გიგი უგულავა

უგულავასთვის უფლებამოსილების აღდგენაზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო. 
როგორც ადვოკატმა გიზო უგლავამ ტაბულას უთხრა, მას დაურეკა მოსამართლე მაია შოშიაშვილის თანაშემწემ და აცნობა, რომ მოსამართლე უგულავას მხარის შუამდგომლობაზე სათათბირო ვადას ახანგრძლივებს და გადაწყვეტილებას ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

"ეს არის ოფიციალური მიზეზი, მაგრამ ფაქტია, მაგრამ შუამდგომლობის დაყენებიდან დღემდე, ყველანაირი თითიდან გამოწოვილი მიზეზები ცხადდება, რომ რაც შეიძლება, გაჭიანურდეს გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, ხვალ კიდევ სხვა მიზეზი გამოცხადდება და ასე იქნება მეორე ტურის დამთავრებამდე" - თქვა უგლავამ.

გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილება მოსამართლე მაია შოშიაშვილი დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა. წინა პროცესზე, რომელიც 20 ივნისს გაიმართა, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე პროკურორებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქალაქო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, პროკურორების აზრით, არ არსებობს 2013 წლის დეკემბერში მიღებული განაჩენის გაუქმების საფუძველი, რომლითაც გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა. 

"უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის მოსამართლემ ანუ თქვენი დონის მოსამართლემ. თქვენ არ ხართ უფლებამოსილი თქვენივე დონის მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმოთ. თუკი განიხილავთ დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას, თქვენ შეითავსებთ აპელაციის ფუნქციას", - მიმართა მოსამართლე მაია შოშიაშვილს პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ. 

ბრალდების მხარის პოზიცია მიუღებელია გიგი უგულავასთვის, რომელსაც პროკურორმა შეახსენა, რომ განათლებით იურისტი არ არის. 

"პროკურატურა ახლა ცდილობს, სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის გადამისამართებით კიდევ უფრო გაწელოს ჩემი უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტა. დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში განხილვას და ამით მთავრობა მინიმუმამდე დაიყვანს იმ შიშს, რომელიც ამ საკითხისადმი გააჩნია. ახლა იტყვიან, რომ ჩემი ნათქვამი მართალი არ არის, მაგრამ კოლბაში არ ვცხოვრობ და ყველამ იცის, რომ რასაც ვამბობ, სიმართლეა. პროკურორმა ახსენა, რომ მე განათლებით იურისტი არ ავარ, მე მას ვეტყვი, რომ ფილოსოფოსი ვარ, თუმცა შევახსენებ კონფუცის სიტყვებს "ბრძენი ქმნის კანონს, სულელი ამით შემოიფარგლება". მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებით ჩვეულებრივ მოქალაქეს ჩაუნერგავთ რწმენას მართლმსაჯულების მიმართ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები