სოფლის მეურნეობა

ილია II: უცხოელებზე მიწების გასხვისება დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს

ილია მეორე
mospat.ru

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქი განცხადებას ავრცელებს. ილია მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ. 

პატრიარქის განცხადებით, "დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია, თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს".

ილია მეორე აღნიშნავს, რომ უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება. მაგრამ პატრიარქის თქმით, პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს.

"მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის. მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს. მათ შორის, შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას.

პატრიარქი მიმართავს ხელისუფლებას, სწრაფად მიიღოს ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, "რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა". ილია მეორე ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ. ილია მეორე მიმართავს ბიზნესმენებს, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ. ასევე მიმართავს მიწათმოქმედებს, "მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მათ და შვილებს შეუნახონ ეს ქონება". 

"მიწაზე მომუშავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა სჭირდება. სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ, ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, აგრეთვე, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს. საერთოდაც, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ, განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ, არაკონსტიტუციურად ცნო. 

2013 წლის 28 ივნისის კანონით ცვლილებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებული იყო რიგი ფიზიკური პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა მიმართა. სარჩელის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) იურისტთა გუნდი. პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და სასამართლომ ნორმა ძალადაკარგულად ცნო.  

კომენტარები