ღარიბაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პროგრესზეა დამოკიდებული

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე თუ როგორ და როდის წარმოუდგენია საქართველოს მთავრობას ევროკავშირში სრულად გაწევრიანება, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს საქართველოზეა დამოკიდებული.

”ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარი უკვე ღიაა, დღევანდელი დღე ამის დასტურია. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. როგორც ჩემს გამოსვლაში ავღნიშნე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციისა და მოდერნიზაციის ამომწურავი სამოქმედო გეგმა . ვფიქრობ, დანარჩენი რეფორმებზეა დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რაც საჭიროა ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად. ვფიქრობ, საქართველოზეა დამოკიდებული თუ რა სისწრაფით მოახდენს იმ რეფორმების იმპლემენტაციას, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა. ამას შეიძლება 5 წელი, შეიძლება 10 წელი დასჭირდეს, არავინ იცის. ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რასაც საქართველო მიაღწევს. კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენ სრულად ვარ მოწოდებული ყველა რეფორმის იმპლემენტაციისთვის. ”, - ამბობს საქართველოს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს თუ როდის აპირებს საქართველო ევროკავშირის წევრობის სურვილზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას.

”არაოფიციალურად ეს დღეს მოხდა, თუმცა, ოფიციალურად ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რასაც ჩვენ მივაღწევთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დროულად მოხდეს. ”, - უპასუხა ღარიბაშვილმა.

კომენტარები