ოკუპირებული ტერიტორიები

ბურჯანაძე მთავრობისგან რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებს მოითხოვს

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მნიშვნელოვანი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დაბრუნებაა,  - ამის შესახებ 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.  

ცხინვალის ე. წ. პარლამენტის სპიკერის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო უდიდესი საფრთხის წინაშე დგას და მისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებია.

 „თუ ამ რეფერენდუმის შემდეგ ჩვენი მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ჩვენი ქვეყნის ბედი მთლიანად იქნება დამოკიდებული რუსეთის ე.წ .კეთილ ნებაზე. იმიტომ რომ ამ რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახელმწიფო საზღვარმა გაიაროს გორიდან რამდენიმე კილომეტრში, რასაც სავარაუდოდ მოყვება თბილისი-სენაკის მაგისტრალის გადაკეტვა, რამაც ქვეყანა შეიძლება ორად გაყოს“,  -აღნშნი ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებს. „მე არ ვიცი რა გარანტიები აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ახლა. სამარცხვინოა, ჩვენი ხელისუფლების უსუსურობა და უუნარობა, არ მინდა ვიფიქრო რომ ხელისუფლება ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის სანაცვლოდ უარს ამბობს საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე, ჩვენს სისხლსა და ხორცზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე", - აღნიშნა ბურჯანაძემ. 

მან საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდა, გააკეთოს ყველაფერს იმისათვის, რომ შედგეს პირდაპირი შეხვედრა და დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან. 

კომენტარები