გიგი უგულავას საქმე

დღეს უწყებათაშორისი კომისია გიგი უგულავას საკითხს განიხილავს

იუსტიციის სამინისტრო

უწყებათაშორისი კომისია დღევანდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენების საკითხს განიხილავს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარება, საზღვარგარეთ მის დაგეგმილ გამგზავრებას უკავშირდებოდეს. 

"უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გვაქვს და განვიხილავთ ამ საკითხსაც. თუ გაირკვა, რომ ბატონ უგულავას სურდა ქვეყნის დატოვება, როგორც თავად აღნიშნა, არ გამოვრიცხავ, რომ ამის საპასუხო რეაქცია იყო მისი დაბარება საგამოძიებო სტრუქტურაში. მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, პრივილეგია, ეს არის საშუალება იმისა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივისტს მიეცეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. თუ უგულავა მიბრძანდებოდა საზღვარგარეთ, არა მგონია, რომ იქ საარჩევნო კამპანიის გამართვას გეგმავდა. მაგრამ ეს საკითხი განსახილველია და ვიმსჯელებთ, - განაცხადა წულუკიანმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაში ადანაშაულებს. ქართული ოცნების პრესპიკერის განცხადებით კი, მორატორიუმი მხოლოდ დაკავებებსა და სასამართლო პროცესებზე ვრცელდებოდა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფომაცია, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს გაუფრთხილებლად აპირებდა. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ვალდებული არ იყო, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის და სასამართლოსთვის მიეწოდებინა, რადგან მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული". თუმცა, როგორც ადვოკატმა ტაბულას უთხრა, ამის მიუხედავად,  გიგი უგულავა უცხოეთში გამგზავრების წინ სამართალდამცველებსა და სასამართლოს ინფორმაციას თავისი ნებით აწვდიდა და ახლაც მიაწოდა. 

კომენტარები