საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

საქართველომ რუსეთს ევროსასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის − საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

"რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ. მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა“, − განაცხადა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2011 წლის იანვარ-თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ მოწმეები, რომლის დროსაც მხარეებმა 10-10 მოწმე წარმოადგინეს. ბოლო საჯარო სხდომა სასამართლომ 2012 წლის 13 ივნისს გამართა და ამის შემდეგ პროცედურა დაიხურა.

საქართველოს საჩივარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების მუხლებს, რომელიც გულისხმობს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვას, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, საკუთრების დაცვას, უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვას. საქართველო ითხოვდა ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.

კომენტარები