გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მთავრობამ თავისივე გამოცხადებული მორატორიუმი დაარღვია

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მას თან ადვოკატები ახლავს. უგულავასთვის უცნობია, რა თემაზე დაკითხავენ.

"კონკრეტულად არ ვიცი, ზოგადად, ვერ მოითმინეს და მთავრობამ თავისივე შემოღებული მორატორიუმი დაარღვია. ამას ვუკავშირებ შიშს, რომელიც თბილისში მეორე ტურთან დაკავშირებით აქვთ. ნახავდით გუშინდელ არცთუ ისე მნიშვნელოვან განმეორებით კენჭისყრას - სადაც ინტერესი გვქონდა ჩვენ და სადაც ბოლომდე დავიხარჯეთ, იქ მოვიგეთ. ხონს ვგულისხმობ, ბათუმს ვგულისხმობ..ამიტომ, ასეთი ტაკიმასხარაობა გადაწყვიტეს და თავისივე წესები დაარღვია მთავრობამ. გარდა ამისა, ევროსაბჭოს რეგიონთა ასამბლეაში მქონდა გამოსვლა და იმედია, მაინც მექნება. მე უნდა წარმედგინა მთელი ის მასალები, რაც არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით არსებობს, ეს ორგანო აკვირდებოდა არჩევნებს და მათ უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია.. ძალიან მდაბალი ხალხია და ასეთი საქციელით ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწევენ", - განაცხადა უგულავამ დაკითხვაზე შესვლის წინ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს უწყება 28 ივნისს გვიან საღამოს გადაეცა. უგულავა აღნიშნავს, რომ უცხოეთში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაწყვიტა, დარჩეს და დაკითხვაზე გამოცხადდეს.

დღესვე, ნაციონალური მოძრაობა უგულავას დაკითხვაზე დაპარების საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს მოწოდებით - „ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე“. ოპოზიცია ასევე ითხოვს, გიგი უგულავას დაკითხვის ფაქტი უწყებათაშორისმა კომისიამაც განიხილოს.

კომენტარები