ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2014

საია: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი დაარღვია

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქართულმა ოცნებამ საქართვლოს კანონმდებლობა დაარღვია - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საიას დამკვირვებლებმა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გარკვეულ პირთა ჯგუფების მობილიზება დააფიქსირეს, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, საეჭვო სახის დოკუმენტში, კონფიდენციალობის დაცვით, უბანზე მისულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის ასახავდნენ.

”ჩვენმა დამკვირვებელმა ვაკის N61 უბანზე, შემთხვევით აღმოაჩინა დოკუმენტი, სადაც აღნიშნული პირები ამომრჩეველთა შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ინიშნავდნენ. დოკუმენტი შეიცავს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო უბანზე მოსული ქართული ოცნების მომხრე ამომრჩევლების შესახებ შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, ინსტრუქცია განკუთვნილი იყო „გარეთ მყოფი მეკავშირეებისათვის“, რომლებსაც არჩევნების დღის განმავლობაში პერიოდულობით (10:00; 12:00; 14:00; 17:00; 20:00 საათებზე), ნომერზე- 90031, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია საარჩევნო უბანზე მისულ მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის გაგზავნას ე.წ. მოკავშირეები უფასოდ განახორციელებდნენ” - ნათქვამია განცხადებაში.

საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,გარე მოკავშირეთათის" საარჩევნო სუბიექტის მიერ უფასოდ შეთავაზებული მომსახურება, ასახული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის მიერ აუდიტის სამსახურისათვის წარდგენილ დეკლარაციის ფორმებში. იქვე ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშის ფორმით ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევის ფაქტი არ დგინდება.

”ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სუბიექტისა და ე.წ. ,,გარე მოკავშირეებისათვის" ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრით სარგებლობა უფასო იყო, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ეს წარმოადგენს შემოწირულობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეღო შემოწირულობის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში” - წერია განცხადებაში.

საიას განცხადებაში წერია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ რომ კოალიცია ,ქართული ოცნების მხრიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მითითებული მომსახურება არ ჩანს არც საარჩევნო სუბიექტის ხარჯებში და არც იმ დოკუმენტებში, რომელიც შემოწირულობას ასახავს. ამიტომ საია მიმართვას  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 

კომენტარები