ღარიბაშვილი: დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ.

"დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ. მე ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დღევანდელი დღე ისტორიულია. 27 ივნისი არის დღე, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული და განსაკუთრებული. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ჩნდება ახალი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლები იამაყებენ. და სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, რომ სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება.

ძალიან ძნელია ჩემთვის, სიტყვით გამოვხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი - როგორც ერთი ქართველი, საქართველოს მოქალაქე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩემს სამშობლოში ყველას ეს ემოცია აქვს. საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას. პოლიტიკურ ეკონომიკურ სოციალურ და კულტურულ სივრცეს. სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ათასწლეულობის განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, 27 ივნისი განსაკუთრებული თარიღია იმიტომაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველო საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, საკუთარი მტკიცე და ურყევი ნებით უერთდება დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს.

"დღევანდელი დღით იწყება სრულიად ახალი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა, ეს დღე იმ დიდი გზის დასაწყისია, რომელმაც უნდა გააღრმავოს და განამტკიცოს ჩვენი ურთიერთობები.

საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა და ქართველებმა ჩვენი უნიკალური კულტურით, ჩვენი ტრადიციებით უნდა შევაბიჯოთ თავისუფალ და დემოკრატიულ ერთა ევროპულ კავშირში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით და ურყევი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით, საიმედო ხიდია.

"ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს დინამიკურ ბაზარს, ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას - ალტერნატიულ უსაფრთხო დერეფანს, ხოლო საერთაშორისო სტაბილურობისათვის - საიმედო პარტნიორობას. საქართველო მაგალითია, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული რეფორმები განახორციელა, და ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი რეგიონში", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

კომენტარები