0 კომენტარი

1 ივლისს ევროპარლამენტმა ახალი შემადგენლობით განაახლა მუშაობა. მაისში გამართული არჩევნების შემდეგ ევროპული სათათბირო ორგანოს უმრავლესობაში კვლავ კონსერვატორი სახალხო პარტია რჩება, თუმცა ახალი მოწვევის პარლამენტში ევროსკეპტიკოსი პოპულისტი დეპუტატების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა – 30% მოხვდა. შედეგად, ისტორიაში პირველად, ევროპული იდეის მოწინააღმდეგეებს შანსი ეძლევათ, 28-წევრიანი ბლოკის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ.

ევროპარლამენტი ევროკავშირის 4 მთავარი ინსტიტუციიდან ერთ-ერთია და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს. ევროდეპუტატები 1979 წლიდან პირდაპირი არჩევნების გზით, 5 წლით აირჩევიან. 380 მილიონი ევროპელი ამომრჩეველი, რომელიც ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური ელექტორატია, არჩევანს საკუთარ ქვეყანაში რეგისტრირებული პარტიებიდან აკეთებს, არჩეული პოლიტიკური ძალები კი ევროპარლამენტში იდეოლოგიური კუთვნილების მიხედვით ჯგუფდებიან.

მარინ ლე პენი და ჰოლანდიელი ულტრამემარჯვენე გეერტ ვილდერსი ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას ზეიმობენ. ბრიუსელი ფოტო: AFP
23-25 მაისის არჩევნების შემდეგ 43%-იანი აქტივობის ფონზე სტრასბურგში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მემარჯვენე ცენტრისტული პლატფორმის ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) 221 (29%), ხოლო ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესისტულმა ალიანსმა (S&D) 191 მანდატი (25%) მიიღო.

დარჩენილი ადგილები ანტიფედერალისტ ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს (ECR), ევროპული ინტეგრაციის მომხრე ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE), ევროპელ მწვანეებს (Greens/EFA), ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეებს (GUE/NGL), ევროსკეპტიკურ თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპას (EFD), მიუმხრობელ დეპუტატებსა და ახლადარჩეულ და ჯერჯერობით რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან დაუკავშირებელ წევრებს შორის გადანაწილდა.

2014 წლის არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ევროსკეპტიკური პლატფორმის პარტიების უპრეცედენტო წარმატებაა. საფრანგეთში მარინ ლე პენის ანტიიმიგრაციული, ნაციონალისტურ-პოპულისტური ეროვნული ფრონტი (FN) ხმების 25%-ით პირველ ადგილზე მოექცა და ევროპარლამენტში ფრანგული 73 მანდატიდან 24 მოიპოვა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ – სახალხო მოძრაობის კავშირმა (UMP) 21% და 20 ევროდეპუტატის გაყვანის უფლება, ხოლო ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ მხოლოდ 14% და სტრასბურგში 13 ადგილი მოიპოვა.

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პოპულისტი პარტიის გამარჯვება ისტორიაში პირველია და უკვე შეადარეს „პოლიტიკურ მიწისძვრას". მარინ ლე პენი, რომელიც ეროვნულ ფრონტს სათავეში 2011 წლიდან ჩაუდგა, მოითხოვს საფრანგეთის ევროზონიდან გამოსვლას, ეროვნული ვალუტის აღდგენას, ევროკავშირის სივრცეში საზღვრების დაწესებას, იმიგრანტებისთვის კვოტების შემოღებას და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას. რუსული ტურნეს შემდეგ, ლე პენი აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი ევროპის მისაბაძი ლიდერია, ხოლო საფრანგეთის წამყვან პარტიებს იდეოლოგიური ხაზის ორივე მხარეს უმოქმედობასა და საფრანგეთის ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებდა.

ლე პენის წარმატება დიდწილად სწორედ მეინსტრიმ პარტიების პრობლემებს უკავშირდება. ადვილი შესამჩნევია, რომ ფრანსუა ოლანდი, რომლის საპრეზიდენტო რეიტინგი მეხუთე რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში რეკორდულად დაბალ 18% შეადგენს, ამომრჩევლის ნდობას ყოველდღიურად კარგავს.

