კრიზისი უკრაინაში

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინაში ჯარების გამოყენების ნებართვა უკან გაიწვია

რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრაქტიკულად ერთხმად გაიწვია უკან პრეზიდენტისთვის მიცემული ნებართვა უკრაინაში შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზედა პალატამ ვლადიმირ პუტინის თხოვნით მიიღო. 

პუტინის გადაწყვეტილება მოიწონა უკრაინის პრეზიდენტმა. თუმცა, პარალელურად, პეტრო პოროშენკომ ბრძანება გასცა ტერორისტების თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ცეცხლის დაუყოვნებლივ გახსნის შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტერორისტებმა დაარღვიეს საკუთარი პირობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სლავიანსკის მიდამოებში უკრაინული ვერტმფრენი ჩამოადგეს. ამ ინციდენტს 9 უკრაინელი სამხედრო შეეწირა. ბლოკსაგუშაგოზე გუშინ მომხდარ თავდასხმას კიდევ ორი სამხედროც ემსხვერპლა. დონეცკის ოლქში კი, დღე-ღამის განმავლობაში რკინიგზა 7-ჯერ ააფეთქეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ივნისამდე მოქმედებს, თუმცა პოროშენკოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა ის ვადაზე ადრე შეწყვიტოს.

ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების შეყვანაზე უარის თქმის მიუხედავად, სეპარატისტების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

"შვიდი დღე ცეცხლის შეწყვეტისთვის ცოტაა, საჭიროა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ მხარეთა შორის შეთანხმება. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რაც ხდება. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ეთნიკურ რუსებს უკრაინაში, სიტუაციას გავაკონტროლებთ და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ. იმედია, ამისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენება არ დაგვჭირდება. არ შეიძლება აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხი განვაიარაღოთ, როდესაც უკრაინაში რადიკალური ჯგუფები შეიარაღებული არიან", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები