გიგი უგულავას საქმე

უგულავა: დღეს სასამართლოსთვის იქნება ტესტი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე

Gigi Ugulava
Tabula

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით, "დღევანდელი დღე სასამართლოსთვის იქნება ტესტი - არის თუ არა ის ორგანიზებულ გარიგებაში შესული მთავრობასთან და პროკურატურასთან". ამის შესახებ უგულავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე თქვა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში პროკურატურა არ ცხადდება ჩემს სასამართლო პროცესზე. დღეს, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა გამოცხადდება, მაგრამ საქმე ექნება მომდევნო ფარსს და მე იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს. კერძოდ, პროკურატურა ჩვენს შუამდგომლობაზე საპასუხოდ, რომელიც ჩემს თანამდებობაზე აღდგენას ეხება, დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქალაქო სასამართლოს და ამ მოსამართლის განსახილველი ეს თემა არ არის და მოითხოვს, ეს საკითხი გადამისამართდეს საოლქო სააპელაციო სასამართლოში. საოლქო სააპელაციო სასამართლოს კანონით აქვს შემდეგ ორი კვირა ვადა, რომ განიხილოს - მიიღოს თუ არა ეს საჩივარი და შესაბამისად, შემდეგ ერთი კვირა. სულ, ჯამში გამოდის სამი კვირა იმისათვის, რომ ეს შუამდგომლობა განიხილოს" - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ "დღეს სასამართლოსთვის იქნება ტესტი თავისუფლებაზე".

"ანუ გვაქვს თუ არა ჩვენ თავისუფალი სასამართლო, რომელმაც გაუძლო იმას, რომ პროკურატურა მთელი ერთი თვის განმავლობაში აყენებდა შეურაცხყოფას და არ ცხადდებოდა პროკურორების სემინარზე ყოფნის მიზეზით. თუ ასე პილატესავით დაიბანს ხელს, ვითომ მისი განსახილველი ეს საკითხი არ არის. სინამდვილეში, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება სწორედ ვადების გამოა ასეთ მძიმე მდგომარეობაში და ასეთ გაუგებარ და შეურაცხმყოფელ ხერხებს მიმართავს ვადებთან დაკავშირებული საკითხის გამო. მოგეხსენებათ, არჩევნები კარზეა მომდგარი . ამიტომ, ეს იქნება ტესტი - რამდენად არის სასამართლო დამოუკიდებელი. ეს საქმე არ ეხება ჩემს აღდგენას, საქმე ეხება სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას და ვნახავთ, რამდენად დამოუკიდებელია ის" - თქვა უგულავამ პროცესის დაწყებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხის განხილვას დღეს აგრძელებს. უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე პოზიციას პროკურატურა დააფიქსირებს. დაცვის მხარის მოთხოვნაა, გაუქმდეს ის განჩინება, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ორჯერ გადაიდო. საქმის განხილვის გადადების მიზეზი სასამართლოში პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.

ცნობისთვის, 23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს "ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას". სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები