ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

რა დგას „ღარიბაშვილის არითმეტიკის” უკან

ზურაბ ჭიაბერაშვილი
0 კომენტარი

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომდევნო დღეები საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმწეო მცდელობითაა დაღდასმული. პრემიერს სურს, დაგვანახოს, რომ არჩევნებში დაბალი აქტივობა, კოალიცია ქართული ოცნებით განხიბვლა და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნება რეალობა კი არა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდაა.

რამდენიმე ფაქტი:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 175 000 ამომრჩევლით ნაკლებმა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში.
  • კოალიცია ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში მიიღო 293 153 ხმით ნაკლები, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში მაშინ, როდესაც, ვიმეორებ, არჩევნებზე სულ 175 000 კაცით ნაკლები მივიდა.
  • თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა მიიღო 152 004 ხმა ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2013 წელს თბილისში (289 049 ხმა).
  • ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – წინასაარჩევნო პერიოდში მისი ლიდერების, კანდიდატების, მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ღია და დეტალურად დოკუმენტირებული დევნის, დაპატიმრების, საჯარო ფიზიკური ძალადობის, ანგარიშსწორების და არჩევნების დღეს კარგად აღნუსხული გაყალბების მიუხედავად – პოზიციები გაიმყარა ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი თბილისში.

რიცხვები, განსაკუთრებით კი ქვეყნის 19 ქალაქსა და რაიონში გასამართი არჩევნების მეორე ტური ნამდვილად არ მეტყველებს კოალიცია ქართული ოცნების სასარგებლოდ. მაშ, სად უნდა ვეძებოთ „ღარიბაშვილის არითმეტიკის" გასაღები?
ვიდრე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებოდეთ, გავიხსენოთ, რომ „ახალ არითმეტიკას" უკვე კარგა ხანია ვადევნებთ თვალს ორ უმნიშვნელოვანეს სფეროში: ესაა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები და დანაშაულის სტატისტიკა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის ხელისუფლებისგან დანაშაულის სტატისტიკის დამახინჯების მანკიერი პრაქტიკა მიიღო მემკვიდრეობად, რაც პირდაპირ კავშირში იყო კორუფციასთან. შევარდნაძის პერიოდში, ჩინოსანი პოლიციელისა თუ პროკურორის მიერ დანაშულის დაფარვის სანაცვლოდ ქრთამის აღება ხშირად ხდებოდა და დანაშაული საერთოდ არსად ფიქსირდებოდა. ხელისუფლების ინტერესი დანაშაულის დაბალი მაჩვენებლების ჩვენება იყო, მექრთამე პოლიციელებისა და პროკურორებისა კი – ქრთამის აღება. თანაც აღებული ქრთამის მოზრდილი ნაწილი ისევ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მიდიოდა.

ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, სწორედ ეს აღადგინა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის ფონზე, მან ქვედა რგოლებს არაფორმალური დავალება მისცა – „ეცადეთ, დანაშაული არ აღრიცხოთ" – და ვერც კი მიხვდა, როგორ გააჩინა კორუფციის შესაძლებლობა: ჩინოსანი პოლიციელი და პროკურორი თუ არ აღრიცხავს დანაშაულს, მაგრამ დამნაშავეს მაინც დაიჭერს, რატომ გაუშვებს „უფასოდ"?

„ღარიბაშვილის არითმეტიკის" პრობლემაც სწორედ ესაა: მთავარია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას უპასუხოს, მთავარია, პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში იყელყელაოს, ხოლო რეალობა როგორი იქნება, რეალურად დანაშაული მოიმატებს თუ არა, ეს მისთვის მეათეხარისხოვანია. აკი საჯაროდ განაცხადა მისმა „მენცარმა": „დანაშაულის ზრდას გაგებით უნდა მოვეკიდოთ".

საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, აქაც იმავე მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუმცა პოლიტიკური ცინიზმის უფრო მეტი დოზით. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, 2014 წლის აპრილის თვეში დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი კაზინოებსა და სათამაშო ბიზნესში შემცირებულმა ბრუნვამ გამოიწვია.

მიაქციეთ ყურადღება, რაზეა გათვლილი ნოდარის მცდელობა. მას სურს, მისი განცხადება ასე წავიკითხოთ: „მართალია, ეკონომიკური ზრდა დაბალია, მაგრამ, სამაგიეროდ, ხალხი კაზინოებში აღარ დადის. „ბატონიბიძინას" მმართველობის დროს შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ მთავარია, რომ „ზნეობის" სადარაჯოზე ვდგავართ".

სწორედ ესაა „ღარიბაშვილის არითმეტიკის", მათ შორის, არჩევნების შედეგებით ჟონგლიორობის, გასაღები: ივანიშვილს, ღარიბაშვილს, ხადურს და მისთანებს ჰგონიათ, რომ რაკი ტყუილი ერთხელ გაუვიდათ, მუდმივად გაუვათ.
ბევრ ადამიანს აინტერესებს, მართლა სჯეროდათ თუ არა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს და მის გარემოცვას, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს საწვავის ლარით გაიაფებას, ელექტროენერგიის ფასის 5 თეთრამდე, ხოლო გაზის ფასის 25 თეთრამდე დაწევას, ანდა პენსიის 220 ლარამდე გაზრდას ჰპირდებოდნენ.

