კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: ახლო აღმოსავლეთში საზღვრების შეცვლით, დიდი რისკია, სისხლი დაიღვაროს

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში "საზღვრების გადაკეთებას თუ დავიწყებთ, დიდია რისკი იმისა, რომ ბევრი სისხლი დაიღვაროს". ბილდტი საქართველოში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტაბულამ ბილდტს ახლო აღმოსავლეთზე ჰკითხა - "ახალი სახელმწიფოს შექმნის შესახებ შევიტყვეთ ახლახან სირიისა და ერაყის ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ამასობაში, ისრაელის პრემიერმინისტრი გამოვიდა წინადადებით შეიქმნას ახალი ქურთული სახელმწიფო. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ერაყის დანაწევრება მსოფლიო წესრიგზე?"

ბილდტის თქმით, "ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ქვეყნების დანაწევრებასთან დაკავშირებით. არასდროს ვიცით, რით დამთავრდება ეს. საზღვრების გადაკეთებას თუ დავიწყებთ, დიდია რისკი იმისა, რომ ბევრი სისხლი დაიღვაროს. ჩვენ უკვე ისედაც საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილში - ლევანტესა და მესოპოტამიაში. შეხედეთ ჩრდილოეთ აფრიკას, შეხედეთ ლიბიას, შეხედეთ რა ხდება საჰარის სამხრეთით, მთელ საჰარის რეგიონში. ჩვენ შვედებს, შვედეთის არმია გვყავს მასარიშარიფში, ავღანეთში, დისლოცირებული - საკმად შორს შვედეთიდან. მასარიშარიფში ისინი ასრულებენ თავიანთ მისიას და შემდეგში, შესაძლოა, მისი დისლოცირება ტიმბუკტუში მოგვიხდეს. ეს იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარებას, ვფიქრობ, ბატონი ნეთანიაჰუსთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა ეზრუნა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის მხარდაჭერაზე, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობაში".

კომენტარები