UKIP-ის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ფოტო: AFP
მიუხედავად სამთავრობო ცვლილებებისა და პრემიერმინისტრად რეფორმატორი მანუელ ვალსის დანიშვნისა, სოციალისტები ვერც ფრანგული ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოყვანას და ვერც ევროკავშირის დონეზე გერმანიის ლიდერობის დაბალანსებას ახერხებენ. ცხადი ხდება, რომ ვალსს ხარჯშემკვეცი ზომების და სხვა მტკივნეული რეფორმების გატარება მოუწევს, მაშინ როდესაც სოციალისტური პარტია ხელისუფლებაში საწინააღმდეგო დაპირებებით მოვიდა.

მეორე მხრივ, კორუფციულ სკანდალში გაეხვია მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიცია სახალხო მოძრაობის კავშირიც. ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ, UMP-ის ლიდერებს, მათ შორის, ჟან-ფრანსუა კოპეს ფინანსურ მანიპულაციასა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ბიგმალიონის საქმედ" წოდებული სკანდალის გამო კოპეს პარტიის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაც კი მოუწია.

ამ ფონზე, კომენტატორები ეროვნული ფრონტის გამარჯვებას, ორივე წამყვან პარტიაში კრიზისის და ეკონომიკური სტაგნაციის წინააღმდეგ საპროტესტო ხმით ხსნიან. ამ მოსაზრებას აძლიერებს ამომრჩევლის დაბალი აქტივობაც, რაც პროტესტის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ამისა, ცხადი ხდება, რომ ერთ დროს მარგინალიზებული ანტიევროპული ეროვნული ფრონტი ევროკავშირის დამფუძნებელ წევრსა და წამყვან სახელმწიფოში ძალას იკრებს და ლე პენის იგნორირება შეუძლებელი ხდება.

საფრანგეთის მსგავსად, მმართველი პარტია გაწბილებული დარჩა დიდ ბრიტანეთშიც. ევროსკეპტიკური და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრე დამოუკიდებლობის პარტიამ (UKIP) ხმათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (28%) და 24 მანდატი მოიპოვა. ოპოზიციონერი ლეიბორისტები (24%) 20 და პრემიერმინისტრ კამერონის კონსერვატორები (23%) 19 ევროპარლამენტარს დასჯერდნენ. პირველ ადგილზე გასვლით UKIP-მა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია – ბოლო 100 წელია, ეროვნულ დონეზე არჩევნები კონსერვატორებისა და შრომის პარტიის გარდა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოუგია.

საგულისხმოა, რომ კონსერვატორებისგან განსხვავებით, UKIP-ის მიზანი არა უბრალოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის შემცირება, არამედ დიდი ბრიტანეთის მიერ ბლოკის დატოვებაა. პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ევროკავშირს არადემოკრატიულ სტრუქტურად მიიჩნევს და თვლის, რომ გაერთიანებულ სამეფოზე სრული კონტროლი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაიბრუნოს. ჟურნალი The Economist აქვეყნებს პოლიტიკური კომენტატორის ვერნონ ბოგდანორის მიერ არჩევნების შედეგების შეფასებას. ბოგდანორი ამომრჩევლის განწყობებზე დაკვირვებით ასკვნის, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შანსები 50%-მდე გაიზარდა.

ანტიევროპული სენტიმენტები გაძლიერდა ჩეხეთშიც. ევროკავშირში გაწევრიანებიდან 10 წლის შემდეგ, ცენტრალური ევროპის 10.5-მილიონიან სახელმწიფოში თითქმის ყველა წამყვანი პარტიის პროგრამა შეიცავდა ევროპული ბლოკის საწინააღმდეგო მესიჯს. ჩეხეთში ამომრჩეველთა აქტივობა ტრადიციულად დაბალია, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებზე საკუთარი ნება რეკორდულად მცირე 19.5%-მა დააფიქსირა.

მილიარდერ ანდრეი ბაბიჩის მიერ 3 წლის წინ დაფუძნებული ANO 2011, რომელმაც ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა – 16% მოიპოვა, ბრიუსელის ხელში კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების თავმოყრას ეწინააღმდეგება. ჩეხეთის ინტერესების დაცვაზე აკეთებდნენ აქცენტს ქრისტიან-დემოკრატებიც, რომლებმაც ხმათა 10% მოაგროვეს. მემარჯვენე-ცენტრისტი სამოქალაქო დემოკრატიული პარტია (ODS), რომელმაც ხმათა 8% მიიღო, ევროკავშირის წევრობას ჩეხეთისთვის საზიანოდ მიიჩნევს.

