გიგი უგულავას საქმე

მოსამართლე: უგულავას შუამდგომლობა ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე გავაუქმეთ

"მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გიგი უგულავას შუამდგომლობა ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმებულია" - ამის შესახებ მოსამართლე მაია შოშიაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. მოსამართლის თქმით, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, განიხილა ახალი შუამდგომლობა დაყენებული შუამდგომლობის გაუქმებასთან დაკავშირებით. 

"სასამართლო ემზადებოდა უფლებამოსილების თაობაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის, გუშინ შემოვიდა უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა, ზემოხსენებული შუამდგომლობის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდებულმა დააყენა მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მის ინტერესებს შეეხებოდა, ამიტომ განიხილა სასამართლომ ახალი შუამდგომლობა და ბრალდებულის ინტერესიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია დაბრკოლებად, რომ სასამართლომ ბოლო შუამდგომლობაზე ბრალდებულს უარი უთხრას, - განაცხადა მაია შოშიაშვილმა. 

გიგი უგულავამ მერის უფლებამოსილების აღდგენის მიმართულებით სამართლებრივი ბრძოლა შეწყვიტა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, შუამდგომლობის გაუქმებით გიგი უგულავამ სასამართლოს და პროკურატურას მოუხსნა ის უხერხულობა, რომელიც ამ საკითხმა გააჩინა. ადვოკატმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თანამდებობრივი უფლებამოსილების აღდგენის შუამდგომლობით არც სხვა ინსტანციის სასამართლოში აპირებს შუამდგომლობის დაყენებას. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ნათია სონღულაშვილის შეფასებით, გიგი უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე შუამდგომლობის გაუქმებით თავიდან აიცილა სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილება. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მერის უფლებამოსილების აღდგენას შეეხებოდა, პროკურორების მივლინებაში ყოფნის მიზეზით, რამდენჯერმე გადაიდო. ასევე, მოსამართლემ გუშინ, სათათბირო დროის გახანგრძლივების მოტივით, გადადო გადაწყვეტილების გამოცხადება. სწორედ ამის შემდეგ დანიშნა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგი და განაცხადა, რომ "კომედიას ასრულებს" და უფლებამოსილების აღდენისთვის ბრძოლას წყვეტს.

კომენტარები