გიგი უგულავას საქმე

საგამოძიებო სამსახური: უგულავა უცხოეთში სასამართლოს გაუფრთხილებლად მიდიოდა

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, გიგი უგულავა საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას აპირებდა. როგორც გრძელიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ისე აპირებდა ქვეყნიდან გასვლას, რომ სასამართლო და საგამოძიებო ორგანო არ გააფრთხილა.

"ის აღკვეთის ქვეშ არის სხვა საქმეზე. ამის მიუხედავად, აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას ისე, რომ არ გააფრთხილა არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანო. გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ის საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას აპირებდა", - თქვა გრძელიშვილმა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო მორატორიუმთან დაკავშირებული განცხადებებით, უგულავა თემის გადაფარვას ცდილობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 1 086 718 ლარი. საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

ცნობისთვის, გიგი უგულავა ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. ქართული ოცნების პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის თქმით, უგულავა მოწმის სახით დაიბარეს. უგულავას განცხადებით კი, მისი დაკითხვაზე დაბარებით მთავრობამ წინასაარჩევნო მორატორიუმი დაარღვია.

14 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

კომენტარები