სამომხმარებლო ბაზარი

ფუდმარტს ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი SPAR ჩაანაცვლებს

SPAR-ის სუპერმარკეტი ხორვატიის ქალაქ ზადარში
SPAR

საქართველოში ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი SPAR დაიწყებს ფუნქციონირებას.

დღეს, 25 ივნისს, სასტუმრო რედისონში ქართული სავაჭრო ქსელის ფუდმარტისა და სავაჭრო ბრენდის SPAR International-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ფუდმარტი და იოლი SPAR-ის ფრენჩაიზერები გახდებიან.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ ფუდმარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარე, გიორგი ჩუბინიშვილი, და SPAR International-ის საერთაშორისო ბიზნესის განვითარების დირექტორი, დევიდ მური.  

SPAR-ის საფასო პოლიტიკა გათვლილია საშუალო შემოსავლების მქონე მომხმარებელზე და საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება მათ ფუდმარტთან 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტეს.

ფუდმარტისა და იოლის მაღაზიათა ქსელი 51 ობიექტს მოიცავს და ყოველდღიურად 50 ათასი მომხმარებელი ჰყავს. SPAR-თან დადებული შეთანხმებით მოხდება ამ ობიექტების სრული რებრენდინგი. პირველი მაღაზია SPAR-ის ბრენდის ქვეშ ივლისში გაიხსნება. წლის ბოლომდე კი ეტაპობრივად  ფუდმარტისა და იოლის ყველა მაღაზია ჩანაცვლდება.

ფრენჩაიზინგის მიმართულებით ფუდმარტმა $7 მილიონიანი ინვესტიცია უკვე განახორციელა და დამატებით $7 მილიონია დაგეგმილი მისი სრული რებრენდიგისთვის. ფუდმარტის მენეჯმენტი ასევე ამბობს, რომ სასამართლო დავა, რომელშიც ისინი პოპულთან იყვნენ ჩართულნი, მოგვარებულია და პრობლემა ამ მიმართულებით ქსელს აღარ აქვს. შეგახსენებთ, რომ პოპულის დამფუძნებელმა, ევგენი ფიჩხიამ, ფუდმარტის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანა. 

SPAR International-ის საერთაშორისო ბიზნესგანვითარების დირექტორი დევიდ მურის  თქმით,  2018 წლისთვის დაგეგმილია ახალი მაღაზიების გახსნა და ქართული ქსელის 80 ობიექტამდე გაფართოება.

SPAR-ს  35 ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ობიექტი აქვს, რაც მას მსოფლიოს უმსხვილეს მაღაზიათა ქსელად აქცევს. 2013 წელს მისმა ბრუნვამ 32 მილიარდი ევრო შეადგინა. ფირმა წაროდგენილია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ბაზარზე. ბრენდი ყოველწლიურად ფართოვდება წელს მას შეემატებიან: საქართველო, კატარი, ლიბანი და ანგოლა.

კომენტარები