კინო

ფრენჩაიზების ომი

Warner Bros.-ი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოკომპანიაა. მეტიც, XXI საუკუნეში კინობიზნესიდან მასზე მეტი შემოსავალი არავის მიუღია. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ უორნერს სულ უფრო მეტი ფულის დახარჯვა უწევს, რათა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს. მაგალითად, 2013 წელს WB-მა 34 ფილმი გამოუშვა, მაშინ როცა დიდი ექვსეულიდან (WB, Sony/Columbia, Buena Vista (დისნეი), Universal, Paramount, 20th century fox) 20 ფილმი ან მეტი მხოლოდ Sony-მ (20) გადაიღო. Warner Bros.-ის ბოსებს ახალი ფრენჩაიზები სჭირდებათ და ამისთვის საქმეში მძიმე არტილერია, ბეტმენი და სუპერმენი ჩართეს.

ყველაფერი 2008 წელს „რკინის კაცის" გამოსვლით დაიწყო. მაშინ ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ კომიქსების მწარმოებელი გიგანტი Marvel-ი თავისი კინოსამყაროს შექმნას იწყებდა. ტონი სტარკის ისტორია მორიგი ზაფხულის ბლოკბასტერი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე სიქველი მოჰყვებოდა. Marvel-ის გეგმები ბევრად მასშტაბური და რევოლუციური აღმოჩნდა. 2009 წელს კომიქსების გიგანტი Walt Disney-მ შეიძინა და Marvel-მაც მშვიდი ნაბიჯებით დაიწყო გეგმის განხორციელება.

რკინის კაცს ჰალკი მოჰყვა, შემდეგ თორზე გამოვიდა ფილმი, კაპიტან ამერიკასაც ეღირსა საკუთარი ეკრანიზაცია. ყველა ეს ფილმი ერთი დიდი, ახალი სამყაროს პატარა ნაწილი იყო. ყველა პროექტი ერთმანეთს უკავშირდებოდა და ყოველ მომდევნო ნამუშევარზე მინიშნებას ტოვებდა. ყველაფერი კი გრანდიოზულად, „შურისმაძიებლების" გამოსვლით დაგვირგვინდა. ჯოშ უიდონის ფილმში ზემოჩამოთვლილი სუპერგმირები გაერთიანდნენ და შემქმნელებმა ფენომენალური შედეგი მიიღეს – სუპერგმირების გუნდმა დისნეის 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, „შურისმაძიებლები" ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრებში მხოლოდ „ავატარსა" და „ტიტანიკს" ჩამორჩება. პროექტის წარმატება Marvel-ის ბოსებს თავში არ ავარდნიათ, კვლავ დინჯად განაგრძეს წინსვლა და სამყაროს გაფართოება. ყველა დიდ სუპერგმირზე გაგრძელებები გადაიღეს, რითიც გეგმის მეორე ფაზა დაიწყეს. ეს ეტაპი მომავალ წელს, „შურისმაძიებლები 2"-ის გამოსვლით დასრულდება. რაც მნიშვნელოვანია, Marvel-ი სხვა პერსონაჟებსაც არ ივიწყებს და თავის სამყაროში ახალი გმირები შემოჰყავს. წელს კინოეკრანებზე „გალაქტიკის გუშაგები" გამოვა, მომავალ წელს – „ადამიანი ჭიანჭველა".

Marvel-ის წარმატების ისტორიამ სხვა კინოკომპანიებიც გამოაცოცხლა. ამას ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის, რომ Marvel-ის იმ კომიქსის გმირებზე უფლებების შესანარჩუნებლად, რომელიც სხვებს ეკუთვნის, კინოკომპანიები ვალდებულები არიან 5 წელში ერთხელ ფილმი გადაიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებებს დაკარგავენ და ის გმირებიც დისნეის საკუთრება გახდება. ასეთი სუპერგმირები კი საკმაოდ ბევრია – ფანტასტიკური ოთხეული, იქს ადამიანები, სპაიდერმენი. მეორე ბიძგი გახდა Marvel-ის მაგალითი, რომ საკუთარი კინოსამყაროს შექმნა ათობით ახალ პროექტს ნიშნავს, რაც კინოთეატრის მაყურებლის რაოდენობას პროექტიდან პროექტამდე ზრდის. 20th century fox-მა იქს ადამიანების კინოსამყაროს გაფართოება დაიწყო. ძველი მუტანტები და ახლები ერთმანეთს დაუკავშირა, სულ მალე კი, Wolverine-ის მსგავსად, რამდენიმე მათგანზე ცალკე ფილმის გადაღებას აპირებს.
ფოქსი არ აპირებს მუტანტები ხელიდან გაუშვას და მაქსიმალურად შეეცდება მათ გამოწურვას, ჯერჯერობით იქს ადამიანები ამართლებენ და კომერციულად მოგებიანები არიან. 20th century fox-ის მეორე კოზირი „ფანტასტიკური ოთხეულია". კინოკომპანიამ პროექტის რიბუთი გააკეთა და ყველაფერს ნულიდან იწყებს. ის ნამუშევრები, სადაც ჯესიკა ალბა და კრის ევანსი თამაშობდნენ, შეგიძლიათ დაივიწყოთ. ახალი ფანტასტიკური ოთხეული, ახალი ისტორია იქნება. განახლებული სამსახიობო ანსამბლითა და რეჟისორით.

Sony/Columbia-ს იმედი ადამიანი ობობაა. სემ რეიმის სპაიდერმენის ხანა დასრულდა. ჯოშ უების მიერ გადაღებულმა პიტერ პარკერის ისტორიებმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. თუმცა Sony-ც არ აპირებს გულხელდაკრეფილ ჯდომას და ისიც საკუთარი სამყაროს შექმნას იწყებს. ამისთვის სპაიდერმენის მტრების მრავალრიცხოვანი არმიის გამოყენებას აპირებენ და მათზე ცალკე ფილმების გაკეთება სურთ. Sony/Columbia ცდილობს Marvel-ს მიბაძოს, მაგრამ სიჩქარეში უკვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა. Marvel-ი, სამყაროს შექმნასთან ერთად, კონკრეტული ნამუშევრების მნიშვნელობასაც არ ივიწყებდა და მისი თითოეული ნამუშევარი მეტ-ნაკლებად გამართული და საინტერესოა. „გასაოცარი ადამიანი ობობა 2" კი ერთ დიდ ტრეილერს ჰგავდა, რომელიც მაყურებელს სპაიდერმენის მორიგი ისტორიისთვის ამზადებს. ეს მორიგი ამბავი „Sinister Six" იქნება. ფილმი, სადაც პიტერ პარკერს ბოროტმოქმედების დიდ ექვსეულთან შებრძოლება მოუწევს.

Warner Bros.-ი „Marvel-ის ტრენდს" მოუმზადებელი შეხვდა. კინოკომპანიას დიდი პროექტების პრობლემა არ ჰქონია – „ჰარი პოტერისგან" უდიდესი მოგება მიიღო, ნოლანის ბეტმენის ფილმებიც წარმატებული ბლოკბასტერები გამოდგა, ჰობიტის ტრილოგია წელს დასრულდება და ბოლო ფილმი შემქმნელებს სულ ცოტა 800 მილიონს მაინც მოუტანს. WB-ის პრობლემა ისაა, რომ ეს ფრენჩაიზები დასრულდა. სუპერგმირების ერა დადგა. უორნერი DC-ის კომიქსის გმირებზე ფლობს უფლებებს, რაც მას საშუალებას აძლევს Marvel-ის წარმატება გაიმეოროს, ანალოგიური სუპერგმირების სამყარო შექმნას. Warner Bros.-ი სწორედ ამას აპირებს და ამ იდეის განსახორციელებლად დევიდ გოიერს უხმო.

გოიერი ნოლანის ბეტმენების სცენარის ავტორია და ერთ-ერთი საუკეთესო სცენარისტია, რომელიც სუპერგმირების თემაზე მუშაობს. მისი დავალება ერთი შეხედვით მარტივია. მან ჯერ სუპერმენ/ბეტმენის ერთობლივ ფილმზე კარგი სცენარი უნდა დაწეროს, შემდეგ კი „შურისმაძიებლების" DC-ისეული ანალოგი „სამართლიანობის ლიგა" უნდა გააკეთოს. Marvel-ისგან განსხვავებით, Warner Bros.-ი ჩქარობს და ამ სიჩქარეში შეიძლება ხარისხიანი პროდუქტის გამოშვება გაუჭირდეს. რკინის კაცი, ჰალკი და სამეგობრო თუ წლების განმავლობაში ნელ-ნელა ერთიანდებოდნენ ერთი ფილმისთვის, ბეტმენ/სუპერმენის საერთო ფილმში ერთბაშად ჩნდება რამდენიმე ახალი პერსონაჟი – ვანდერ ვუმენი და კიბორგი „სამართლიანობის ლიგის" წევრები არიან, მაგრამ მათ შესახებ მაყურებელმა ბევრი არაფერი იცის. ფილმში ბევრი ახალი გმირი კი დიდი რისკია, რომელიმე არ დაიკარგოს, მისი ხაზი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს.

Warner Bros.-ი აპირებს, „სამართლიანობის ლიგის" გამოსვლამდე კიდევ ერთი წევრი, ფლეში გააცნოს ხალხს. ფლეში დიდ ეკრანზე (ჯერჯერობით) არ გამოჩნდება, ის მაყურებლის გულის მოგებას საკუთარი სერიალით შეეცდება. WB-ს იმედი აქვს, რომ Marvel-ის წარმატებას გაიმეორებს. ამის პოტენციალი კი მის გმირებს ნამდვილად აქვთ. თუმცა არც დისნეი და Marvel-ი აპირებენ გაჩერებას. სატელევიზიო სივრცის ათვისება მათაც დაიწყეს და მომავალ წელს Netflix-ის ეკრანებზე დეარდევილი, ლუკ ქეიჯი, აირონ ფისთი და ჯესიკა ჯოუნსი გამოჩნდებიან. მათი ისტორიები კი, შემდეგ ერთ სერიალში (შეიძლება მომავალში ფილმშიც) „დამცველები" გაერთიანდება.

დამცველები, შურისმაძიებლები, გალაქტიკის გუშაგები – ამ ყველაფრის გაერთიანებით Marvel-ი ფაქტობრივად ბლოკბასტერებში ცალკე რეალობას ქმნის, სადაც მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. დღეს Marvel-ი მთელ ინდუსტრიას მოდას კარნახობს და ჯერჯერობით ეს კარგად გამოსდის. დისნეიც კმაყოფილია, Marvel-ს სრული დამოუკიდებლობა მისცა და მხოლოდ შედეგს იბარებს. მიკი მაუსის შემქმნელებს სუპერგმირებისთვის არ სცალიათ. ისინი ჯორჯ ლუკასის ქმნილების, „ვარსკვლავური ომების" ახალ ეპიზოდებს ამზადებენ და Marvel-ის გზის გავლას გეგმავენ. სულ მალე „სტარ ვორსის" სხვადასხვა პერსონაჟებზე ცალკე ფილმებს იხილავთ.

კომენტარები