ტრეფიკინგი საქართველოში

შსს: ხელისუფლებამ გააუმჯობესა ტრეფიკინგთან ბრძოლისკენ მიმართული ძალისხმევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სექსუალური ექსპლუატაციის და იძულებითი შრომის კუთხით ტრეფიკინგის წყაროსა და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს, ხელისუფლებამ გააუმჯობესა ტრეფიკინგთან ბრძოლისკენ მიმართული ძალისხმევა; კერძოდ, 2013 წელს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მსჯავრდებულთა რაოდენობამ ხუთი შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, 2010 წელს გასამართლებულია მხოლოდ ერთი პიროვნება, ხოლო 2012 წელს - არცერთი. ასევე, საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლინდა სექსუალური ექსპლუატაციის 42 მსხვერპლი, რაც მეტია წინა წელს გამოვლენილ 18 მსხვერპლთან შედარებით.

პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ტრეფიკინგის საკითხებში გადამზადებასა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, წლის განმავლობაში, მუდმივად ტარდებოდა სხვადასხვა ტრენინგები. ამავდროულად, ექსპერტთა დაკვირვებით,საჭიროა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაკითხვისა და გამოვლენის ტექნიკის გაუმჯობესება.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა მსხვერპლთა 2 თავშესაფარი, რომლებშიც საანგარიშო წლის განმავლობაში 15 ადამიანს გაუწიეს კვალიფიციური სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარება; 29 ტრეფიკინგის მსხვერპლმა მიიღო სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება დაახლოებით 650$ ოდენობით - 2012 წელს მსგავსი დახმარება მიიღო მხოლოდ ხუთმა ადამიანმა. 2013 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, ტრეფიკინგის უცხოელ მსხვერპლთათვის დასაქმების და სხვაგვარი მხარდაჭერის გაწევის, მათ შორის რეპატრიაციის შესახებ.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის პრევენციის ზომების მიღებას: წლის განმავლობაში იმართებოდა ფართე საინფორმაციო კამპანიები, მთავრობის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრეფიკინგის შესახებ რამდენიმე სატელევიზიო შოუში; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად გამოიცა სპეციალური ბროშურები ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების შესახებ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც გავრცელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში და საზღვარგარეთ, საკონსულო დახმარების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით; ტრეფიკინგის შესახებ მასალები დაურიგდათ ბავშვთა თავშესაფრებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. ასევე კვლავინდებურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცხელი ხაზი" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები