აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა ტელეფონით ისაუბრეს

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ტელეფონით ისაუბრეს. აბაშიძის თქმით, საუბარი შეეხო ორმხრივი დიალოგის ფორმატში მორიგ შეხვედრას, რომელიც ივლისის პირველ ნახევარში პრაღაში გაიმართება. 

"ჩვენ გვაქვს ჩვენი თემები, რაზეც ვსაუბრობთ. ეს თემები უმთავრესად დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან, ჰუმანიტარულ საკითხებთან და სხვა პრაქტიკულ საკითხებთან", - აღნიშნა აბაშიძემ. 

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციითვე, აბაშიძე-კარასინს შორის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე პრაღაში გაიმართება ქართველ და რუს ექსპერტთა შეხვედრა. აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილესთან აღნიშნულ საკითხეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხება სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საუბარი იქნება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზეც. 

"ექსპერტები გააანალიზებენ იმ სამუშაოს, რომელიც გაწეულია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთთან ეს დიალოგი დაიწყო და იმსჯელებენ სამომავლო პერსპექტივებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საექსპერტო შეხვედრა შედგება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბუნებრივია, ამაზეც იქნება საუბარი. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას არანაირად არ განვიხილავთ იმ კონტექსტში, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთთან თუ სხვა მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ევროპელი კოლეგები ცალსახად მხარს უჭერენ ასეთი საექსპერტო შეხვედრის გამართვას", - განაცხადა აბაშიძემ და ივარაუდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე საუბარი მასსა და კარასინს შორისაც შედგება.

კომენტარები