დავით ნარმანიას დედამ და კოკის კომისიის სხვა წევრებმა გაფრთხილება მიიღეს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, სოფელ კოკის 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის რამდენიმე წევრს, მათ შორის დავით ნარმანიას დედას, გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ ტაბულას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კვარაცხელიამ უთხრა. მისი განცხადებით, გაფრთხილება მიიღო ყველა იმ პირმა, რომელიც გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს. კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ კომისია მსჯელობდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის სხვა ზომაზეც - ხელფასის დაკავებაზე. თუმცა, მისი თქმით, კომისიის წევრებმა, ამ შემთხვევაში, საჭიროდ გაფრთხილების გაცემა ჩათვალეს და შესაბამისი განკარგულებაც მიიღეს.

"სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად და არაჯეროვნად შესრულების გამო, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 97-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თემურ შენგელიას, კომისიის წევრებს ნორა თოდუას, ეკა დგებუაძეს, გია კვარცხელიას და მანანა ხუბუას მიმართ გამოყენებული იქნას დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა: გაფრთხილება", - ნათქვამია ზუგდიდის საოლქო კომისიის 20 ივნისის განკარგულებაში.

ცნობისთვის, გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა ნორა თოდუა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვს. ენმ-ის ინფორმაციით, ვიდეომასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე უბანზეა გადაღებული, სადაც ნორა თოდუა საარჩევნო კომისიის წევრი იყო და "პირადად აკონტროლებდა, რომელ ნომერს ხაზავდა უბანზე მისული ამომრჩეველი".

კომენტარები