დისკრიმინაცია

აარონ ჩარლზი მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე საუბრობს

თბილისში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქე აარონ ჩარლზი მის მიმართ განხორციელებულ რასისტულ დისკრიმინაციაზე საუბრობს. როგორც აარონ ჩარლზმა ტაბულას განუცხადა, გასულ კვირას ასეთი შემთხვევა 2-ჯერ მოხდა - ერთი სუპერმარკეტ Smart-ში, ხოლო მეორე - მაკდონალდსში.

აარონ ჩარლზის მეუღლე ნუცა ერისთავი Facebook-ზე წერს, რომ Smart-ის შემთხვევა 18 ივნისს მოხდა.

"შუა ასაკის ქართველმა, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ჯერ აარონს ზიზღიანი თვალებით შეხედა და შემდეგ კითხვით მომმართა, თუ რატომ ვიჯექი ასეთი ლამაზი გოგო ამისთანა მაიმუნთან!" - წერს ნუცა ერისთავი.

აარონ ჩარლზის თქმით, სუპერმარკეტის დაცვის მხრიდან არ იყო სათანადო რეაგირება.

"მე და ჩემი მეუღლე ვისხედით Smart-ში. მამაკაცი მოგვიახლოვდა, გვათვალიერებდა, უცნაურად გვიყურებდა. მეუღლე მივიდა და ზრდილობიანად ჰკითხა, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა. მას ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, დაიწყო ყვირილი და ლანძღვა. მას შევთავაზე, რომ თუ რამე პრობლემა არსებობდა, მოსულიყო, გვესაუბრა ამაზე და გადაგვეწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ ნათელია, რომ პრობლემა არ იყო. ჩემს ნათქვამს ნეგატიური რეაქცია მოჰყვა - დაიწყო ყვირილი და გინება. დაცვა იქ იყო, თუმცა, ბევრი არაფერი გაუკეთებია. ჩემი გამოცდილებით, როცა დაცვას ვხედავ, მათ ყოველთვის იციან, რა არის მათი როლი, როგორ გადაჭრან პრობლემები. ამ შემთხვევაში საკითხი იყო ძალიან ცუდი, მამაკაცი მე ცუდად მესაუბრებოდა, დაცვის თანამშრომელი კი იდგა ჩემ უკან, თითქოს მე ვყოფილიყავი დაცვა. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ დაცვის თანამშრომელი ყოფილიყო ჩემ წინ და სიტუაციის მოგვარება ეცადა, ან გაეყვანა ის შენობიდან. ამის ნაცვლად, დაცვა უყურებდა, თუ როგორ მამცირებდა და მელაპარაკებოდა უხეშად. შემდეგ ეს მამაკაცი წავიდა და გააგრძელა საკვების მიღება. ანუ ის კარგად იყო, მე კი, როგორც მსხვერპლი, ვიყავი გაბრაზებული, არ ვიყავი ბედნიერი. ვიჯექი ჩემ ცოლთან ერთად და ვეკითხებოდი, რა მოხდა, რადგან დაბნეული ვიყავი, ვერ ვხდებოდი, რატომ მოვიდა ვიღაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე და უხეშად გველაპარაკა" - აცხადებს აარონ ჩარლზი.

ტაბულასთან საუბრისას სუპერმარკეტ Smart-ის მფლობელი კომპანიის, Wissol ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიამ Smart-ში მომხდარი ფაქტი შეისწავლა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლის ქცევა არ არღვევს უსაფრთხოებისა და მორალის ინსტრუქციას.

"როგორც კი შევიტყეთ ამ შემთხვევის შესახებ, ოპერატიულად შევისწავლეთ ყველაფერი, ვიდეოჩანაწერებიც ვნახეთ. სამწუხაროა, რომ არსებობენ საზოგადოების წევრები, რომლებსაც ასეთი პოზიცია აქვთ, რა შემთხვევაც დაფიქსირდა. Smart-ს უამრავი მომხმარებელი ჰყავს და ბუნებრივია, განსხვავებული შეხედულებების ადამიანებიც არიან მათ შორის. თუმცა, Smart-ის კორპორაციული კულტურა აბსოლუტურად ემიჯნება მსგავს დამოკიდებულებას. ჩვენ ძალიან დეტალურად შევისწავლეთ Smart-ის დაცვის თანაშრომლის ქცევა აღნიშნულ საკითხზე. ის უსაფრთხოებისა და მორალის ინსტრუქციის დაცვით მოქმედებს, მოუწოდებს იმ ადამიანს, თავი შეიკავოს და მისი დამოკიდებულება კეთილსინდისიერი იყოს სხვა მომხმარებლის მიმართ. ის სრულად აკონტროლებს უსაფრთხოებას და ემოციურადაც არ იზიარებს იმ მომხმარებლის დამოკიდებულებას", - აღნიშნავს კბილაშვილი.

რაც შეეხება მაკდონალდსის ინციდენტს, როგორც აარონ ჩარლზი ამბობს, აქ მამაკაცმა სცადა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა და შემთხვევის ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

"მაკდონალდსში ვიყავი ჩემს სტუდენტთან ერთად, რომელსაც ვასწავლი ცეკვას. ორი მამაკაცი მოგვიახლოვდა და მე ძალიან უხეშად მითხრეს, რომ ავმდგარიყავი სკამიდან. უარი ვუთხარი, ის კი იდგა და მიყურებდა. ჩემმა მეგობარმა სთხოვა, რომ ზრდილობიანად ეთქვა, რის შემდეგაც მან ზრდილობიანად მითხრა და გადავჯექი ჩემი მეგობრის გვერდით. შემდეგ კი მათ დაიწყეს ჩვენთან საუბარი - მეკითხებოდნენ, საიდან ვიყავი, რა მინდოდა ამ ქვეყანაში. ძალიან უხეში იყო ჩემი მეგობრის მიმართ. ამბობდა რაღაცას მის დედაზე და ა.შ. ვურჩიე, დამშვიდებულიყო. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაღიზიანდა. სიტუაციის განსამუხტად მე ავდექი და წასვლა დავაპირე. მამაკაციც წამოხტა, წამოვიდა ჩემკენ და ცდილობდა, თავი დაერტყა ჩემთვის. მე უკან გადავიწიე, ვუთხარი, დამშვიდებულიყო. შემდეგ ჩემმა მეგობარმა ხელი ჰკრა მამაკაცს, რათა დავეცავი. შემდეგ მოვიდა დაცვა და მაკდონალდსიდან გამომაგდო. ამის შემდეგ პოლიცია მოვიდა, ისინი კარგად იქცეოდნენ. თუმცა, ჩემთვის დისკრიმინაციული იყო ის, რომ მეკითხებოდნენ ჩემი კანის ფერზე, საიდან ჩამოვედი. მკითხეს, აფრიკიდან ხომ არ ვიყავი, რასაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ვარ სტუმარი, რაც არის ყველაზე კარგი სიტყვა ჩემს დასახასიათებლად" - აცხადებს აარონ ჩარლზი ტაბულასთან საუბრისას.

მარჯანიშვილის მაკდონალდსთან შაბათს პოლიციის გამოძახებას არ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ასეთი შეტყობინება საპატრულო პოლიციაში საერთოდ არ შემოსულა და შესაბამისად, რეაგირება არ ყოფილა. მსგავს ფაქტზე, უცხოელი მოქალაქის მიმართ შეტყობინება არ შემოსულა. მაკდონალდსიდან შეტყობინება არანაირ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში არ ყოფილა", - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

ტაბულა მომხდარი ინციდენტის შესახებ მაკდონალდსაც დაუკავშირდა. კომპანიაში მხოლოდ წერილობითი პასუხის გაცემაზე დაგვთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ მენეჯერებისგან, დაცვის პოლიციისგან და რესტორანში დამონტაჟებული კამერებიდან. მაკდონალდსში აღნიშნავენ, რომ კომპანია პასუხს არ აგებს საზოგადოებრივ ქცევით ნორმებზე.

"რესტორნის დაცვა მოქმედებდა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან გაიყვანა დაზარალებული პიროვნება კონფლიქტის ადგილიდან, აარიდა ობიექტს და გამოიძახა დაცვის პოლიცია, რის შემდეგაც ინციდენტის მართვას ახორციელებდა პოლიციის თანამშრომელი და არა მაკდონალდსის რესტორნის დაცვის სამსახური. მაკდონალდს საქართველო არის ინტერნაციონალური კომპანია და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მომხმარებელი. ის ყოველთვის სთავაზობს რესტორანში მისულ სტუმარს საერთაშორისო მომსახურებას და აღიარებულ მაღალ სტანდარტებს. სამწუხაროა, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა, მაგრამ ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს საზოგადოებრივ ქცევით ნორმებზე. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი დაცვის სამსახურის თანამშრომლის ქმედებას, ის სრულებით შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს, რადგან ოპერატიულად მოხდა დაზარალებულის ადგილიდან გაყვანა და პოლიციის გამოძახება", - აცხადებენ მაკდონალდსში.

ტაბულა ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა. ომბუდსმენის მოადგილის პაატა ბელთაძის განცხადებით, აარონ ჩარლზსა და მის მეუღლეს აპარატისთვის არ მიუმართავთ.

როგორც ბელთაძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის ოფისისთვის მხოლოდ ის ინფორმაციაა ცნობილი, რაც მედიით გავრცელდა.

"ჩვენთვის დამატებითი დეტალები უცნობია. არ მოუმართავს თავად იმ პირს, რომელიც თვლის, რომ გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. თუმცა, ჩვენი აპარატი დაინტერესებულია და მას შემდეგ, რაც თავად დაზარალებული გადაწყვეტს, რომ ამ ფაქტებს რეაგირება მიეცეს, ბუნებრივია, შევისწავლით მათ და გამოვიკვლევთ ყველა სავარაუდო ფაქტს, რათა დავრწმუნდეთ ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნულ შემთხვევას", - აცხადებს ბელთაძე.

რაც შეეხება ზოგადად რასობრივ დისკრიმინაციათან დაკავშირებით მიმართვიანობის სტატისტიკას, ბელთაძის თქმით, ის მინიმალურია.

"გასულ წელს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი არ დადასტურდა. პირს ჰქონდა იმის განცდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი მეუღლის განსხვავებული აღმსარებლობისა და კანის ფერის გამო, თუმცა, ეს არ დადასტურდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ერთი შემთხვევა იყო მარნეულთან დაკავშირებით, რომელიც შესწავლის პროცესშია. სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავოს საქმიანობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინოს ყველა მსგავსი ფაქტის იდენტიფიცირება და მათზე სათანადო რეაგირება", - აცხადებს ბელთაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის განმარტებით, თუ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს სისხლის სამართლის დანაშულია, ხოლო თუ იყო რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, ამაზე სახალხო დამცველმა უნდა მოახდინოს რეაგირება.

"თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას ან ჯანმრთელობის დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ეს არის დანაშაული და მიუხედავად იმისა, ვინ არის მსხვერპლი, დანაშული არის დანაშაული. თუმცა, თუ დანაშულის ჩადენა ხდება რასობრივი ნიშნით, მაშინ სისხლის სამართლის კანონმდებლობა ამას დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს და პასუხისმგებლობაც უფრო მაღალი იქნება. მე არ ვიცი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გამოყენება ამ შემთხვევაში რამდენად რელევანტური იქნება, იმიტომ, რომ თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, უნდა იქნეს გამოყენებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეხება იმას, რაც არ რეგულირდება სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით. თუ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ვერ დასტურდება, მერე შეიძლება საუბარი ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე. ამ საკითხს შესწავლა სჭირდება, შეიძლება, იყოს დარღვევა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე საუბარი. მსგავსი ფაქტები მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა. საქართველოს კანონმდებლობით, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია მიუღებელია და ყველა ადამიანი თანასწორია. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციული ჩანაწერი, ამას აქვს კონკრეტული შინაარსი და ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზებული უნდა იყოს. ის პირები, რომლებიც ამ მოთხოვნებს არღვევენ, პასუხისმგებაში უნდა იქნენ მიცემული და ამის ვალდებულება დანაშულის ჩადენის შემთხვევაში სამათალდამცავ ორგანოებს აქვთ, სხვა შემთხვევაში შეიძლება სახალხო დამცველმა მოახდინოს ამაზე რეაგირება, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გამოყენების სუბიექტმა", - აცხადებს კოჟორიძე.

კომენტარები