შსს-ს განცხადება

შსს: ჩოხატაურში რადიაციული საფრთხე არ აღმოჩნდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ჩოხატურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, შსს-ს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში  ლითონის 3 ბალონი აღმოაჩინეს. მათ მიერ ქიმიური და რადიაციული საშიშროების საანალიზო სპეციალური დეტექტორების და ხელსაწყოების საშუალებით ჩატარებული დაზვერვითი სამუშოების შედეგად რადიაციული საფრთხე არ აღმოჩნდა.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, პირველადი ანალიზით დადგინდა, რომ ლითონის ბალონებში იყო ქლორი ან ქლორის შემცველი ნივთიერება, რომელმაც გაჟონა და  მოქალაქეების მსუბუქი ტოქსიკაცია გამოიწვია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

განცხადების მიხედვით, რეაგირების ჯგუფებმა ბალონები შესაბამისი წესების დაცვით უსაფრთხო ადგილას გადაიტანა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ზედამხედველობით,  მათი გაუვნებელყოფა და სრული უტილიზაცია დაიგეგმა.

კომენტარები