ვფიქრობ, რომ კი: მათ მართლა სჯეროდათ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებული ოპოზიცია პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ იმგვარი სიძულვილით იყო გამსჭვალული, რომ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც მისი მთავრობა ამბობდა, ტყუილი ეგონათ, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში 117-ე ადგილიდან მე-11 ადგილზე რეკორდულად მოკლე დროში ნახტომიც კი (რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს).
როდესაც პოლიტიკური ოპონენტის მიმართ კონსტრუქციულ კრიტიკას კი არ ეწევი, ფაქტებითა და რიცხვებით კი არ ხელმძღვანელობ (როგორც ამის მაგალითს დღეს ოპოზიციაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იძლევა), არამედ მხოლოდ ზიზღი და სიძულვილი გამოძრავებს, (ა) ქმნი ყალბ პარალელურ რეალობას, და მერე (ბ) თვითონაც იჯერებ ამ ყალბი პარალელური რეალობის სტერეოტიპებს.

მაგალითად, იჯერებ, რომ საწვავის ფასიდან ლარი სააკაშვილის და მისი გარემოცვის „ჯიბეში" მიდის; რომ მთავრობას არ უნდა პენსიის გაზრდა, თორემ ბიუჯეტში ამის რესურსი არის; რომ ელექტროენერგიის ფასის 5 თეთრამდე დაწევა შესაძლებელია. (აქ „არითმეტიკას" ვეხებით და სხვა თემებს არ ვახსენებთ, თორემ იგივე მექანიზმი მოქმედებს, როდესაც პოლიტიკოსი იჯერებს, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა კი არა, საქართველომ დაიწყო).

მთავარი მაინც ეს არ არის, რას ამბობს ან თავად რისი სჯერა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, ხადურს. მთავარი უფრო ისაა, რომ მათ ჰგონიათ – ამას საქართველოს მოქალაქეებს დააჯერებენ. ისინი ფიქრობენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „9 წელი" აჯერებდა ხალხს თავის „სიმართლეს", ჰოდა, ჩვენც დავაჯერებთ. მათ მიაჩნიათ, რომ ხალხი მთავრობის შესახებ რეალურად გაკეთებული საქმეებით კი არ მსჯელობს, არამედ იმით, რას ეუბნება მთავრობა.
„ღარიბაშვილის არითმეტიკის" მთავარი გასაღები სწორედ ესაა: საქართველოს ახალგაზრდა პრემიერს ჰგონია, რომ ხალხი „მასაა", რომელსაც ყველაფერს დააჯერებ.

ამით ღარიბაშვილი თავისი „ბატონიბიძინას" ჭეშმარიტი მემკვიდრეა. გაგახსენებთ მილიარდერი ივანიშვილის 2013 წლის 5 თებერვლის პრესკონფერენციას, რომელიც ნამდვილად იძლევა საბაბს, გავაკეთოთ დასკვნა, რომ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ საკუთარი განსაკუთრებული კონცეფცია აქვს და ეს კონცეფცია ერთი ფრაზით სწორედ ასე გამოითქმის: ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა. (იხ. ამ თემაზე ჩემი წერილის სრული ვერსია ბმულზე http://sapere8aude.wordpress.com/2013/02/14/ბიძინა-ივანიშვილი-ვაცად/)

5 თებერვლის პრესკონფერენციაზე მან მინიმუმ 2 ისეთ რამესთან შეგუებისკენ მოგვიწოდა, რაც ნამდვილად უნდა იყოს შეშფოთების საგანი. ჯერ მან გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ნათესაობა-ნაცნობობა არის და დარჩება საჯარო სამსახურში სამუშაოდ აყვანის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. მან ასევე გვითხრა, რომ ქართული მენტალიტეტის „სათანადო" დონეზე ცვლილების სავარაუდო ვადების გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზად 20 წელზე ადრე ვერ ვიქნებით.

2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები და ზემოთ მოყვანილი მკაცრი ფაქტები ნათელყოფს, რომ ივანიშვილის „20-წლიანი გეგმა" ღარიბაშვილის შესრულებით მკვდრადშობილი იდეაა. მეორე მხრივ, არა მგონია, „ღარიბაშვილის არითმეტიკა", როგორც პოლიტიკური ოპონენტის ხედვის, როგორც მართვის სტილის, როგორც ხალხთან საუბრის მეთოდოლოგია, შეიცვალოს.
ეს კი ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

ვხედავთ, რა დგას „ღარიბაშვილის არითმეტიკის" უკან.

ახლა მთავარია დავინახოთ, რა დგას მის წინ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები