წიკლაური: ბიულეტენების გამტაცებელ ოცნების წევრებს მსუბუქი ბრალი წარუდგინეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე არჩევნების დღეს მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში ბიულეტენების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. 15 ივნისს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, დოშაყეს საარჩევნო ოლქის მე-16 უბანში, რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით უბნიდან ყველა დოკუმენტაცია გაიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარიდან რამდენიმე საათში განაცხადეს, რომ გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

”მას შემდეგ, რაც გამტაცებლები დააკავეს, მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება 162-ე მუხლით, რაც გაცილებით მსუბუქი ბრალია და გულისხმობს არჩევნებისთვის ხელის შეშლას. აღმოჩნდა, დაკავებული თავდამსხმელებიდან ერთი წარმოადგენდა კოალიცია ქართული ოცნების ადგილობრივ კანდიდატს ბაკურ ქობალიას, ხოლო მეორე არის ამავე უბანზე რესპუბლიკური პარტიიდან დანიშნული წევრის გია ჯოჯუას ვაჟი ედიკ ჯოჯუა”, - ამბობს წიკლაური.

წიკლაურმა ასევე დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან დარღვევის აღკვეთისთვის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ხულიგნობის მძიმე ბრალი წარუდგინეს. წიკლაურმა ასევე ხონისა და ცაგერის შემთხვევებიც გაიხსენა, სადაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატები დაპატიმრებულები არიან.

”ეს ყველაფერი მიუთითებს ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე ”, - განაცხადა წიკლაურმა.

კომენტარები