ერთადერთი პარტია, რომელიც ჩეხეთის ევროკავშირის ინსტიტუციებში მეტ ჩართულობას და უფრო ღრმა ევროინტეგრაციას ემხრობა, არის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ შვარცენბერგის TOP 09, რომელმაც ხმათა 15% და სტრასბურგში 3 მანდატი მოიპოვა. მიუხედავად TOP 09-ის წარმატებისა, ცხადი ხდება, რომ ჩეხ ამომრჩეველში ანტიევროპული განწყობა ბევრად სჭარბობს ღრმა ევროინტეგრაციის სურვილს.
უნგრელმა ნაციონალისტებმა (პარტია Jobbik), რომლებიც ევროკავშირის ლიბერალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან და ანტირომა და ანტისემიტურ იდეებს აერთიანებენ, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ფიდესის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავეს და სტრასბურგში 4 დეპუტატს გაგზავნიან.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროპარლამენტის არჩევნებზე ფოტო: AFP
ექსტრემისტული პარტიები იდეოლოგიური ხაზის ორივე მხრიდან წარმატებული აღმოჩნდნენ საბიუჯეტო კრიზისით გადაღლილ საბერძნეთში. ულტრამემარცხენე მოძრაობა სირიზამ ყველა პარტიაზე მეტი – ხმათა 26% მიიღო და 2009 წლის ევროპარლამენტში 1 მანდატი გააექვსმაგა. პრემიერმინისტრ ანტონის სამარასის „ახალი დემოკრატია" მეორე ადგილს და 5 ევროდეპუტატს დასჯერდა, მაშინ როცა ქსენოფობიური ულტრამემარჯვენე „ოქროსფერი აისი" ევროპარლამენტში წელს პირველად მოხვდა.

დანიის სახალხო პარტია (DPP), რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 1995 წლიდან გამოჩნდა, პროგრამაში იმიგრაციის მაქსიმალურ შეზღუდვას, ბრიუსელის ძალაუფლების შეკვეცას და დანიის ეროვნული ინტერესების დაცვას აერთიანებს. მულტიკულტურალიზმის მოწინააღმდეგე DPP ნაციონალურ დონეზე ლიდერი არასოდეს ყოფილა, თუმცა წელს ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების 27%-ით პირველ ადგილზე გავიდა, რითაც ლიბერალური პარტიების, მათ შორის, მმართველი სოციალისტების, პოპულარობის ვარდნა წარმოაჩინა.

ფინეთში, მიუხედავად პროევროპული ეროვნული კოალიციის პარტიის გამარჯვებისა, ევროსკეპტიკოსმა და იმიგრაციის მოწინააღმდეგე „ფინებმა" ხმათა 13% მიიღეს. ტრადიციულად ლიბერალურ შვედეთში მემარჯვენე პოპულისტურმა, ანტიიმიგრაციულმა „შვედეთის დემოკრატებმა" ხმათა 10% და არსებობის მანძილზე პირველად, ევროპარლამენტში 2 ადგილი მოიპოვეს.

გერმანიაშიც კი, რომელიც ტრადიციულად პროევროპული განწყობით გამოირჩევა, 1 წლის წინ დაარსებულმა ევროსკეპტიკურმა ძალამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" ხმათა 7% მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ალტერნატივას" სხვა მსგავსი პლატფორმის პარტიებთან შედარებით უფრო ფრთხილი პოზიცია უკავია და მხოლოდ საერთო ვალუტას ეწინააღმდეგება, გამარჯვებულ ანგელა მერკელს და მის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ახალი ძალისთვის ანგარიშის გაწევა მაინც მოუწევთ.

ულტრამემარჯვენე შეხედულებების, მეტად თუ ნაკლებად რადიკალური პარტიები, სტრასბურგში წარმომადგენლებს გაგზავნიან ჰოლანდიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ავსტიიდანაც.

