სოფლის მეურნეობა

სასამართლომ მიწების გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო

REUTERS

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ, არაკონსტიტუციურად სცნო. 

2013 წლის 28 ივნისის კანონით ცვლილებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩრებულიყო რიგი ფიზიკური პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა მიმართა. სარჩელის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორის გამჭვირვალეობა საქართველოს (TI) იურისტთა გუნდი. პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და სასამართლომ ნორმა ძალადაკარგულად ცნო.  

TI-ს იურისტი, გია გვილავა, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩანაწერი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებული მორატორიუმით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მათ გასხვისებას კრძალავდა, თავისი შინაარსით არაკონსტიტუციურად აღიარეს, შესაბამისად შეზღუდვა სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე უნდა გაუქმდეს. 

ერთხელ უკვე ნამსჯელი აქვს ამაზე სასამართლოს და ასეთი განაწესი ზოგადად აღიარა არაკონსტიტუციურად და ახლა უბრალოდ ამის გამეორება მოხდა. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა შეზღუდვა დროებითია თუ სამუდამო, ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება არის თანაბრად არაკონსტიტუციური, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაყოვნებლივ - ამბობს გვილავა. 

იურისტის თანახმად, კანონში ჩანაწერის გაკეთებისას პარლამენტის მხრიდან მსჯელობა არაარგუმენტირებული იყო, რადგან უკვე ცნობილი იყო, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით წესდება ის. 

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა მიზეზად სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვიანობის მოწესრიგება დაასახელა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ტაბულას უთხრეს, რომ პარლამენტმა, როგორც მოპასუხე მხარემ, კანონში ცვლილების შეტანის დასასაბუთებლად დაასახელა ლეგიტიმური მიზნები, როგორიც არის სახელმწიფო და ეკონომიკური უსაფრთხოება დაცვის მიზნით მიღებული ცვლილება, თუმცა ეს ლეგიტიმური მიზნები სასამართლომ არ ჩათვალა შეზღუდვის დაწესების თანაზომიერად და კანონი 2013 წლის რედაქციით არაკონსტიტუცურად ცნო. 

თუ რამე ახალს არ მოიფიქრებს პარლამენტი, წესით დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში უნდა შევიდეს - ამბობს გვილავა. 

TI-ში მიაჩიათ, რომ 2013 წელს შეზღუდვები არ უნდა მიეღოთ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი იყო მსგავსი ჩანაწერების არაკონსტიტუციური ხასიათი, მიუხედავად ამისა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა. გვილავა ამბობს, რომ კონსტიტუციურად მსგავსი რამის შემოღება ნებისმიერი დროით აღარ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სამჯერ და ოთხჯერ მთავრობას ერთი და იგივე არ უნდა ეშლებოდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტი კანონშემოქმედებითი ორგანოა. შესაბამისად კანონების მიღება მისი პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ იგივე შინაარსის ნორმას მიიღებენ და გამოჩნდა მოსარჩელე, რომლის სარჩელსაც სასამართლო შეაფასებს და დაადგენს, რომ ნორმის შინაარსი არ განსხვავდება იმ შინაარსისგან, რომელიც მათ არაკონსტიტუციურად ცნეს, სასამართლო მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას საკითხის არსებითი განხილვის გარეშე. 

TI-ს იურისტი, გია გვილავა, ამბობს, რომ შესაძლებელია შემუშავდეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვის პოლიტიკა და შემოღებული იქნეს გარკვეული უსაფრთხოების კრიტერიუმები, რომელიც მისივე თქმით, რიგ ქვეყნებში არსებობს, თუმცა ამას TI არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი კიდევ ერთ საკონსტიტუციო სარჩელს ვერ აცდება.

კომენტარები