გიგი უგულავას საქმე

უგულავასთვის უფლებამოსილების აღდგენაზე გადაწყვეტილება 25 ივნისს გამოცხადდება

გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მაია შოშიაშვილი 25 ივნისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს. მოსამართლე სათათბიროდ მას შემდეგ გავიდა, რაც დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობაზე პროკურორებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქალაქო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, პროკურორების აზრით, არ არსებობს 2013 წლის დეკემბერში მიღებული განაჩენის გაუქმების საფუძველი, რომლითაც გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა. 

"უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის მოსამართლემ ანუ თქვენი დონის მოსამართლემ. თქვენ არ ხართ უფლებამოსილი თქვენივე დონის მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმოთ. თუკი განიხილავთ დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას, თქვენ შეითავსებთ აპელაციის ფუნქციას", - მიმართა მოსამართლე მაია შოშიაშვილს პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ. 

ბრალდების მხარის პოზიცია მიუღებელია გიგი უგულავასთვის, რომელსაც პროკურორმა შეახსენა, რომ განათლებით იურისტი არ არის. 

"პროკურატურა ახლა ცდილობს სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის გადამისამართებით კიდევ უფრო გაწელოს ჩემი უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტა. დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში განხილვას და ამით მთავრობა მინიმუმამდე დაიყვანს იმ შიშს, რომელიც ამ საკითხისადმი გააჩნია. ახლა იტყვიან, რომ ჩემი ნათქვამი მართალი არ არის, მაგრამ კოლბაში არ ვცხოვრობ და ყველამ იცის, რომ რასაც ვამბობ, სიმართლეა. პროკურორმა ახსენა, რომ მე განათლებით იურისტი არ ავარ, მე მას ვეტყვი, რომ ფილოსოფოსი ვარ, თუმცა შევახსენებ კონფუცის სიტყვებს "ბრძენი ქმნის კანონს, სულელი ამით შემოიფარგლება". მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებით ჩვეულებრივ მოქალაქეს ჩაუნერგავთ რწმენას მართლმსაჯულების მიმართ", - განაცხადა გიგი უგულავამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები