საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

წულუკიანი: კომპენსაციის ოდენობაზე რუსულ მხარესთან ერთად ვიმსჯელებთ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "სამართლებრივად ჩვენთვის მომავალი დავებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შემცველი გადაწყვეტილება მიიღო, რაც არის იმ ეთნიკურად ქართველების გამარჯვება, რომლებიც 2006 წელს გახდნენ რუსეთში მოცემული დარღვევების მსხვერპლი". 

თეა წულუკიანის თქმით, რუსეთს გაუჩნდა დღეიდანვე ვალდებულება, რომ საქართველოს გადაუხადოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო კომპენსაცია.

"კომპენსაციის ოდენობის გარშემო უნდა შედგეს იუსტიციის ორ სამინისტროს შორის მოლაპარაკებები, რისთვისაც ევროპელმა მოსამართლემ მოგვცა 12-თვიანი ვადა" - დასძინა მინისტრმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლის ლევან მესხორაძის შეფასებით, ყველაზე მნიშვნლოვანი კომპონენტი, რაც განაცხადა ევროსასამართლოს პრეზიდენტმა იყო ის, "რომ ეს დარღვევები იყო არა იზოლირებული, არა კონკრეტული ინდივიდების გადაცდომის შედეგი, არამედ, ის იყო რუსეთის კარგად დაგეგმილი და განხორციელებული, უმაღლეს დონეზე აყვანილი დევნის შედეგი. ევროპულმა სასამართლომ ამით რუსეთს დააკისრა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა".

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის − საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები