გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მარტო იმიტომ წავალ კიშინიოვში, რომ თბილისში დავბრუნდე

Gigi Ugulava
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, თუ ბილეთის აღება მოახერხა, ხვალ ევროსაბჭოს რეგიონებისა და თვითმმართველობის კონგრესის მონიტორინგის სხდომას კიშინიოვში აუცილებლად დაესწრება.

"მარტო იმიტომ წავალ, რომ ჩამოვიდე. მე ბევრი ბრალი წამიყენეს და დღეს პირველად ვიყავი შეურაცხყოფილი, როცა ამ ხალხმა მომიწყო ცირკი, თითქოს გაქცევას ვაპირებდი. მარტო იმიტომ წავალ, რომ დავბრუნდე და იმ შარიკოვ-შოთაძეს და ხელისუფლებას მეტი სალაპარაკო არ ჰქონდეთ, რომ "აი, წავიდა და აღარ დაბრუნდა", - განაცხადა უგულავამ აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

"ივანიშვილს რუსეთში მეტსახელად მგუდავს ეძახდნენ, მგუდავის თვისებაა, ნელ-ნელა მოგუდოს თავისი მტერი. მთავრობა და პროკურატურა რასაც აკეთებს, არის ის, რომ ყულფში აქვთ მოჭერილი და ნელ-ნელა, ხან გირაოსა და პატიმრობის მოთხოვნით, ხან უცხოეთში გასვლის შეზღუდვით გიჭერს და უნდა, რომ მოგახრჩოს. სხდომაზე ყველამ ნახა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა, ჩემთვის ეს მეოთხე ბრალია, კიდევ სამ-ოთხს ალბათ დაამატებენ, მაშინ როცა ნარმანია ან მასზე უარესი ეყოლებათ ასარჩევი", - თქვა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა და დაბრუნებას აღარ გეგმავდა.

წინასასამართლო სხდომა 25 აგვისტოს, 11:00-ზე გაიმართება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

კომენტარები