ტაბულას თანამშრომლის დაკავება

GDI ტაბულას თანამშრომლის დაკავებისას პოლიციელთა ქმედებების გამოძიებას ითხოვს

ტაბულას თანამშრომლის და მისი თანმხლები ორი პირის დაკავების ფაქტს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ეხმაურება. GDI-ს განცხადებით, ტაბულას სიუჟეტიდან და თვითმხილველთა განცხადებებიდან იკვეთება, რომ დაკავების მომენტში და დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდოდ გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და დაარღვიეს კანონი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

"როგორც თვითმხილველთა მონათხრობიდან ირკვევა, პოლიციელებმა ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა იმ საბაბით, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს მანქანაში ინახებოდა იარაღი. აღნიშნულს მოჰყვა ავტომანქანაში მსხდომი პირების პროტესტი, რის საპასუხოდაც პოლიციელებმა დააკავეს სამი პირი. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მათ დაკავების მომენტში არ განემარტათ დაკავების მიზეზი და თავიანთი უფლებები. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელები იქცეოდნენ უხეშად და გამომწვევად. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი ადგილზე მყოფი პირის განცხადებით, დაკავების მომენტში პოლიციელებმა ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს ერთ-ერთ დაკავებულზე და მანქანაში ჩასმის დროს ერთი-ორჯერ მოარტყეს ხელი სახეში. ტელეკომპანია ტაბულას ეთერში გასულ სიუჟეტშიც ნათლად ჩანს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალის არეში, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა. დაკავებულები თავდაპირველად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათი დააყოვნეს, ხოლო შემდგომ გადაიყვანეს ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად. პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას დაკავებულებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ დაცვის უფლებით, რაც დაკავებული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა – კადრებში ნათლად ჩანს ტელეკომპანია ტაბულას იურისტის არაერთი მცდელობა, შეაღწიოს პოლიციის შენობაში და გაესაუბროს დაკავებულ პირს, რის პასუხადაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას იღებს", - აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

29 ივლისს გვიან ღამით 01:00 საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ტაბულას კითხვა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს.

აღნიშნულის დასადგენად ტაბულას იურისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიძახა, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ. ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებით სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, მისი მეგობრების თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.

გადაწყვეტილებას ტაბულას თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო 1 ივლისს 11 საათზე გამოაცხადებს. სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ტაბულას თანამშრომლისა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. დაკავებულებს პოლიციისთვის ხელის შეშლას ედავებიან. 

კომენტარები