ანტიევროპული განწყობების ზრდას ევროკავშირის მასშტაბით კომენტატორები უპირველესად ეკონომიკური მიზეზებით ხსნიან. მართლაც, იქ სადაც ეკონომიკური სტაბილურობაა, ექსტრემისტული პარტიების პოპულარობის ზრდა არ შეინიშნება. მაგალითად გამოდგება გერმანია, სადაც ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მეორე მხრივ, 25%-იანი ახალგაზრდების უმუშევრობის, უპრეცედენტო საბიუჯეტო დეფიციტისა და შემცირებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ფონზე, საფრანგეთის ლიბერალურმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ამომრჩევლისგან სერიოზული გაფრთხილება მიიღო.

ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა მაინც დამოუკიდებელი საკითხია ზრდადი ანტიიმიგრაციული განწყობები, განსაკუთრებით კი სოციალური შეღავათებით ცნობილ ჩრდილოეთ ევროპაში. სკანდინავიელმა ამომრჩეველმა აჩვენა, რომ ევროპის გარე საზღვრების, განსაკუთრებით, კი არაევროპული ემიგრაციის კონტროლი, მათთვის მნიშვნელოვანია.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ტრადიციული ლიბერალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების შიდა კრიზისები და ლიდერობის ნაკლებობა. პოპულისტური პარტიების წარმატების შანსი უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სტრუქტურული რეფორმები არ ხდება ან არასწორი მენეჯმენტის გამო არ ამართლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე მაინც კრიზისის გაგრძელება და ევროპული იდეის იდეოლოგიური საფუძვლის შერყევაა.

წარმატების მიუხედავად, ევროსკეპტიკური იდეები ამ ეტაპზე მაინც ცალსახად უმცირესობაშია. ევროპარლამენტის 70%-ს კვლავ ის ძალები იკავებენ, ვისთვისაც ევროპული ინტეგრაცია პრიორიტეტია, თუმცა მაისის არჩევნების შემდეგ, ევროსკეპტიკოსებსაც ეძლევათ შანსი, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი დაჯგუფება შექმნან. ამისთვის 7 ქვეყნიდან 25 ევროდეპუტატის შეთანხმებაა საჭირო, რაც მარტივი არ იქნება, რადგან ევროპარლამენტის „საპროტესტო პარტიები" უკიდურესი იდეოლოგიური სიჭრელით გამოირჩევიან. მათი დიდი ნაწილი თავისთავად ევროკავშირის იდეას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ბრიუსელის ძალაუფლების მკვეთრ შემცირებას მოითხოვს.

მაგალითად, ესპანური ულტრამემარცხენე, ანტიგლობალისტური პოდემოსი, ბერძნული სირიზას მსგავსად, რადიკალურად ეწინააღმდეგება მკაცრ ხარჯშემკვეც ზომებს და ანტიკაპიტალისტურ დისკურსს იყენებს. ლე პენის ეროვნულ ფრონტს ევროკავშირის გაუქმება სურს, მაშინ როცა დანიის სახალხო პარტია ან გერმანული „ალტერნატივა" მხოლოდ ბრიუსელში ნაკლები ძალაუფლების და მეტი ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებით დაკმაყოფილდება. ამ კუთხით, DPP ბრიტანეთის მმართველ კონსერვატორებს უფრო ჰგავს, ვიდრე იმავე UKIP-ს, რომელიც პრობლემას არა ბრიუსელის ზედმეტ ძალაუფლებაში, არამედ, ზოგადად, ევროპაში სუპრანაციონალური კავშირის არსებობაში ხედავს.

ერთიანი ფრონტით გამოსვლას ვერც ანტიევროკავშირული პარტიები ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროსკეპტიკურ პარტიებს იმიგრაციის შეზღუდვის სურვილი აერთიანებთ, ნაიჯელ ფარაჯი შვედების დემოკრატებთან და „რასიზმით და ანტისემიტიზმით გაჟღენთილ" საფრანგეთის ეროვნულ ფრონტთან თანამშრომლობას არ აპირებს.

თავის მხრივ, მარინ ლე პენი უნგრულ Jobbik-თან და ბერძნულ „ოქროსფერ აისთან" ერთ ჯგუფში გაერთიანებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ახალი დაჯგუფების შესაქმნელად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ევროგაერთიანების პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არჩევნებმა ცხადი გახადა, რომ ევროპის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები