ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას თეა წულუკიანი დაესწრება

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება. წულუკიანი ამ მიზნით წუხელ სტრასბურგში გაემგზავრა. მინისტრს გამგზავრებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე, რომელიც რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას უკავშირდება, განაჩენს 3 ივლისს გამოაცხადებს.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი 2007 წლის მარტში შეიტანა, 2006 წლის სექტემბრის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო.

2009 წლის ივნისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ დეპორტაციის თაობაზე წარდგენილი სარჩელი დასაშვებად ცნო, ხოლო 2011 წლის იანვარსა და თებერვალში, მოსამართლეებმა სტრასბურგში მოწმეთა ჩვენებები მოისმინეს. საქმის საჯარო მოსმენა 2012 წლის ივნისში გაიმართა.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი აქვს შეტანილი ევროპის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს საქმეც დაშვებულად ცნო და შემდგომი განხილვისთვის დიდ პალატას გადასცა. განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი.

კომენტარები