ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რიგით მეორე არჩევნები გახდა. ამ არჩევნებშიც გამარჯვება ქართულმა ოცნებამ მოიპოვა. თუმცა, უფრო მოკრძალებული შედეგით, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნების შედეგების თანახმად, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდაჭერა 62-დან 51 პროცენტამდე დაეცა. თანაც, ამჯერად ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო.

Davit Narmania, the Georgian Dream candidate for the position of Tbilisi Mayor, casting his ballot with his family.
ფოტო: Dimitri Chikvaidze
ცესკოს მონაცემებით, უბნებზე ამომრჩეველთა 43% გამოცხადდა. მაშინ, როდესაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 46% შეადგინა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ს გადააჭარბა. ამომრჩეველთა აქტივობის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში – 37% (შარშან – 48).

არჩევნების სტატისტიკა ქართული ოცნების მხარდაჭერის მნიშვნელოვან კლებაზე აშკარად მიუთითებს. მმართველი ძალის შედეგმა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, როგორც თბილისში, ასევე პრაქტიკულად ყველა ოლქში დაიკლო, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

აბსოლუტურ რიცხვებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 175 ათასი ამომრჩევლით ნაკლებმა მიიღო, ვიდრე წინა არჩევნებში. ქართულ ოცნებას კი 293 ათასით ნაკლებმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, მმართველმა კოალიციამ ამ არჩევნებზე კიდევ დაახლოებით 120 ათასი ადამიანის მხარდაჭერა დაკარგა.

თბილისში, პროპორციული წესით, ქართულმა ოცნებამ 152 ათასი ხმა მიიღო, დავით ნარმანიამ კი 152 ათასი – რაც შარშანდელ 289 ათასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული პროცენტების შედარება შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან კი, ნათლად აჩვენებს დედაქალაქში ქართული ოცნების პოზიციების მკვეთრ შესუსტებას და ნაციონალური მოძრაობის პოზიციების გამყარებას. თბილისის უკლებლივ ყველა ოლქში ქართული ოცნების მხარდაჭერამ ორნიშნა რიცხვით იკლო. მაგალითად, მთაწმინდაზე კოალიციის მხარდაჭერა 22 პროცენტული პუნქტით შემცირდა (2013 – 63%, 2014 – 41%). თბილისის სხვა ოლქებში კლებამ 13-დან 18%-მდე შეადგინა.

Dimitri Lortkipanidze, the candidate for the position of Tbilisi Mayor from the Nino Burjanadze-United Opposition Party.
ამავე დროს, თბილისის მასშტაბით, ნაციონალური მოძრაობის შედეგი შარშანდელთან შედარებით გაიზარდა. ყველაზე მეტად – მთაწმინდის ოლქში – 11 პროცენტული პუნქტით. თბილისის სხვა ოლქებში ზრდამ 3-დან 8%-მდე შეადგინა.
თუმცა, ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე, მმართველი პარტია საკუთარი პოზიციების შესუსტებას ნაკლებად აცნობიერებს. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ქართული ოცნების მაჩვენებელი 75%-ზე მეტი იქნებოდა. დაბალი აქტივობა კი პრემიერმა იმით ახსნა, რომ „საზოგადოებას აქვს სრული ნდობა ჩვენი ხელისუფლების".

„სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის გარკვეული სიგნალი, მესიჯი ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ ეს არის გარკვეული გაფრთხილება – არის აბსოლუტურად გადაჭარბებული", – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ღირიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც არჩევნების შედეგები ადასტურებს, ნაციონალური მოძრაობა მართლაც არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას. ღარიბაშვილის თქმით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების 6.1%-ის გაყვანა შეძლო და „ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%". თუმცა, იმავე ლოგიკით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების რეიტინგი 100, ხოლო ნაციონალური მოძრაობის – 0 პროცენტი უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა კი, თავის მხრივ, ასევე მაჟორიტართა რაოდენობაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ნაციონალების რეალური რეიტინგი 3-4%-ია, ხოლო მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მიერ თბილისში მოპოვებულ შედეგს პარტიის რეიტინგთან კავშირი არ აქვს.

Irma Inashvili, the Patriots’ Alliance candidate for the position of Tbilisi Mayor.
ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 22,41% მიიღო (შარშან დავით ბაქრაძის შედეგი 21,72% იყო), აბსოლუტურ რიცხვებში ქვეყნის მასშტაბით 317 ათასი ხმა მოიპოვა – რაც თითქმის 37 ათასი ხმით ნაკლებია შარშან მიღებული ხმების რაოდენობაზე. პროპორციულ არჩევნებში, დედაქალაქში, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 86 ათასი ხმა, რაც ბაქრაძის მიერ თბილისში მიღებულ ხმებზე 6 ათასით ნაკლებია. ამავე დროს, ნიკა მელიას მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უმნიშვნელოდ, დაახლოებით 1500 ხმით ჩამორჩება ბაქრაძის შარშანდელ შედეგს თბილისში.

რეგიონების მიხედვით გამოკვეთილი ტენდენციებიდან კი შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნებით იმედგაცრუებისა და ამ ძალის მიერ მხარდაჭერის დაკარგვის მაჩვენებლით ყველაზე მეტად თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და გურია გამოირჩევა. მაგრამ თუ თბილისში ეს ნაციონალური მოძრაობის შედეგზე აისახა, განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში, სადაც ქართული ოცნების მიერ დაკარგული ხმები ბურჯანაძის პარტიას, პატრიოტთა ალიანსსა და (მცხეთა-მთიანეთში) ლეიბორისტებს შორის გადანაწილდა.

ქართული ოცნების მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად (10 პროცენტულ პუნქტზე მეტად) ფოთში, ბათუმში, ქობულეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის ზოგიერთ ოლქში დაიკლო. ოცნების ყველაზე მაღალი შედეგი – 84%, დედოფლის წყაროში დაფიქსირდა. პრემიერმინისტრის სიმამრის სამშობლომ ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ საჩხერესაც გაუსწრო, სადაც ქართულმა ოცნებამ „მხოლოდ" 82% მიიღო. ყველაზე დაბალი შედეგი – 36%, მმართველმა კოალიციამ გორში აჩვენა, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ირაკლი ოქრუაშვილის ქართული პარტია იყო.

ორ ოლქში – მთაწმინდასა და გორში, მმართველმა კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად (10%-ზე მეტით) ნაკლები ხმები აიღო. ხოლო 11 ოლქში, სხვადასხვა რეგიონში – საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტი.

Nika Melia, the UNM candidate for the position of Tbilisi Mayor.
ფოტო: Dimitri Chikvaidze
თბილისის გარეთ ნაციონალური მოძრაობის შედეგების მნიშვნელოვან მატებას შარშანდელთან შედარებით ადგილი პრაქტიკულად არ ჰქონია. ყველაზე მაღალი შედეგი პარტიამ ზუგდიდში აჩვენა – 40%, ყველაზე დაბალი კი მცხეთაში – 4,6%. რეგიონებისა და ოლქების უმრავლესობაში ნაციონალური მოძრაობის შედეგი შარშანდელისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა. მკვეთრი მატება მხოლოდ თერჯოლაში დაფიქსირდა (12%), მკვეთრი კლება კი – ახალქალაქსა და მარტვილში (12 და 13%).

საშუალო შედეგზე 10 პროცენტით ნაკლები შედეგი ნაციონალურმა მოძრაობამ 15 ოლქში აჩვენა. მათ შორის: მცხეთა-მთიანეთის სამივე ოლქში, სამცხე-ჯავახეთის სამ ოლქში. საშუალოზე მეტი – 12 ოლქში, მათ შორის: თბილისის სამ ოლქში, მარნეულში და სამეგრელოს სამ ოლქში.

კვლავ შედარებით მაღალი მხარდაჭერა აქვს ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოში, თუმცა, ოპოზიციურმა პარტიამ პოზიციები დანარჩენ რეგიონებში მნიშვნელოვნად ვერ გაიუმჯობესა. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოღებული შედეგი და მდგომარეობის გარკვეული გამყარება, მათ შორის, დედაქალაქში მეორე ტურში გასვლა, მისთვის ამ ეტაპზე წარმატებას წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკიდან და „რადარებიდან" პარტიის გაქრობის მთავრობის მიერ დეკლარირებული სურვილი ასრულებიდან შორსაა.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა ძალებს, ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ თბილისის მერის არჩევნებზე მესამე შედეგი – 12,82% მოიპოვა. თუმცა, როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიის მხარდაჭერის სურათი ერთგვაროვანია – მისი შედეგი შარშანდელისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. გამონაკლისი ნინოწმინდა გამოდგა, სადაც ბურჯანაძის პარტიამ შარშან მიღებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაკარგა (12%-ით), ასევე ლაგოდეხი, ბაღდათი და მარტვილი, სადაც მისმა მხარდაჭერამ 11-13%-ით მოიმატა. განსაკუთრებით მაღალი შედეგი (საშუალოზე 10%-ით მეტი) „ერთიანმა ოპოზიციამ" 13 ოლქში აჩვენა. მათ შორის, ლაგოდეხში, თიანეთში, წალკაში, ბოლნისში, ასევე მცხეთაში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ონში ნაციონალურ მოძრაობას გაასწრო და მეორე ადგილზე გავიდა.

ქვეყნის მასშტაბით „ერთიანმა ოპოზიციამ" ბურჯანაძის მიერ შარშან მოპოვებულ ხმებზე 23 ათასით ნაკლები მიიღო.

The victory celebration in the Georgian Dream headquarters after the release of the exit-poll results by Imedi TV company.
მეოთხე შედეგი საქართველოს მასშტაბით დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა აჩვენა, რომლის მერობის კანდიდატმა ინაშვილმა ხმების 5%-ზე მეტი მიიღო, თავად ალიანსმა კი საქართველოში 4,72, ხოლო თბილისის მასშტაბით – 6,34%. სულ ალიანსმა 67 ათასამდე ხმა მოიპოვა.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა განსაკუთრებით მაღალი შედეგი მცხეთა-მთიანეთში (დუშეთი და ყაზბეგი), გურიის სამივე რაიონში, ფოთსა და ქობულეთში მიიღო. დუშეთში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა, ყაზბეგსა და ბორჯომში – ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი ხმა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ქართულმა პარტიამ ერთადერთი რეალური შედეგი ქალაქ გორსა და გორის თემში მიიღო – 28 და 26%, სადაც მეორე ადგილზე გავიდა ქართული ოცნების შემდეგ.

ასევე თითო-თითო ოლქში მოიპოვეს რეალური ხმები და მეორე ადგილზე გავიდნენ კახა კუკავას არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზა ქარელში და ქრისტინ-დემოკრატები ლენტეხში.

მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატების მეტოქეები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არიან. ასევე – ყვარლის, თელავის, თერჯოლისა და ქობულეთის რაიონებში.

მეორე ტურში გავიდნენ ბურჯანაძის პარტიის კანდიდატები ახმეტაში, თიანეთში, ტყიბულსა და მარტვილში. პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები – ფოთში და ოზურგეთში, ლანჩხუთისა და ხულოს რაიონებში. ოქრუაშვილის პარტიის კანდიდატები მეორე ტურში ქალაქ გორსა და გორის რაიონში იბრძოლებენ. მცხეთაში მეორე ტურში მწვანეთა პარტიის კანდიდატი გავიდა, ხოლო ბაღდათში – სალომე ზურაბიშვილის პარტიის კანდიდატი.

A ransacked voter precinct.
ფაქტობრივად, ბოლო არჩევნები გახდა პირველი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგები ყველა ოპოზიციურმა სუბიექტმა სრულად ან ნაწილობრივ არ აღიარა. ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ლეიბორისტებმა და ირმა ინაშვილმა არჩევნების შედეგებს ეგზითპოლის გამოცხადებისთანავე უნდობლობა გამოუცხადეს.

პროპორციულ არჩევნებში ქართული ოცნებისა (50,52%) და ნაციონალური მოძრაობის (22,41%) შემდეგ, მესამე ადგილზე ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია აღმოჩნდა, 10,22 პროცენტით. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალა – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გამოჩნდა, რომელმაც ხმების 4,72% მიიღო და მესამე ადგილზე საქართველოსა და თბილისის მასშტაბით გავიდა.

თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ხმების 46,09% მიიღო, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა – 27,97. შესაბამისად, დედაქალაქში მეორე ტური დაინიშნა, ისევე როგორც კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში. ქართული ოცნების კანდიდატებმა პრაქტიკულად ყველა ოლქში მაჟორიტარული მანდატების უმრავლესობაც მოიპოვეს.

ქართულმა ოცნებამ გამარჯვების აღნიშვნა 15 მაისს, უბნების დახურვისთანავე დაიწყო. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამარჯვება თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასაც მიულოცა, რომელმაც, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზითპოლის შედეგების მიხედვით, ხმების 51,2% მიიღო.

„დღევანდელი გამარჯვებით, ჩვენმა კოალიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ მართლა უალტერნატივო ძალა. მიუხედავად უპრეცედენტოდ მაღალი და სამართლიანი კონკურენციისა, ჩვენ სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით „ერთიანმა ოპოზიციამ" ბურჯანაძის მიერ შარშან მოპოვებულ ხმებზე 23 ათასით ნაკლები მიიღო.

იმის მიუხედავად, რომ წინასწარი შედეგებით, 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახული არ ჰქონდა, დავით ნარმანია არჩევნების მეორე ტურს 15 ივნისს, საღამოს გამორიცხავდა. თუმცა, კოალიციას მეორე ტურის აღიარება მაინც მოუხდა. ღარიბაშვილის განცხადებით, „მეორე ტური ტრაგედია არ არის და, პირიქით, ეს არის უნიკალური საშუალება, რომ განვამტკიცოთ დემოკრატია". მისი თქმით, 50-პროცენტიანი ბარიერის დაწესება სწორედ ახალი ხელისუფლების დამსახურებაა.

ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით 15 ივნისს, საღამოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გამოხატა. მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ „საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა დაპირისპირებაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და კონფრონტაციაზე აგებულ პოლიტიკას". ბაქრაძის განცხადებით, ეს შედეგი ადასტურებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ გაკეთებული საქმე, მოგვარებული პრობლემები, სიმშვიდე და წესრიგი ამ ქვეყანაში. რასაც, მისი თქმით, ამომრჩეველს მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობა შესთავაზებს.

ამავე დროს, ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც არასამართლიან წინაასარჩევნო გარემოზე, ასევე ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

არჩევნების წინა პერიოდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და ლიდერების წინააღმდეგ ძალადობით გამოირჩეოდა – ფაქტობრივად გამოუძიებელი დარჩა ნიღბიანი პირების მიერ 30 მარტს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი. თავდასხმა მოხდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილზე, რეგიონებში კი ქართული ოცნების აქტივისტები არაერთხელ დაესხნენ თავს ოპოზიციის წინასაარჩევნო აქციების მონაწილეებს და მათ კვერცხები დაუშინეს ან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Akmamed Imamquliyev, the UNM candidate for the position of chief executive of the Marneuli local self government.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარ თავდასხმებს ფორმალურად გმობდნენ, თუმცა იმასაც აცხადებდნენ, რომ ეს წინა ხელისუფლების მიერ „გამწარებული ხალხის" შურისძიებაა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წინასაარჩევნო პერიოდში გახდა ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური ძალების კანდიდატების უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რასაც ოპოზიცია მათზე ხელისუფლების ზეწოლით ხსნიდა.

სამართალდამცველებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხონისა და ცაგერის გამგებლობის კანდიდატები დააპატიმრეს, ასევე წინასწარ პატიმრობაშია დუშეთში ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი.

როგორც 10 ივნისს თავის ანგარიშში NDI-მ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში, 30-ზე მეტ შემთხვევაში, კანდიდატურის მოხსნა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება.

11 ივნისს ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გამოაქვეყნა, რომელშიც ოპონენტებზე თავდასხმის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი მოიყვანა. საიას ანგარიშში მოყვანილი აქვს 28 მაისის დაპირისპირება გარდაბანში, 24 მაისს, რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების აქცია, 12 მაისის დაპირისპირება წყალტუბოში, 6 ივნისის დაპირისპირება ზუგდიდში, 7 ივნისის დაპირისპირება ბათუმში. ასევე, 14 მაისს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ქუთაისის ადგილობრივი ლიდერის, ხოლო 21 მაისს საქართველოს გზის ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ირემაძის დაკავების ფაქტები.

11 ივნისს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის გამო შეშფოთება გამოთქვა. EPP-ის პრეზიდენტმა მსგავს ფაქტებს საგანგაშო უწოდა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს. მისივე თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, ევროპაში საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგება.

თუმცა, ხელისუფლებამ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები უარყო. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზეწოლის დასახელებული 80 ფაქტიდან 76 საერთოდ არ დადასტურდა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა. ეს არის მტკნარი სიცრუე და ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავე პასუხს აგებს".

Merab Topchishvili, the Georgian Dream candidate for the position of chief executive of the Marneuli local self government.
რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმებს, ზეწოლასა და მუქარას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის აზრით, ეს იმის შედეგია, რომ "პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხალხი არის თავისუფალი თავის გამოთქმებში, ხალხი არის თავისუფალი, რომ გამოხატოს პროტესტი და არ ეშინია, რომ სანაცვლოდ ციხეში ჩასვამენ, რა თქმა უნდა, ხალხი გამოხატავს იმ აგრესიას, რომელიც მას 9 წლის განმავლობაში დაუგროვდა".

წინასაარჩევნო ინციდენტებისა და ძალადობის გამოვლინებების მიუხედავად, თავად არჩევნების დღემ საერთო ჯამში მშვიდად ჩაიარა. თუმცა დაძაბულობის ცალკეულ კერებში ადგილი დაპირისპირებასაც ჰქონდა. რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, სადაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების გატაცების, უბნებზე შევარდნისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და წევრებზე თავდასხმის ფაქტებს.

საკმაოდ დრამატულად წარიმართა სიტუაცია მარნეულში, სადაც ქართულმა ოცნებამ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატის მოხსნის შესახებ განაცხადა – მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებიდან მოხსნილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს სასამართლოს გადაწყვეტილებით კვლავ კენჭისყრის უფლება მიეცა.

ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი აცხადებდა, რომ მისი კონკურენტი არჩევნების დღეს სოფლებში სიარულს განაგრძობდა და ამომრჩევლებს არწმუნებდა, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია. მერაბ თოფჩიშვილი შტაბის წინ რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა კითხვას იმის შესახებ, მონაწილეობს თუ არა არჩევნებში კანდიდატის სტატუსით, არ უპასუხა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სიტუაციაში „სიცხადე" ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელმა შეიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ რაიონში მმართველმა კოალიციამ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება თოფჩიშვილს, შტაბის უფროსს „მისგან არაფერი სმენია" კანდიდატურის მოხსნის შესახებ. შესაბამისად, მან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.

მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია „ხალხის ნებას დაემორჩილება" და მარნეულში საკუთარ კანდიდატს მხარს უჭერს.

საბოლოოდ, არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მარნეულში ქართულმა ოცნებამ და „მოხსნილმა" კანდიდატმა მერაბ თოფჩიშვილმა გაიმარჯვეს.

მოგვიანებით, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალი ზონის დამკვირვებლების მიერ გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც მარნეულის ორ უბანზე დარღვევების ფაქტებს, კერძოდ, ბიულეტენების ჩაყრას ადასტურებდა. ცესკომ ამ უბნებზე შედეგები გააუქმა და განმეორებითი კენჭისყრა დანიშნა.

თუმცა, პრემიერმინისტრმა ეს ფაქტები ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა. მოგვიანებით კი, შსს-მ ქართული ოცნების სასარგებლოდ ბიულეტენების ჩაყრაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაადანაშაულა.

თავის საგანგებო განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში არჩევნების „ხილული გაყალბება" მოხდა.

დამკვირვებელთა კამერამ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას დედა დააფიქსირა, რომელიც ამომრჩევლებს მითითებას აძლევდა და მათ მიერ შემოხაზულ ბიულეტენებს ამოწმებდა. დავით ნარმანიამ კი განაცხადა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და დედამისს მხოლოდ „დედობრივი მზრუნველობა" ამოძრავებდა.

დარღვევების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახდა უბნების ოქმების „გადასწორება", რომლითაც ხმები ნაციონალურ მოძრაობას დააკლდა. კერძოდ, ასე მოხდა თბილისის სამ უბანზე, სადაც ცესკოს ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ოქმის ქსეროასლთან შედარებით, 100-100 ხმა ჰქონდა დაკლებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეს ფაქტები „მექანიკური შეცდომით" ახსნა.

ნაციონალური მოძრაობა ასევე აცხადებდა, რომ არჩევნებზე ხელისუფლებამ „კარუსელების" ტექნოლოგიას მიმართა, ხოლო საუბნო კომისიები მრავალ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ბიულეტენებს შეგნებულად აფუჭებდნენ და ბათილად ცნობდნენ.

დამკვირვებელთა კამერამ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას დედა – საუბნო კომისიის წევრი, დააფიქსირა, რომელიც ამომრჩევლებს მითითებას აძლევდა და მათ მიერ შემოხაზულ ბიულეტენებს ამოწმებდა. საოლქო კომისიამ ნორა თოდუას გაფრთხილება მისცა. დავით ნარმანიამ კი განაცხადა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და დედამისს მხოლოდ „დედობრივი მზრუნველობა" ამოძრავებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ წელს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კლებისა და მედიაგარემოს თვალსაზრისით შეინიშნება. თუმცა, ძალადობრივი ფონი გაუარესებულია.

როგორც 17 ივნისს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისიამ განაცხადა, შემაშფოთებელია ოპოზიციური პარტიების განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ კანდიდატებზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა კანდიდატურების მოხსნის მიზნით. ასევე იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციური ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისთვის ხელის შეშლას. „უფრო შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ინციდენტები და ხელისუფლების დაგვიანებული პასუხი აღნიშნულ ფაქტებზე", – აღნიშნულია IRI-ის განცხადებაში, რომელიც ხელისუფლებას ამგვარი ფაქტების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა ისინი მომავალ არჩევნებზე აღარ განმეორდეს.

„გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს", – ასე შეაფასეს ჩატარებული არჩევნები შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებმა ერთობლივ განცხადებაში. თუმცა, მათ შეშფოთება გამოთქვეს კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების გამო და მთავრობას მოუწოდეს, აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე ობიექტურად გამოიძიოს.

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, წინასაარჩევნო ზეწოლასთან და არჩევნებზე მანიპულაციებთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე გამარჯვების შედეგად, ქართული ოცნება ძალაუფლების კონსოლიდაციას მოახდენს. თუმცა, ამ არჩევნებმა მისი პოპულარობის მნიშვნელოვანი კლება დაადასტურა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხმები, რომელიც ქართულ ოცნებას აკლდება, არა ხელისუფლების „ტრადიციულ" მოწინააღმდეგეებთან, არამედ პოზიტიური პოლიტიკური პლატფორმის არმქონე მარგინალურ ძალებთან მიდის. „სიახლე" ამ არჩევნებზე ისიც გახდა, რომ, გაზრდილი ძალადობრივი ფონის პირობებში, მმართველი ძალის გარდა, მის სამართლიანობაში ამა თუ იმ დოზით ეჭვი ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა, რაც არც 2012 და არც 2013 წლების არჩევნებზე მომხდარა.

კომენტარები