ინვესტიციები

რა პირობებით გათავისუფლდა პაპაშვილი 630 000 ლარზე მეტი პირგასამტეხლოსგან

ობსერვატორია, აბასთუმანი, საქართველო
abastumani.wordpress.com

ფიზიკური პირი ლაშა პაპაშვილი გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და მას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან - ამ შინაარსის განკარგულება გამოსცა საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით 2014 წლის 11 ივნისს. 

2009 წლის 14 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით ლაშა პაპაშვილს საინვესტიციო ვალდებულებით პირდაპირი მიყიდვის წესით მფლობელობაში გადაეცა აბასთუმანში, მინიმუმ 3 მილიონად ღირებული 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებისა და მინიმუმ 10 ადამიანის დასაქმების პირობით. 

ლაშა პაპაშვილმა ტაბულას განუმარტა, რომ რიგი მიზეზების გამო მან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულებები, რის გამოც 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრლების მიხედვით მას უნდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო 630 000 ლარზე მეტი ოდენობით. 

11 ივნისის განკარგულებამ პაპაშვილი გაათავისუფლა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, თუმცა, პაპაშვილის თქმით, დააკისრა გაზრდილი ვალდებულებები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის თანხა, რომლის გადახდისგანაც პაპაშვილი გათავისუფლდა, ხელახლა დაეკისრება. 

ბიზნესმენს ასევე გაუხანგრძლივეს ვალდებულების შესრულების ვადა 2018 წლის 29 აგვისტომდე, თუმცა სასტუმროს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვა მან 2014 წლის ბოლომდე უნდა აიღოს. 2015 წლის განმავლობაში კი აბასთუმანში განხორციელებულმა ინვესტიციამ მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა შეადგინოს. 

მინიმალური საინვესტიციო ვალდებულება 3 მილიონიდან 7 მილიონ ლარამდე გაიზარდა და 30-ნომრიანი შენობის ნაცვლად, პაპაშვილი ვალდებულია მინიმუმ 100-ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსი ააშენოს. შენარჩუნებულია მინიმუმ 10 ადამიანის დასაქმების ვალდებულებაც. 

პაპაშვილის თქმით, საერთაშორისო ფრენჩაიზის სახელის ქვეშ მოქმედი სასტუმრო 3 000 დამსვენებელზე იქნება გათვლილი. ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებაზე ბიზნესმენი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან, მათ შორის არის Hilton-ი. 

აბასთუმანის პროექტს OPIC (Overseas Private Investment Corporation) დააფინანსებს - უთხრა პაპაშვილმა ტაბულას. 

კომენტარები