გიგი უგულავას საქმე

პროკურატურა უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა გიგა ძნელაძემ განუცხადა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძების გამოყენების და დამატებითი ვალდებულებების დაკისრების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო საფუძვლიანი, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს" - განაცხადა ძნელაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა. 

წინასასამართლო სხდომა 25 აგვისტოს, 11:00-ზე გაიმართება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

კომენტარები