Isfed: საარჩევნო ადმინისტრაციამ პრობლემურ უბნებზე შედეგები თავიდან გადათვალოს

სამართლიანი არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციას პრობლემურ უბნებზე შედეგების ხელახალი გადათვლისკენ მოუწოდებს. ISFED-ის განცხადებით, "საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ასევე, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელთა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დისბალანსები და გადასწორებები". სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლას უნდა დაესწროს ყველა დაინტერესებული  მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 "ვიმედოვნებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გაითვალისწინებს  და განახორციელებს შედეგების ხელახლა გადათვლას, რაც, ვფიქრობთ,  უზრუნველყოფს  საარჩევნო პროცესისადმი და შედეგებისადმი სანდოობის გაზრდას და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას" - აცხადებს Isfed და აღნიშნავს, რომ ასობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 1000-ზე მეტი  ხარვეზი და დარღვევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.  
 
"500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოქმს აკლდა საჭირო რეკვიზიტები, როგორიც არის კომისიის ბეჭედი, საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერები, ოქმის შედგენის თარიღი და სხვა; იყო შემთხვევები, როდესაც თითოეულ შემაჯამებელ ოქმს აკლდა რამდენიმე აუცილებელი რეკვიზიტი;  500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ იყო დაცული ბალანსი; რიგ შემთხვევებში ოქმებს საარჩევნო უბნებზე დაურთეს შესწორების ოქმები, თუმცა, უმეტესწილად, შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ან ახსნა-განმარტების ოქმები მოგვიანებით დაურთო საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ; 50-ზე მეტ შედეგების შემაჯამებელ ოქმში გადაკეთებული იყო ერთი ან რამდენიმე მონაცემი; შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორების ყველაზე მეტი (24) შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებში; საერთო ჯამში, შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და ქალაქ თბილისში" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები და აღნიშნავს, რომ 15 ივნისის არჩევნებზე დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, ISFED-ის განმარტებით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი (1%) გაიზარდა 4%-ით და მთელი საქართველოს მასშტაბით 5% შეადგინა;
 
"ბათილი ბიულეტენების პროცენტული მონაცემი ყველაზე მაღალია პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით და საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. გამგებლისა და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელია 4%. ყველაზე დაბალია მერის შემაჯამებელი ოქმების ბათილი ბიულეტენების  საშუალო მაჩვენებელი (4%) და ემთხვევა 2010 წლის არჩევნების ბათილობის მონაცემს; მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 3.0%-ზე (110) ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 10%-ზე მაღალია გამგებლის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით - საარჩევნო უბნების 5.3%-ზე (193) და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით  - საარჩევნო უბნების 4.7%-ზე (170). საერთო ჯამში, 10%-ზე მაღალი ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით დაფიქსირდა მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 13%-ზე , რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია; ბათილი ბიულეტენების ყველაზე მაღალი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი (8-9%) დაფიქსირდა ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და ასევე საგარეჯოს ოლქში. აღნიშნული რეგიონების რამდენიმე ოლქის საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 15%-ზე მაღალია: საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, წალკა, ადიგენი, ნინოწმინდა. შედარებით მცირეა საარჩევნო უბნების რაოდენობა სხვა ოლქებში, სადაც ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი ასევე მაღალია - მაგალითად, გორი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მესტია" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

კომენტარები