გიგი უგულავას საქმე

საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახური უგულავას სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. მისი განცხადებით, გიგი უგულავამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სიტი პარკს მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნულ კომპანიას შემოსავალი ხელოვნურად გაუზარდა.

"2007 წლის 07 დეკემბერს, შპს „სი-ტი პარკსა“ და ქ.თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ“, რომლის თანახმად თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს „სი-ტი პარკ“-ზე, რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ.თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს „სიტი პარკი“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს „სი-ტი პარკს“ მიეცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის და ამავე კოდექსის 1252 მუხლით დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მიღებული შემოსავლის 40% უნდა წარიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში,  60% ადგილობრივი ბიუჯეტში, ხოლო ამავე კანონის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი საჯარიმო თანხები ავტომატურად მიიმართება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. მიუხედავად აღნიშნულისა, გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ.თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სი-ტი პარკი’’-ს მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში. კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს ,,სი-ტი პარკი’’-ს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული  ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს ,,სი-ტი პარკი’’-ს ანგარიშზე" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ამავდროულად, უგულავას გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიასა და შპს ,,სი-ტი პარკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 06 აპრილს შევიდა ცვლილება N3, რის საფუძველზე კვლავ კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი.

"მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის შპს ,,სი-ტი პარკი“ თბილისში საქმიანობით სოლიდური მოგებას იღებდა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა კომპანიისათვის რაიმე დამატებითი შეღავათის დაწესების აუცილებლობა, შპს „სი-ტი-პარკმა“ ხსენებული ცვლილებით თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო 3 ლარი, 40% წარიმართა კომპანიის ანგარიშზე. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 1 086 718 ლარი. საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

ცნობისთვის, გიგი უგულავა ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. ქართული ოცნების პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის თქმით, უგულავა მოწმის სახით დაიბარეს. უგულავას განცხადებით კი, მისი დაკითხვაზე დაბარებით მთავრობამ წინასაარჩევნო მორატორიუმი დაარღვია.

14 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

კომენტარები