ასოცირების შეთანხმება

აბაშიძე: მივაღწიეთ, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას რუსეთი არ გვიშლის

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "ჩვენ მივედით იმ დღემდე, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება". როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, ეს ყველაფერი თავისთავად არ მომხდარა და ამას დიდი ძალისხმევა, მონდომება და პროფესიონალიზმი დასჭირდა. 

"როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ისე მოვაწერთ, რომ რუსეთისგან სერიოზული ხელისშემშლელი წინააღმდეგობა არ შეგვხდება, ეს საქართველოში ბევრს არ ეჯერა, ოპონენტებსაც და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენ მივედით იმ დღემდე როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა, დიდი მონდომება და პროფესიონალიზმი დასჭირდა. ყველაფერი თავისთავად არ მომხადარა, ამიტომ ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზული წარმატებაა. რა იქნება მომავალში, რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ახლო მომავალში გაირკვევა. მე შევხდები ჩემს კოლეგას ივლისის პირველ ნახევარში პრაღაში, მანამდე გაიმართება ექსპერტთა შეხვედრა სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე და იქ ჩვენ გავიგებთ თუ რას ფიქრობს რუსეთი სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობების მომავალზე. ამჯერად არ ვარ იმის მომხრე ზედმეტი დრამატიზირება მოვახდინოთ და კატასტროფული სცენარების მოლოდინში ვიყოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ და არ გამორიცხა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით საკუთარ პირობებს გადახედოს. 

"შეიძლება რაღაც პირობები შეიცვალოს, რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს მცდელობა გადაიხედოს ვაჭრობის პარამეტრები, რაც გამოჩნდება. ჯერჯერობით, იმის მოლოდინი, რომ მთლიანად ჩაიკეტება სავაჭრო ურთიერთობები, არ მაქვს. შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ის თუ რა შეიცვლება, ეს ივლისის დასაწყისშივე გამოჩნდება", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველო ხვალ, 09:00-ზე მოაწერს.

კომენტარები