაზარზე Marvel-იც (33%) და DC-ც (30%) თითქმის ერთნაირ წილებს ფლობენ (იმის სანახავად, თუ რამდენად სრულია მათი დომინაცია, შეგვიძლია მაგალითად მესამე ყველაზე დიდი წილის მქონე გამომცემელი მოვიყვანოთ, ეს Image Comics-ია, რომელსაც ბაზრის სულ რაღაც 8% უკავია), რაც იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დიდ ეკრანებზე, შეიძლება ბევრისთვის უცნაური აღმოჩნდეს. თუმცა ამ ორ კომპანიას შორის არსებული დაპირისპირება, უფრო სწორად კი თანაარსებობა, გაცილებით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაწყებული კომიქსების ადაპტაციების ბუმი. შესაბამისად, მათი ფანების ბაზაზე ეს მოვლენა რადიკალურად არ მოქმედებს, ფილმის მაყურებელს კი ხშირ შემთხვევაში საერთოდაც არ აინტერესებს თავდაპირველი წყარო.

თუ გადავხედავთ კომიქსების ისტორიის ათწლეულებს, თავისუფლად შეგვიძლია გამოვყოთ მისი საკვანძო მომენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კომიქსების ისტორიაში პირველი სუპერგმირის შექმნა და ოქროს ხანის დასაწყისია. ეს მიღწევა DC-ის ეკუთვნის. საუბარი, რა თქმა უნდა, სუპერმენზეა, რომელიც ამერიკის იდეალების კვინტესენციას წარმოადგენს და მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიოში ყველაზე ცნობადი სუპერგმირია. მისი საკულტო სტატუსი იმდენად ხელშეუხებელი აღმოჩნდა, რომ სხვა სუპერგმირების უზარმაზარი პოპულარობისა და წარმატებული ეკრანიზაციების (საუბარი სამართლიანობის და ღამურის კოსტიუმში გამოწყობის მოყვარულზეა) მიუხედავად, მისი პირველი ადგილიდან ჩამოგდება დღემდე ვერ მოხერხდა. მის მკერდზე გამოსახული S-ი (რომელიც ახალი ინტერპრეტაციის მიხედვით „იმედს" ნიშნავს) იმ ხალხისთვისაც კი ნაცნობი სიმბოლოა, რომლებმაც კომიქსების არსებობის შესახებ არ იციან და მის დანახვაზე პირველი ასოციაცია ამერიკასთან უჩნდებათ.

რამდენადაც მნიშვნელოვანი იყო DC სუპერგმირების არქეტიპების შექმნაში და მათ კულტურულ მეინსტრიმში დამკვიდრებაში, იმდენადვე დიდი წვლილი ითამაშა Marvel-მა კომიქსების ინდუსტრიის ხელახლა გამოგონებაში. კომიქსების თავდაპირველ სამიზნე აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენდნენ, მკითხველთა უმეტესობა 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა. Marvel-ი იყო პირველი, რომელმაც გადაწყვიტა პროდუქტი უფრო „ზრდასრული" მკითხველისთვის მიეწოდებინა. ასე დაიწყო კომიქსების ექსპანსია თინეიჯერების ასაკობრივ კატეგორიაში. Marvel-ის ახალ კომიქსებში არავინ იყო იდეალური, აქცენტი კეთდებოდა (შედარებით) დახვეწილ ისტორიებზე და სუპერგმირების ადამიანურ მხარეზე, მათ სისუსტეებზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც DC-ის კომიქსებსა და Marvel-ს შორის არსებულ ერთ-ერთ მთავარ სხვაობას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც DC-ის საკულტო პერსონაჟები თანამედროვე ღმერთების პანთეონს წარმოადგენენ (Superman, Wonder Woman, Green Lantern, ბეტმენსაც კი ბევრი არაფერი დარჩენია ადამიანის სისუსტეებისგან), Marvel-ის ყველა პერსონაჟი უფრო ახლოს არის ადამიანურ ბუნებასთან: ტონი სტარკი ალკოჰოლიკია, პიტერ პარკერი ნერდია, იქს ადამიანები გარიყულ უმცირესობას წარმოადგენენ და ა.შ.

კომიქსების ვერცხლის ხანაში Marvel-მა თავისი ინოვაციური მიდგომით და ახალი მწერლების საშუალებით (რომელთა შორის ყველაზე ცნობილი სტენ ლი და ჯეკ კირბია) შეძლო კომიქსების ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და აქამდე არსებული DC-ის უპირობო დომინაციის ერის დასრულება. ეს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მოხდა, მას შემდეგ ეს ორი კომპანია მსოფლიოსთვის კომიქსების ინდუსტრიის სახეს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, Marvel-ის ახალ (თინეიჯერების) ბაზარზე გასვლას DC უპასუხოდ ვერ დატოვებდა, ამიტომაც მალევე თავად დაიწყო უფრო ზრდასრული მკითხველისთვის კონტენტის შექმნა. თავის კომიქსებში ახალი სისხლის შესატანად DC-მ აქტიურად დაიწყო Marvel-ში მომუშავე მწერლების გადმობირება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი „შენაძენი" ჯეკ კირბი იყო. მისი Marvel-იდან წასვლა კომიქსების ინდუსტრიაში ყველაზე პროდუქტიული და კრეატიული დუეტის (კირბის და სტენ ლის) დასასრული იყო.

70-იანი წლებისთვის კომიქსებმა ამერიკულ კულტურულ ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოახერხეს, რომ იმ დროისთვის არსებულ სოციალურ თემებზე კომენტარის გაკეთებასაც არ ერიდებოდნენ. პირიქით, ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს ამერიკის მთავრობამ თავად მიმართა DC-ს, რათა თავის კომიქსებში ახალგაზრდებში ნარკოტიკების გავრცელების საშიშროებისთვის გაემახვილებინათ ყურადღება, შედეგად მივიღეთ Green Lantern-ის და Green Arrow-ს ქროსოუვერი სახელად Snowbirds don't fly, რომელშიც მთავარი გმირები ერთი-ერთი ახალგაზრდა საიდქიქის ნარკოდამოკიდებულების შესახებ შეიტყობენ (რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ორივე სუპერგმირის კოსტიუმების ფერი მწვანეა, ვერ გეტყვით).

დღესდღეობით, ზრდასრული აუდიტორიისთვის კონტენტის შექმნის მხრივ, DC არათუ უტოლდება Marvel-ს, არამედ მასზე ბევრად წინ არის. ორივე კომპანიის პროდუქტების დიდი ნაწილის ფოკუსი სანახაობრიობაზე და ექშენზე კეთდება, ხოლო რომელი ართმევს ამ საქმეს თავს უკეთესად, სადავო საკითხია. ცნობადი პერსონაჟების მრავალფეროვნების გამო მე Marvel-ს უფრო ვემხრობი, მაგრამ როდესაც საქმე დახვეწილ ისტორიებს და ზრდასრულ აუდიტორიაზე გათვლილ კონტენტს ეხება, DC თავის კონკურენტს ნამდვილად უსწრებს.

საკულტო პერსონაჟებს შორის ეს პირველ რიგში ბეტმენის ისტორიებს ეხება, ფრენკ მილერის Dark Knight Returns და Batman: Year One და ალან მურის Killing Joke არა მხოლოდ პერსონაჟის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის არის გამოსარჩევი, არამედ მისი შავი ტონისთვის და არასაბავშვო კონტენტისთვის. საერთოდაც, ამ მხრივ ბეტმენი ყველაზე განებივრებული პერსონაჟია, მისი ისტორიები შეიძლება თავისუფლად ჯდებოდეს კომიქსების მეინსტრიმში მიღებულ სტანდარტებში და, ამავე დროს, რაღაც ახალსა და ინოვაციურს გვთავაზობდეს. თუმცა ეს საკმარისი არ არის Marvel-ის ერთი ხელის მოსმით ჩამოშორებისთვის.

DC-ის საიდუმლო იარაღი მისი შვილობილი კომპანია Vertigo-ა, რომელიც საავტორო კომიქსებზე აკეთებს აქცენტს და რომლის ლოგოს ქვეშ შექმნილი კომიქსები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც დავიწყე კომიქსების კითხვა, რატომაც მივიჩნევ მას ხელოვნების ფორმად და ვუყურებ ალმაცერად ყველას, ვინც კომიქსებს მხოლოდ ბავშვების გასართობად თვლის. Vertigo-ს ყველაზე პოპულარული კომიქსებიდან წმინდა სამეულს გამოვყოფდი, ეს არის ნილ გეიმანის Sandman, ალან მურის Swamp Thing და ჯეიმი დელანოს Hellblazer (თუმცა ამ უკანასკნელის მთავარი პერსონაჟი, კონსტანტინი, ალან მურის შექმნილია და პირველად მეორეხარისხოვან როლში Swamp Thing-ის კომიქსებში გამოჩნდა). გეიმანს და მურს თავისი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კომიქსების/გრაფიკული ნოველების კლიშეების დამსხვრევაში და მათი ზრდასრული აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომად გახდომაში. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ლიტერატურის ნებისმიერმა მოყვარულმა არ უნდა წაიკითხოს ისეთი გრაფიკული ნოველები, როგორიცაა Watchmen, V for Vendetta და The League of Extraordinary Gentlemen.

საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელია, ორივე სამყარო იმდენად დიდია და პერსონაჟების და ისტორიების იმხელა მრავალფეროვნებას სთავაზობს მკითხველს, რომ ყველას შეეძლება საკუთარი „კუთხის" გამონახვა. თავად კომპანიის მფლობელებიც კი ერთმანეთს უფრო როგორც კოლეგებს უყურებენ, ვიდრე კონკურენტებს, ამიტომაც Marvel-სა და DC-ს შორის არსებული „დაპირისპირება" მხოლოდ და მხოლოდ ფანბოიზმის მავნე გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.